ორშაბათს გაირკვევა, ითამაშებს თუ არა ჯოკოვიჩი Australian Open -ზე
ორშაბათს გაირკვევა, ითამაშებს თუ არა ჯოკოვიჩი Australian Open -ზე
08.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ხმაურით დაწყებული ახალი 2022 წელი, ხმაურით გრძელდება. ცოტა ხნის წინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლის დროებითი ვიზა და შესაბამისად, უფლება დართეს. წყაროს ცნობით, ჯოკოვიჩის ადვოკატებმა წარადგინეს ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩოგბურთელმა კოვიდი, 2021 წლის 16 დეკემბერს გადაიტანა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჯოკოვიჩს, 2021 წლის 16 დეკემბერს კოვიდი დაუდასტურდა, 14 დღე იყო გასული. ამასთან, ავსტრალიაში შესვლამდე, 72 საათის მანძილზე, ჩოგბურთელს არ აღენიშნებოდა, კოვიდისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი.


ჯოკოვიჩის „ქეისს" დიდი გამოხმაურება, არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ, მთელს მსოფლიოში მოჰყვა. ნომერი პირველი ჩოგანის სახელმა, ახალი წლის დღეებში, ყველა საგაზეთო „ჰედლაინი" გადაფარა და ავსტრალიაში მიმდინარე ATPCup-ის ტურნირზე რეზონანსულიც კი გამოდგა.


შეგახსენებთ, რომ სერბი ჩოგბურთელი, რომელიც ავსტრალიაში, Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, ქვეყნის საზღვარზე არ შეუშვეს. ჯოკოვიჩი, ახლაც, საიმიგრაციო ცენტრში, მეთვალყურეობის ქვეშ, „პარკ ჰოტელში" იმყოფება და ორშაბათს ჩანიშნულ სასამართლო სხდომის მოლოდინშია. ამ ეტაპზე, ჩოგბურთელის ადვოკატი, ჯოკოვიჩის გადაყვანას, უკეთეს პირობებში ითხოვს, რამეთუ, სასტუმრო, სადაც ამჟამად სერბი ჩოგბურთელი, საიმიგრაციო სამსახურების მიერ სხვა დაკავებულ პირებთან ერთად იმყოფება, კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან, ადვოკატი ითხოვს, გარემოს, სადაც „დაკავების" პერიოდში, ნოვაკი ვარჯიშს და ავსტრალიის ღია პირველობისთვის მომზადებას მოახერხებს.




ავსტრალიის ფედერალური სამსახურების ცნობით და მოქმედ კანონებზე დაყრდნობით, პიროვნებებს, რომლებსაც არ აქვთ კოვიდ-ვაქცინაცია ჩატარებული (ორჯერადად), ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ჯოკოვიჩმა კი, მელბურნის აეროპორტში შესაბამისი საბუთების წარდგენა ვერ მოახერხა. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთელს, გამონაკლისის სახით, ვიქტორიას შტატის ხელისუფალთაგან შესაბამისი ნებართვა ჰქონდა.


ჯოკოვიჩი, აცხადებს, რომ კოვიდ ვაქცინაციის წინააღმდეგია, თუმცა, სამედიცინო დასკვნების საფუძველზე, მას, ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მაინც მისცეს. ჩოგბურთელისთვის, ქვეყანაში შესასვლელად, ცნობა ორ დამოუკიდებელ სამედიცინო დაწესებულებას აქვს გაცემული, რომლებიც აღნიშნულ შტატში, ავსტრალიის ღია პირველობას ატარებენ. აღნიშნულმა, ავსტრალიაში ვნებათაღელვა გამოიწვია.


საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩის კოვიდით დაინფიცირების შესახებ, ამ ინციდენტამდე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, თავად ჩოგბურთელმა 17 დეკემბერს, ანუ მაშ შემდეგ, რაც კოვიდი დაუდასტურდა, საკუთარ ტვიტერზე გაავრცელა ფოტოები, სადაც, სერბეთში, მისი სახელობითი საფოსტო მარკის წარდგენის ცერემონიაზე იმყოფება და ფოტო-სესიის დროს ნიღბის გარეშეა.




სხვათა შორის, ჯოკოვიჩთან ერთად, იმავე სასტუმროში და იმავე მიზეზით, Australian Open-ზე მონაწილეობის მისაღებად ჩასული კიდევ ერთი ჩოგბურთელი, ჩეხი რენატა ვორაცოვაც იმყოფება. ჩეხი ჩოგბურთელი, რომელსაც კოვიდი შობის დღესასწაულებამდე დაუდასტურდა (ლაპარაკია 25 დეკემბერზე) აცხადებს, რომ მას უხეშად არ მოქცევიან, მაგრამ მზად არ იყო ასეთ გარემოში მოსახვედრად და პირველობისთვის მოსამზადებლად. ამ მიზეზით, მან თავად გააუქმა ვიზა და ტურნირში მონაწილეობას აღარ გეგმავს, იმისდა მიუხედავად, რომ ტესტებმა აჩვენა რენატას კოვიდი-უარყოფითობა.


ნოვაკ ჯოკოვიჩს, ბოლოჯერ „დატვიტული" 2022 წლის 4 იანვარს აქვს. ავსტრალიის ღია პირველობა კი, 17 იანვარს აიღებს სტარტს.




ფოტო: @DjokerNole

სტატია მომზადებულია BBC.com-ის მასალების გამოყენებით