
როდესაც, დასავლეთ საქართველოში ახალი წლიდან კალანდობამდე მარათონია... როდესაც, კალენდრის პირველი ფურცლიდან, ტრადიციულ გურულ დღესასწაულამდე, უგემრიელეს საშობაო ღვეზელს წელზე შემოიტარებენ და შემდეგ, დააგემოვნებენ, მშვიდობის სადღეგრძელოს შესვამენ, აუცილებლად იმ გოგოებზეც იტყვიან, 2021 წელს, საქართველოს ჩემპიონობა, რომ დაიბრუნეს და წინ, ევროპისა და „მთელი დუნიის" „გადასარევად" ემზადებიან. ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა", გახსოვთ, პირველი საერთაშორისო სენსაცია, 2020 წელს, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისას მოახდინა. რა იქნება 2022-ში, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, ლანჩხუთელთა მთავარ მწვრთნელთან, გიორგი ჩხაიძესთან ერთად, უკვე განვლილი წელი მინდა შევაფასო.
„პირველ რიგში, მადლობა, იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს არჩევანი გააკეთეს და ვინც მე დამიჭირა მხარი. ჩემთვის, ეს, ძალიან დიდი სიხარული და პასუხიმგებლობაა. მეორე წელია საუკეთესოდ მასახელებენ იმ სფეროში, სადაც ვმუშაობ, ეს ჩემთვის ენით აუწერელი სიხარულია", - ამბობს გიორგი ჩხაიძე TSFF.Ge-სთან GFF Awards 2021-ის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ გამოკითხვაში, გიორგი ჩხაიძე, საქართველოს 2021 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მასთან ერთად, ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, გამოცდილმა ხატია ჭყონიამ მიიღო, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 21 გოლი გაიტანა და „ნიკეს" ფეხბურთელ, ლელა ჭიჭინაძესთან ერთად, გათამაშების ბომბარდირობაც გაიყო.
„GFF Awards-ზე კიდევ ერთი აღიარება, პირველ რიგში სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებს. ეს პრიზი, ჩემთვის, კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემია და ნიშნავს, რომ არ უნდა მოვდუნდე. „ლანჩხუთთან" ერთად, ბევრი გეგმები გვაქვს. გუნდმა, გასულ სეზონში, მოახერხა ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა - ეს, ისევ ღირსეული შედეგის „დადებაზე" გვაფიქრებს", - გვეუბნება ხატია ჭყონია.

„ლანჩხუთი" ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშებაში ერთადერთი გუნდია (როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის), რომელსაც არც ერთი მატჩი არ წაუგია, არც რეგულარული ჩემპიონატის დროს და არც მედლებისთვის ბრძოლისას. ჩემპიონატისა და სათასო მატჩებში გურულებმა 93 გოლი გაიტანეს. სტატისტიკის მოყვარულებს, საქმეს გავუიოლებთ და გეტყვით, რომ ამ 93 გოლში, მხოლოდ ერთია ავტოგოლი. საკუთარ კარში კი, გურულებმა, მხოლოდ 15 გოლი მიიღეს. რეგულარული ჩემპიონატის მსვლელობისას ერთ ტურში, რომელიც თბილისში, უნდა გამართულიყო „ნიკესთან", მასპინძელი გუნდის მინდორზე გამოუცხადებლობის გამო, გურულებს ტექნიკური მოგება, 0-3 ჩაეთვალათ და მთელს სეზონში, მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშეს ფრედ. ქალთა ლიგის მატჩებში, ლანჩხუთელთაგან გოლები გაიტანეს: ხატია ჭყონიამ - 21, თეონა ბაქრაძემ - 20, თეონა თოდაძემ -14, ირინა ხაბურზანიამ - 10, მარიამ კალანდაძემ - 7, ქრისტინა ბაკარანძემ - 5, ნათია წოწერიამ - 4, ნინი ჩხარტიშვილმა - 3, ანა გობრონიძემ - 2, თითო გოლი კი მარიამ დანელიას, სალომი დიმოპულუს და სოფო ნარსიას ანგარიშზეა. რაც შეეხება სათასო შეხვედრებს, გურულებმა 3 გოლი (ბაკარანძე -1, ბაქრაძე - 2) გაიტანეს და გაშვებით კი, არც ერთი არ გაუშვეს.

