
სასატუმრო ჰუალინგში დღეს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კოვიდით გადავადებული და 2021 წელს ანაზღაურებული, საკმაოდ ნაყოფიერი ოლიმპიური წელი შეაჯამა. პროტოკოლით გათვალისწინებული ვიზუალი და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისგან გზის დალოცვა ზამთრის თამაშების მონაწილეებისთვის. თხოვნა, ხელისუფლებასთან ბათუმში, ახალი სროლის დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით და პირობობა ქართველ გულშემატკივართან, რომ რაც გვინახავს, მომავალში იმაზე უკეთესს ვნახავთ. ეს მოკლედ, დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრიდან, რომლის დროსაც საახალწლო განწყობაზე ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი ზრუნავდნენ.
![]() |
![]() |
ვიდრე ჩამოვთვლით, თუ ვინ გახდნენ, სეოკ-ის ვერსიით, 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოები, მოვლენებს გადავასწრებთ და გეტყვით, რომ მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის სკულპტურა, ,,ოლიმპიური ალი", ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა ძიუდოისტი ლაშა ბექაურმა და ძალოსანი ლაშა ტალახაძემ მიიღეს.
სხვა ნომინაციებში კი გამარჯვებულებად გამოცხადნენ:
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო).
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი-ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო).
2021 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი-ლალი დოლიძე-ჯანტეზი (მხატვრული ტანვარჯიში).
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფედერაცია - საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.
2021 წლის აღმოჩენა, ,,ოლიმპიური იმედი"- ლერი აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
2021 წლის აღმოჩენა ,,,ოლიმპიური იმედი" - მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე).
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობებში - მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა).
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობაში-გიორგი მაგრაქველიძე (წყალბურთი).
საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია.

2021 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის- სეოკ-ის გენერალური სპონსორი ს/ს ,,საქართველოს ბანკი."
ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდაჭერისთვის-საქართველოს პირველი არხი, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია
ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.
ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სს,, საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს.
ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა კომპანია ,, ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორობისთვის - კომპანიას "თელიანი ველი"

სეოკ-ის გენერალური სპონსორის ,,საქართველოს ბანკის" გადაწყვეტილებით, ტოკიო 2020-ის ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური ხელფასი დაენიშნათ, ხოლო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორების პირად მწვრთნელებს, ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემენ.
მანამდე კი, ამავე დარბაზში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა. სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ 2021 წელი იყო ურთულესი, რადგანაც გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სპორტული ცხოვრება. საბედნიეროდ, მიუხედავად პრობლემებისა და უპრეცედენტო გამოწვევებისა, ოლიმპიური თამაშები შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალსაუკუნოვანი ოლიმპიური ისტორია გრძელდება.

შეგახსნეებთ, რომ ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წარმატებული გამოდგა ჩვენი სპორტსმენებისთვის. 35-მა ლიცენზიატმა (მონაწილეობა საბოლოოდ 33 ათლეტმა მიიღო), სპორტის 11 სახეობაში იასპარეზეს და 2 ოქროს, 5 ვერცხლის,1 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს საქართველოში, რაც ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ისტორიაში, ახალი რეკორდია. ამას გარდა, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა სარეთო გუნდურ ჩათვლაში კი, 33-ე ადგილი დაიკავეს.
დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სესიის დროს, სეოკ-ის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ 2021 წლის იუბილარი სპორტული მოღვაწეები და ვეტერანი სპორტსმენები - ნონა გაფრინდაშვილი, არჩილ გოგელია, ჯემალ ძაგანია, ომარ გოგიაშვილი, გურამ საღარაძე, ნოდარ ხოხაშვილი, და ედიშერ მაჩაიძე.

მაშ ასე, ოლიმპიელებმა წელი შეაჯამეს, თუმცა, უკვე ახალი საანგარიშო წლის მოლოდინში არიან. პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ახლოსაა, თუმცა პეკინის ზამთრის თამაშები კიდევ უფრო ახლოს. 2022 წლის ზამთრის თამაშებზე, ქართული გუნდი საინტერესო შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. თუმცა, ამაზე ცალკე...
სეოკ-ის ფოტოები





ჩვენ










