ხვიჩა კვარაცხელია და ნინო სუთიძე, 2021 წლის საუკეთესოები არიან!
ხვიჩა კვარაცხელია და ნინო სუთიძე, 2021 წლის საუკეთესოები არიან!
29.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტრადიციულად, წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც შეაჯამა. ისევე, როგორც ეროვნული ლიგის საუკეთესოთა გამოვლენისას, ამჯერადაც, წლის რჩეულების გამოცხადება, ონლაინ რეჟიმში დილის 12:00 საათიდან დაიწყო.


2021 წლის საუკეთესოთა შესარჩევად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით კი, საუკეთესოებს ხმა  სპორტული მედიის წარმომადგენლებიც მისცეს.


თავდაპირველად,  2021 წლის საუკეთესოები ალექსანდრე ჩივაძის სახელობითი მედლებით დაჯილდოვდნენ. მოგეხსნებათ, ეს ჯილდო ორ ასაკობრივ კატეგორიაში გადაეცემათ ნიჭიერ ფეხბურთელებს. სხვათა შორის, ამ ჯილდოს ერთ-ერთი პირველი მფლობელი წლების წინ, ხვიჩა კვარაცხელია გახდა. დღეს კი, მოვლენებს წინ გადავუსწრებ და გეტყვით, რომ „კვარა" 2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს.


რთულია ვარაუდი, რამდენად გაიმეორებენ „კვარას" შედგეს, ალექსანდრე ჩივაძის ნომინაციის დღევანდელი გამარჯვებულები. დღეს კი, 2021 წლის სამეულები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:


U17    ოქრო - გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი) / ვერცხლი - გიორგი ტაბატაძე (საბურთალო) /   ბრინჯაო - სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი)

U19    ოქრო - საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი) / ვერცხლი - ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო) / ბრინჯაო - ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი)




2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი,  ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი) გახდა. ასათიანის გარდა, ნომინაციაზე წარდგენილები ლევან კობაიძე (კსუ) და დავით ბობოხიძე (თსუ) იყვნენ. საკლუბო კარიერის გარდა, ასათიანის აქტივში, ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებაც არის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები, 2022 წლის 22 იანვრიდან, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იწყებს ასპარეზობას.


2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშე კი,  გიორგი ღავთაძე (კსუ) გახდა. ნომინანტთა შორის,  ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი) და შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი) იყვნენ.



ფუტსალის თემას, ალბათ ისევე, როგორც ქალთა ფეხბურთს, ჩვენ სხვა სტატიებშიც დავუბრუნდებით, თუმცა, აქ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, კონკრეტულად ამ დაჯილდოების დროს გამორჩეულები. მაშ ასე,  2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი) გახდა. ამ წელს, ქალთა საფეხბურთო კლუბების მწვრთნელთა შორის ყველაზე ემოციურიც სწორედ ის იყო. განსაკუთრებით თუ მინდორზე მისი მეთაურობით, ეროვნული ნაკრები თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ ჩხაიძე, ქალთა ეროვნულ ნაკრებსაც ედგა სათავეში. მომდევნო სეზონიდან კი, ჩხაიძის „ლანჩხუთს" ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე უწევს ასპარეზობა.  2021 წლის ნომინანტები კი, ჩხაიძესთან ერთად, გიორგი მანწკავა (კვარტალი), ზურაბ ლატარია (კოლხეთი ხობი) იყვნენ.


2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი  გახდა ხატია ჭყონია (ლანჩხუთი). აღსანიშნავია, რომ ჭყონიამ, მიმდინარე სეზონში 21 გოლი გაიტანა. იმდენივე, რამდენიც „ნიკეს" თავდამსხმელმა ლელა ჭიჭინაძემ. შესაბამისად, 2021 წლის ქალთა ლიგის ბომბარდირები სწორედ, ხატია და ლელა გახდნენ. ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში კი, ჭყონიას კონკურენციას მისივე თანაგუნდელი თეონა ბაქრაძე და „გორი იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ეთერ სულაშვილი უწევდნენ.



2021 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი  გიორგი ყრუაშვილი გახდა. მიმდინარე წელს, ყრუაშვილი, ფიფა-ს გადაწყვეტილებით სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და პირველი კატეგორიის მსაჯებს შეუერთდა. შესაბამისად, ის გახდა ფიფა-ს კლასიფიკაციაში ამ რანგში დაწინაურებული პირველი ქართველი მსაჯი. აქვე, შგეახსენებთ, რომ 2021 წელს გიორგი ყრუაშვილმა ქართველ მსაჯებთან ერთად, 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.




2021 წლის სეზონის საუკეთესო გოლი გულშემატკივარმა გამოავლინა. უკვე განვლილი სეზონის საუკეთესო გოლებს შორის ერთი, 19-წლამდე ქალთა ნაკრების ლიზი მწყერაშვილის სტანდარტულიდან გატანილი გოლიც იყო. თუმცა, ამ ჯერზე, ყველას გიორგი გოჩოლეიშვილის გოლმა აჯობა.


2021 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება, მიმდინარე წლის ელიგის შედეგების შეჯამების და აღიარების შემდეგ, კვლავ ირაკლი აზაროვს ერგო.



2021 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშედ ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) დაასახელეს. ამ ნომინაციაში, ეროვნული ნაკრების გამოცდილ მეკარეს კონკურენციას, არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი) და ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი) უწევდნენ. გამოკითხვის შედეგად, შოთა თოფურიამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს.




და ბოლოს, 2021 წლის  სეზონის საუკეთესო ქალი და მამაკაცი ფეხბურთელებიც გამოავლინეს. სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. კვარაცხელიას ამ ნომინაციაში, ქართული ფეხბურთის მოქმედი ლეგენდები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი) და გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი) ეცილებოდნენ.


აი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კი, გამოცდილი მცველი, ეროვნული ნაკრებისა და „კვარტალის" ფეხბურთელი  ნინო სუთიძე გახდა. ამ ტიტულის მოსაპოვებლად „სუთოს" ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელი ხატია ჭყონია და სანაკრებო და საკლუბო მეოგბარი ნინო პასიკაშვილი ეცილებოდნენ.