ნინო სუთიძე საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მეორედ გახდა
ნინო სუთიძე საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მეორედ გახდა
04.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახლა, ქართულ საფეხბურთო სეზონში შესვენებაა. ვაჟთა გუნდებისგან განსხვავებით, რომლებიც ახალი სეზონისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგებიან, ქალთა საკლუბო ცხოვრება ოდნავ მოგვიანებით განახლდება. ქალთა პირველობა დროშიც უფრო შეზღუდულია და კალენდარული მატჩების რაოდენობითაც. თუმცა, ჩვენი გვერდისთვის ცნობილია, რომ თებერვალში ქალთა ეროვნული ნაკრები ამხანაგური სპარინგისთვის შეიკრიბება და ქალთა შორის, მსოფლიოს 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ფანჯრის დროს გასამართი მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას, მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა და არც მოვლენებს გადავასწრებთ. ახლა, 2021 წლის საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელს, ნინო სუთიძეს წარმოგიდგენთ.

„ეს პრიზი ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო. უკვე მეორედ მერგო პატივი, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დავესახელებინე მწვრთნელებს, მოთამაშეებს, სპორტულ ჟურნალისტებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ჩემს კლუბს „კვარტალს" და ყველა ჩემს გულშემატკივარს", - ამბობს ნინო სუთიძე.


ერთ-ერთმა გამოცდილმა ქართველმა ქალმა ფეხბურთელმა, პირველად ეს ჯილდო 2017 წელს მიიღო, როდესაც სტაბულის „ატაშეჰირ ბელედიესფორში" თამაშობდა. თუმცა, 2019 წლის სეზონიდან, სუთიძემ კარიერა საქართველოში გააგრძელა და თბილისი „ნიკესთან" ერთად, საქართველოს ჩემპიონიც გახდა. თუმცა, 2020 წლიდან უკვე ახალ კლუბში, თბილისი „კვარტალში" დაიწყო თამაში.




ალბათ, სტატისტიკის მოყვარულებისთვის ნინოს საფეხბურთო გზაც საინტერესო იქნება, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გვერდს მის შესახებ ბევრჯერ დაუწერია, კიდევ ერთხელ შეგახსნებთ, რომ ერთ-ერთმა გამოცდილმა ქართველმა მცველმა, საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი თურქეთში გაატარა. სწორედ, ერთ-ერთ თურქულ კლუბთან „ქონაქ ბელედიესფორთან" ერთად, ნინო სუთიძე, 2013 წელს, უკვე იყო თურქეთის ჩემპიონი და მონაწილეობდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. მისი გუნდი, 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა და გათამაშების 1/8 ფინალში იასპარეზა.

 


ბუნებრივია, სუთიძეს, მარტივად შეეძლო (ქალთა ფეხბურთში სატრანსფერო პოლიტიკა უფრო ლოიალურია) კარიერის უცხოეთში გაგრძელება, თუმცა, ფეხბურთელმა საქართველოში დარჩენა და თამაშის პარალელურად უეფა-ს სამწვრთნელო პროგრამების გავლა ამჯობინა. თამაშით კი, ახლაშექმნილ კლუბში, „კვარტალში" დაიწყო თამაში.


 „კოვიდით გამოწვეული შეზღუდვის შემდეგ, რის გამოც წინა სეზონი სრულფასოვნად ვერ ჩატარდა, 2021 წლის გათამაშების დაწყება და შემდეგ, ამ სახით დასრულება, სასიახარული იყო. ნამდვილი სიამოვნება იყო, განსაკუთრებით ასეთ დროს ფეხბურთის თამაში. დაძაბული სეზონი იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. გუნდი არის სრულიად სამოყვარულო და დაარსდა სულ რაღაც, ორი წლის წინ. ამასთან, რამდენიმე გამოცდილ მოთამაშეს თუ არ ჩავთვლით, გუნდში, ძირითადად, ქალთა ფეხბურთის მომავალი თაობა თამაშობს და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებაზეც გვექნება ამბიციები", - ამბობს სუთიძე.




სხვათა შორის, ნინო, იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნის, ვისაც საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. თუმცა, მამაკაცი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ამ მხრივ, ქალი ფეხბურთელები და მათ შორის სუთიძეც, უფრო მოკრძალებულნი არიან თავადაც და ჩემს კოლეგებსაც, დიდად არ ჰყავთ ყურადღებით განებივრებული. ამიტომ, თავს უფლებას მივცემ და გეტყვით, რომ „სუთი", თანაგუნდელ ნინო პასიკაშვილთან ერთად, უეფა-ს ერთ-ერთი პოპულარული პროექტის WE PLAY STRONG-ის ფარგლებში, კვირაში სამჯერ გოგონა ფეხბურთელებს ავარჯიშებს. არც ისაა, საიდუმლო, რომ სწორედ, ამ პროექტში აღმოჩენილი ბავშვების ბაზაზე ჩამოყალიბდა კლუბი „კვარტალიც", რომელმაც ქალთა ლიგაში, 2021 წლის სეზონში ვიცე-ჩემპიონი გახდა. სუთიძემ კი, კლუბთან ერთად, საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტული მოიგო.


„საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ. არ მაქვს ამის გაკეთების სურვილი, რადგან მიმაჩნია, რომ როგორც გუნდი, ასევე ნაკრები სწორი განვითარების გზაზე დგას და მინდა, საქმე ბოლომდე მივიყვანო. მომავალში რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა მომწონს ყველაფერი როგორც არის. გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - ამბობს ნინო სუთიძე.


ვიდრე, ნინო „ბევრის" გაკეთებას უფრო თამამად შეეჭიდება, მას საახალწლოდ, მილოცვის მიღება როგორც კლუბი „კვარტალის" ერთ-ერთ წარმომადგენელს, დედაქალაქის საკრებულოშიც მოუხდა. თუმცა, ფეხბურთელმა იცის, რომ ამ მილოცვების მიღმა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მათ შორის არა მხოლოდ საკლუბო, არამედ, სანაკრებო დონეზეც აკისრია.




„უკვე 15 წელია ვთამაშობ ეროვნული ნაკრების მაისურით, 100-მდე მატჩი მაქვს ჩატარებული და მინდა ვთქვა, რომ ყოველი მატჩის დაწყების წინ ისე ვარ გახარებული თითქოს პირველი იყოსო. სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ პატივს და პასუხისმგებლობას, რასაც ეროვნული ნაკრები ქვია. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ უკეთესი შედეგი გვქონოდა, მაგრამ ჯამში პროგრესი აშკარად შეიმჩნევა. მოგეხსენებათ, ახალი სამწვრთნელო გუნდი გვყავს, თამაშის პარალელურად, მეც ვარ ჩართული სამწვრთნელო პროცესში, ანალიტიკის განხრით. მოკლედ ბოლომდე ვიხარჯები და ამ სამუშაოთი, ძალიან ბედნიერი ვარ", - ამბობს ნინო.


ასეა თუ ისე, საანგარიშო წელი დასრულდა, არც თუ ურიგოდ კონკრეტული ფეხბურთელისთვის, ნინო სუთიძესთვის. წინ, ახალი წელი, ახალი სეზონი და ახალი ნაბიჯებია გადასდგმელი. ჩვენი გვერდი, ქალთა ფეხბურთის და მათ შორის „კვარტალის" თემას, აქვე ვაანონსებთ და გეტყვით, რომ კიდევ დავუბრუნდებით. ასე, რომ დარჩით ჩვენთან და უქომაგეთ ქალთა ფეხბურთს.