წლის ბოლო სპარინგი და ბევრი სამუშაო, რომელიც ზუსტად 1 თვეში უნდა მოგვარდეს
წლის ბოლო სპარინგი და ბევრი სამუშაო, რომელიც ზუსტად 1 თვეში უნდა მოგვარდეს
22.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2021 წლის ბოლო შეხვედრები, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 21 და 22 დეკემბერს, ყირგიზეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, ერთი შეხვედრა წააგო 1-2, მეორე სპარინგში კი, ფრედ, 2-2 ითამაშა. 

„კარგი იყო ეს ოთხი თამაში, რაც შეიძლება დადებითი ავიღეთ. თამაშებს, ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც. თუმცა, მთლიანობაში, ევროპის ჩემპიონატის წინ ასეთი ტესტ-მატჩები კარგია. იყო სერბეთი, დღევანდელი სპარინგის გარდა, რომელიც ძალიან ძლიერი ნაკრებია. ამ თამაშებში, ძალიან მინდოდა გამოჩენილიყო ჩვენი მინუსის და პლუსის მხარეები", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


სერბეთთან გამართული მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად, ქართველები დომინირებდნენ, თუმცა, ორივე შეხვედრაში, საკმაოდ ბევრი არარეალიზებული მომენტის გამო, ჩვენებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ დაპირისპირებაში, გოლი, რონინიოსა და ვილიანის კომბინაციის შემდეგ, ირაკლი თოდუამ, შეხვედრის მე-4 წუთზე გაიტანა, ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თამაშდან, მხოლოდ გაცუდებული მომენტები გახსენდება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამ სპარინგში, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს, აქცენტები ახალ ფეხბურთელებზე ჰქონდათ გადატანილი. სხვათა შორის, ყირგიზეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტანტი გვყავდა. ამ დღეს, ვილიან ლორენსუს დებიუტი შედგა. მოთამაშე საკლუბო დონეზე რუსული "გაზპრომ იუგრას" ღირსებას იცავს.


რაც შეეხება, საქართველოსა და ყირგიზეთის ნაკრებების მეორე დაპირისპირებას, აქ, ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე შოთა თოფურიას კუთხურის შემდეგ, არჩილ სებისკვერაძემ გახსნა ანგარიში. თუმცა, ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა, ქართველთა ავტოგოლით, გათანაბრება მოახერხეს. მეორე ნახევარში კი, დაწინაურებაც შესძლეს. მატჩის გადასარჩენად, ავთანდილ ასათიანის გუნდმა, მეტოქეს ხუთი მოთამაშით შეუტია, რა დროსაც, სტუმრებმა ცარიელ კარში გაგვიტანეს გოლი.  31-ე წუთზე კი, ნიკოლოზ კურტანიძემ, მოახერხა გოლის გატანა და შეხვედრაც ფრედ, დასრულდა.


„ამ შეკრებაზე გამოძახებული გვყავდა ძალიან დიდი შემადგენლობა. ძალიან რთულია, 6 დღეში 4 თამაში. ამიტომ, ვეცადე მაქსიმალურად გადამენაწილებინა და ყველა მოთამაშე გვენახა საქმეში. ასე, რომ ამ მხრივაც კარგად ვიმუშავეთ, ვისი ნახვაც გვაინტერესებდა, ყველას დავაკვირდით. კარგია და მახარებს, რომ გუნდში არის კონკურენცია. ისიც, კარგია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ძალაინ ბევრი მომენტი გვგქონდა, რომელიც სამ თამაშს ეყოფოდა, მაგრამ უარყოფითი მხარეა ის, რომ მომენტების რეალიზება იყო მიზერული. ასე, რომ ფაქტია, სამუშაო გვაქვს ბევრი. მოგეხსენებათ, იანვარში კიდევ გვაქვს სპარინგი, რომლის დროსაც უკვე ბოლო, დაკომპლექტებული გუნდით ვიასპარეზებთ. ვფიქრობ, რომ იანვარში ვიქნებით სათამაშო ფორმის პიკში", - ამბობს  ავთანდილ ასათიანი.


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადების პროცესში, კიდევ, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 15-16 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდი ტაჯიკეთს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდებში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. გახსნით მატჩში კი, 22 იანვარს, აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.



სფფ-ს ფოტო