ტურის ბოლო დღეს თბილისური გუნდებიდან, მხოლოდ „საბურთალოს“ გაუმართლა
ტურის ბოლო დღეს თბილისური გუნდებიდან, მხოლოდ „საბურთალოს“ გაუმართლა
05.03.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშების პირველი საასპარეზო ტურის ბოლო დღეს, თბილისური გუნდებიდან, მხოლოდ „საბურთალოს" გაუმართლა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გათამაშება, რომელმაც 2 მარტს, ქუთაისში აიღო სტარტი, ორი მატჩის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ერთი დღით გადაიდო და 5 მარტს დასრულდა. ამ დღეს თბილისში 3 შეხვედრა ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა. თუმცა, ის, რომ მაყურებელმა ტრიბუნებს არ მოაკითხა, ამ თანმიმდევრობის ბრალი სულაც არ არის.  

რადგან გულშემატკივარი მოიტანა სიტყვამ, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ ერთი ჩაგდებული სეზონის შემდეგ, „დინამო არენაზე" დინამოელთა ფან-ზონაში, კვლავ ხალხმრავლობა იყო. „ელიტა", ელიგას და „დინამოს" დაუბრუნდა. ახლა „მე-17 სექტორსა" და  „დინამო არენაზე" მოსულ გულშემატკივარს, ისღა დარჩენია, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მოგებული თამაშები იხილოს, რადგან თბილისური გუნდის განახლებული შემადგენლობის გამართული, მაგრამ არარეალიზებული მომენტებით სავსე თამაში, 30-ე გათამაშების სტარტზე, უკვე ნახა.

 

დავით ვოლკოვმა ორო გოლი გაიტანა

 

 

„საბურთალო" - „სიონი" 3-1

„მიხეილ მესხზე" "საბურთალომ", ანგარიშით 3-1, ძლიერთა ლიგაში ამობრუნებული „სიონი", მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დავით ვოლკოვის მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. ამ გოლამდე, ვოლკოვმა კიდევ ერთი გოლი, მე-80 წუთზე გაიტანა და „საბურთალო" დააწინაურა. ამ შეხვედრაში, პირველი გოლი კი, სწორედ, „სიონმა" გაიტანა. მატჩის მე-16 წუთზე ალექსანდრე კოშკაძის გადაცემის შემდეგ, „სიონის" გოლების ანგარიში, ზვიად სიხარულიამ გახსნა.  ბოლნისელთა რიგებში დაფიქსირდა ეროვნული ლიგის საიუბილეო გათამაშების პირველი გაძევებულიც. „სიონის" მეკარემ, თორნიკე ზარქუამ, გიორგი კოხრეიძესთან უხეში თამაშის გამო, 83-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო. საბურთალოელთაგან, ამ მატჩში, კიდევ ერთი გოლის ავტორი კი თედორე გრიგალაშვილი (56') იყო.


 


„ლოკომოტივი" - „ სამტრედია" 1-2

30-ე საიუბილეო გათამაშებაში, ამ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, „მიხეილ მესხი-2"-ზე თბილისის „ლოკომოტივი", 29-ე ჩემპიონატის მესამეადგილოსან „სამტრედიასთან" მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-13 წუთზე,  „ლოკომოტივის" საჯარიმოს ხაზთან, მთავარმა მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. ჯარიმა კი ზუსტად, სტუმართა მე-10 ნომერმა, გიორგი ერისთავმა შეასრულა და „სამტრედია" დააწინაურა. თბილისელებმა ანგარიში მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე აღადგინეს. გიორგი ვადაჭკორიამ მორიგი სტანდარტი და ამჯერად 11-მეტრიანი, სამტრედიელთა კარში, ვატო არველაძესთან უხეში თამაშისთვის დანიშნა. თეიმურაზ შონიას დარტმული პენალტი ზუსტი აღმოჩნდა. გამარჯვების გოლი სტუმრებმა 69-ე წუთზე გაიტანეს. გიორგი ახალაძის საგოლე გადაცემის შემდეგ, თავი მაიკლ ოლაიტანმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა 1-2. „ლოკომოტივის" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს დავით ჯიქიამ, ზურიკო დავითაშვილმა, ოთო კობახიძემ და თეიმურაზ შონიამ.

 


 

„დინამო თბილისი" - „რუსთავი"  1-2

სწორედ, თბილისის „ლოკომოტივს" დაუპირისპირდება მიხელ მესხზე „დინამო თბილისი", ეროვნული ლიგის მე-2 ტურში, 11 მარტს, 14:00-ზე. 30-ე, საიუბილეო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა კი „დინამო" სახლში, „რუსთავთან" 1-2 წააგო.