„ჩვენი გუნდი, ჯერ ისვენებს. ბუნებრივია, სამომავლოდ იგეგმება გუნდის გაძლიერება. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ფებურთელმა „ლანჩხუთი" დატოვა და ამიტომ ახალი სისხლი და ახალი სახეები აუცილებლია, როგორც ქალთა ლიგის გათამაშებისას, ასევე ევროტურნირზე. ლიგის გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიცით, რომ იგივე შედეგის განმეორება რთული იქნება. თუმცა, მონდომებით, შრომითა და საფეხბურთო იღბალით ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ამბობს გიორგი ჩხაიძე.
ახალი სეზონიდან, „ლანჩხუთში" ოფიციალურად აღარ იქნება 4 ფეხბურთელი - ბაქრაძე, ჩხარტიშვილი, დანელია და ბაკარანძე. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ გუნდთან პარტნიორული თანამშრომლობა გაახანგრძლივა „ლიბერთი ბანკმა". ახალ, 1-წლიან ხელშეკრილებას, ხელი 2021 წლის დეკემბერში მოეწერა. კლუბს, ტრადიციულად დაეხმარება „ლანჩხუთის" მუნიციპალიტეტი. დამეთანხმეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟთა კლუბებისგან განსხვავებით, საქართველოში, სადაც ქალთა ფეხბურთი საკმაოდ მწირად ფინანსდება (ამის შესახებ, ჩვენს მომდევნო სტატიაში გიამბობთ სხვა კლუბის მაგალითზე), გურულების მიმართ ასეთი ყურადღება, სულ მცირე, სტიმულის მიმცემია. სხვათა შორის, „ლანჩხუთი" იმ გამონაკლის, ქალთა კლუბს წარმოადგენს საქართველოში, რომელსაც საშინაო თუ გასვლით თამაშებზე გულშემატკივარი დაჰყვება. ბუნებრივია, გუნდისთვის, ესეც დამატებითი სტიმულია.

ამ მცირე, საახალწლო სტატიის ბოლოს კი, გამომდინარე იქიდან, რომ GFF Awards 2021-ის გამარჯვებული გიორგი ჩხაიძე, ქალთა ეროვნული ნაკრების თავკაციცაა, ერთი კითხვა, ნაკრების თაობაზეც დავუსვით. შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნული, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ასპარეზობს და გათამაშების ამ ეტაპის დასასრულამდე, რამდენიმე მატჩი აქვს გასამართი. აპრილში, ჩვენი ნაკრები სახლში, შვედეთს მიიღებს, შემდეგ გასვლაზე ფინეთში ითამაშებს. ივნისში, საქართველოში, ირლანდიას ვუმასპინძლებთ. ბოლო შეხვედრას კი, კვლავ სახლში, 1 სექტემბერს, სლოვაკეთის წინააღმდეგ გავმართავთ. ნაკრებთან დაკავშირებით, ჩხაიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ 2022 წელს, ალბათ, უფრო თებერვალში, ამხანაგური მატჩის გამართვაზე მიდის მოლაპარაკება. ამ მომენტისთვის კი, ერთი რაც იცის, ისაა, რომ ამ წელს ის, ბევრ ახალ მოთამაშეს მისცემს შანსს სანაკრებო მაისური მოირგოს.
ჩვენი გვერდი, კიდევ ერთხელ ულოცავს, „ლანჩხუთს", გიორგისა და ხატიას წარმატებას და 2022 წელს, ახალ აღიარებებს უსურვებს.
ქსკ "ლანჩხუთისა" და სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








