
21 გატანილი გოლით, საქართველოს ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშებაში, ბომბარდირობა ორმა ფეხბურთელმა გაიყო. ერთი, ხატია ჭყონია, გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა „ლანჩხუთთან" ერად და GFF Awards-ის მიხედვით, ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. ქალთა ლიგის კიდევ ერთი გოლეადორი, რომლის შესახებაც, უფრო მოკრძალებული ინფორმაცია გავრცელდა, თბილისის „ნიკესა" და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების გამოცდილი თავდამსხმელი ლელა ჭიჭინაძე გახდა.
„აბა, რა ვთქვა? არც ისე კარგი წელი იყო. მეოთხე ადგილზე გავედით და ბუნებრივია, რომ ამ შედეგს, დადებითად ვერ შევაფასებ, წინა სეზონისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენ, საქართველოს ჩემპიონები გავხდით. ახალ, 2022 წლის სეზონთან დაკავშირებით, ერთი ვიცი, რომ ამ ეტაპზე სხვა გუნდიდან შემოთავაზება არ მაქვს, ასე, რომ არც წასვლას ვგეგმავ უცხოეთში და სავარაუდოდ, მომდევნო სეზონზე, ჩემს გუნდთან, „ნიკესთან" ერთად, ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას შევეცდები", - ამბობს ლელა ჭიჭინაძე.

ალბათ, ვინც ქალთა ფეხბურთს ადევნებთ თვალს იცით, რომ ჭიჭინაძე, წლებია საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. ქართულ ჩემპიონატში ასპარეზობამდე კი, ისიც, როგორც ბევრი ქართველი ფეხბურთელი, თურქეთის სხვადასხვა ქალთა კლუბში ასპარეზობდა. თუმცა, საქართველოში ეროვნული რეგულარული ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, ორი წელი სწორედ, ქართულ ჩემპიონატში გაატარა.
2021 წლის გათამაშებაში ლელამ 21 გოლი გაიტანა. შესაბამისად, საშუალოდ, მას ყველა თამაშში (16 ტური რეგულარული ჩემპიონატის და 6 ფინალური ჯგუფის) გოლი გაჰქონდა, თუმცა, „ჭიჭისთვის" ყველაზე შედეგიანი 16 მაისს, თბილისში, ქუთაისის „მართვესთან" ჩატარებული მატჩია, სადაც ლელას ანგარიშზე „პოკერი" (ჩემპიონატის პირველად ამ წელს) დაფიქსირდა, მისმა „ნიკემ" კი, 10-1 მოიგო. სხვათა შორის, ჭიჭინაძეს, ქალთა თასის გათამაშებაზეც, რომელიც კორონა-ვირუსის გამო შეჩერდა, ორ შეხვედრაში 3 გატანილი გოლი ჰქონდა.
„მართლა 21 გოლი მაქვს გატანილი? ჰო, არ ვიცი, არ ვითვლი ხოლმე... მიხარია და მეტ სტიმულს მაძლევს", - გვითხრა ლელამ ბოლო ტურის დასრულების შემდეგ. ამ მომენტში, ქალთა ლიგის გათამაშებაში ბოლო მატჩი იყო გასამართი, რომელშიც, ბომბარდირთა დავაში დაწინაურება ხატია ჭყონიას შეეძლო. თუმცა, სეზონის ბოლო შეხვედრაში ჭყონიამ გოლი ვერ გაიტანა. შესაბამისად, ქალთა ლიგასაც, 2021 წლის სეზონზე, 21-21 გატანილი გოლით, ორი ბომბარდირი ჰყავს, ხატია და ლელა.






ჩვენ








