ახალი წელი, ძველი გამოცდილებით და ახალი იმედებით
ახალი წელი, ძველი გამოცდილებით და ახალი იმედებით
02.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ახალ საანგარიშო წელს 2022 წლის იანვრის ბოლოს დაიწყებ. მხედველობაში გვაქვს, შეჯიბრებისა და ტურნირების ათვლა, რომელიც ამ ორგანიზაციის ეგიდით უნდა ჩატარდეს. დღეს, ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2022 წელი ისეთივე იქნება, როგორც წინა - იგივე ვირუსი, იგივე პანდემია, იგივე შიშით და დამოკიდებულებით. თუმცა, არ იქნება იგივე, რადგან, ახლა ვიცით, რის წინაშე ვართ, გვაქვს იარღი მასთან საბრძოლველად და რაც ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას გვაძლევსო, წერს ვებ-გვერდი და ახალ 2022 წელს ძიუდოს დიდი ოჯახს ბევრ ტურნირსა და სიახლეს პირდება.

საერთო ჯამში, 2022 წელს IJF-ის კალენდრით 2 გრან პრის (პორტუგალიასა და ხორვატიაში), 11 გრან სლემი (მათ შორის 25-27 მარტს თბილისში), ევროპის ორი ჩემპიონატი -აქედან ერთი კადეტთა შორის იგეგმება. ბუნებრივია, ამ შეჯიბრების გარდა ძიუდოს კიდევ სხვადასხვა შეჯიბრები ჩატარდება, მათ შორის ასაკობრივებიც. თუმცა, პირველი  ასპარეზობა პორტუგალიაში, 28-20 იანვარს გაიმართება. ამ მომენტისთვის, ოდიველაშის გრან პრიზე უკვე დარეგისტრირებულია 22 ქვეყნის 134 ძიუდოისტი. თუმცა, მათ შორის ჯერ არ არიან საქართველოს წარმომადგენლები. ბუნებრივია, ტურნირზე რეგისტრაცია გრძელდება. მანამდე კი, ძიუდოს მმართველი ორგანოს ვებ-გვერდი სეზ0ნის პირველ ტურნირზე ორი სპორტსმენის მონაწილეობას აანონსებს. ერთი, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი და -100კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონი ჟორჟ ფონსეკაა, რომელსაც წლის პირველ ტურნირზე, წონაში ახალი, თუმცა, კარგად ნაცნობი სახე, ნიკოლოზ შერაზადიშვილი ეყოლება კონკურენტად. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, წონითი კატეგორია შეიცვალა და ახლა, სწორედ, ამ წონით კატეგორიაში, ორი მსოფლიოს ჩემპიონი „დაეჯახება", რაც შესაძლოა, ტურნირის ყველაზე საინტერესო მომენტად იქცეს.






მოკლედ, მსოფლიო ახალი სეზონისთვის ემზადება, გამახვილებული ყურადღებით, კოვიდ სანიტარული ნორმების დაცვით, პირბადეებით, აცრებით და იმედით, რომ ასე, ერთობლივად, ამ წელს, შესაძლოა პანდემიაც კი, იპონით დამარცხდეს.


მანამდე კი, საქართველოს ძიუდოს 2021 წლის ნადავლს შეგახსენებთ, იმ იმედით, რომ ეს, მხოლოდ 2022 წლის პრელუდია იყო და უკეთესი, სწორედ 2022-ში გველის.

 


რეკორდები:

რეკორდული ოლიმპიურ თამაშები და მოპოვებული 4 მედალი. მათ შორის 1 ოქრო და 3 ვერცხლი.

რეკორდი მსოფლიოს ჩემპიონატზე, კვლავ 4 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

რეკორდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის - 4 ოქრო, 1 ბრინჯაო.

რეკორდი ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე შორის და მოგებული 8 მედალი: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

რეკორდი ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც - 11 მედალი: 5 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.



პირველად:

2021 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა გრან სლემი, აქამდე თბილისის ტრადიციული ტურნირი გრან პრის სახელით ტარდებოდა!

პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ხდება ევროპის ჩემპიონი შერეულ გუნდურ ასპარეზობაში.

პირველად ისტორიაში საქართველოს 23-წლამდე ნაკრები ხდება ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული.

ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე ხდებიან საერთაშორისო ფედერაციის რჩეულები. ლაშა შავდათუაშვილი გახდა გამარჯვებული ნოლმინაციაში „წლის მამაკაცი ძიუდოისტი". ილია სულამანიძე გახდა გამაჯვებული ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი". აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ნომინაციებში მხოლოდ ქართველი ძიუდოისტები იმარჯვებენ.

ლაშა შავდათუაშვილი ხდება პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მედალი სამ ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მოპოვებული. ამავდროულად, იგი ხდება პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ოქროს მედალი სამივე დიდ შეჯიბრებაზე (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი) აქვს მოპოვებული.




საუკეთესოები ქვეყანაში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი ხდება ლაშა ბექაური

საქართველოს წლის საუკეთესო მწვრთნელი ხდება ლაშა გუჯეჯიანი

საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენი ხდება ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს წლის საუკეთესო გუნდი ხდება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები.

2021 წლის ბოლოს ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში მამაკაცთა შორის საერთო რეიტინგის ლიდერი არის ტატო გრიგალაშვილი. ლაშა შავდათუაშვილი რეიტინგის ლიდერი თავის წონით კატეგორიაშია.




და ბოლოს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დაიწყო ახალი პროექტები, თუმცა, მათ შესახებ, მომავალში გიამბობთ. ახალი საანგარიშო წელი, მხოლოდ მეორე დღეა დაიწყო.


ფოტოები: (c) Sabau Gabriela & Di Feliciantonio Emanuele