„დღეს ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ. „დინამო", დისციპლინირებული და ორგანიზებული გუნდია. ემჩნევა, რომ შეთამაშებულები არიან, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენს გუნდზე. ფაქტობრივად, ჩემპიონატის სტარტზე, სრულიად ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. მაშინ, როცა ყველაფრის კეთება ნულიდან გიწევს და დროც საკმაოდ ცოტა გვქონდა. ეს დღევანდელი თამაშის ხარისხზეც აისახა. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც გაიტანა გოლები. თუმცა, ეს შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო, რადგან „დინამო თბილისსაც" ჰქონდა ძალიან კარგი საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზებაც ვერ მოახერხეს. დღეს, უფრო მეტი იღბალი ჩვენს მხარეს იყო", - ამბობს ვლადიმერ გაზაევი, „რუსთავის" მთავარი მწვრთნელი.

 

 


პირველი ტაიმი „დინამოს" აშკარა უპირატესობით ჩატარდა. უკვე მე-12 წუთზე დინამოელთა დებიუტანტს, გუჯა რუხაიას ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. თუმცა, დინამოელებს არც ამ და არც მომდევნო ეპიზოდში გაუმართლათ ბუდუ ზივზივაძის დარტყმულის შემდეგ. სხვათა შორის, ზივზივაძე, რომელმაც წლების შემდეგ, კვლავ მოირგო „დინამოს" ლურჯი მაისური, „რუსთავის" ყოფილ დინამოელ მეკარეს, ნუკრი რევიშვილს ხშირად აწუხებდა. დღევანდელ მატჩში, დინამოელთაგან გატანილი ერთადერთი გოლიც სწორედ ზივზივაძის სათვალავშია. პირველ ტაიმში რევიშვილის კარი ბაქარ ქარდავას, ოთარ კიტეიშვლის, აკაკი შულაიას დარტყმებსაც გადაურჩა.

„მნიშვნელოვანი თამაში იყო. რა თქმა უნდა, სეზონის სტარტზე გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა. ასე ვგეგმავდით, მაგრამ ამისთვის, უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო. მომენტები შევქმენით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში, მეტი ყურადღება გვმართებდა. დასანანია, რომ წავაგეთ, მაგრამ ჯერ ბევრი თამაშია წინ და შემდეგ თამაშებში, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები. „რუსთავს" რაც შეეხება, საკმაოდ კარგი გუნდი ჩამოყალიბდა და წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი, დინამოელთა კაპიტანი, რომელიც დღეს, თბილისურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ „რუსთაველთა" რიგებში, ამ გათამაშებაში, „დინამო თბილისის"  სხვადასხვა თაობის რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებსაც „დინამო არენა", ახალბედა დინამოელებზე უფრო მეტად აქვთ გათავისებული. ამიტომ „რუსთავი" მეორე ტაიმში, უფრო თავდაჯერებული გამოვიდა მოედანზე.

„მეორე ტაიმში, ცოტა გამოვასწორეთ თამაში. კარგად შემოვიდნენ შეცვლაზე ფეხბურთელები. სწორედ ამის შემდეგ მოვახერხეთ, მომენტების გამწვავება. ამის ხარჯზე შევძელით გოლების გატანა და გამარჯვება. არ ვთვლი, რომ დღეს ჩვენმა გუნდმა ხარისხიანად ითამაშა. სეზონის განმავლობაში მოგვიწევს შეთამაშება. სეზონის მანძილზე, მოთამაშეებს მინდორზევე, თამაშის დროს მოუწევთ, იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ვავალებთ. არ მეეჭვება, რომ ჩვენი გუნდი, მომავალ თამაშებში მოუმატებს და თამაშიდან თამაშამდე, ტურიდან-ტურამდე სათამაშო ხარიხსის პროგრესიც გამოჩნდება", - ამბობს ვლადიმერ გაზაევი.

 


 

რეალურად, რუსთაველებმა დინამოელთა საჯარიმოში მთელი მატჩის განმავლობაში, სულ 2-3 მომენტი შექმნეს. თუმცა, მეორე ტაიმში, ერთ-ერთი მათგანი ჯერ დინამოელთა ახალგაზრდა მეკარის დემეტრე ბულისკერიას „სეივით" დასრულდა. უკვე მომდევნო ეპიზოდში კი,                              67-ე წუთზე, რუსთაველთა კონტრშეტევა გიორგი გაბულოვის გოლით დასრულდა. ანგარიში, სტუმრებმა გახსნეს 0-1. თუმცა, მეორე ტაიმი, შეტევებით სწორედ, დინამოელებმა განაახლეს. ტაიმის დებიუტშივე ზივზივაძეს, კიდევ ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა. თუმცა, ამ და მომდევნო მომენტშიც, კიტეიშვილის თავურის შემდეგ, რუსთაველებს ჯერ რევიშვილმა, შემდეგ კი, ხარიხამ უშველა.

„რთული თამაში იყო. პირველი თამაში ყოველთვის დაძაბულია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ წაგებას ვიმსახურებდით. უპირატესობა, გვქონდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. განსხვავებით, „რუსთავისგან", რომლებმაც ის შანსი, რაც ჰქონდათ გამოიყენეს. იყო, ელემენტარული შეცდომები დაცვაში, რომელიც ჩავარდა ორივე გოლზე. ვფიქრობ, ბევრი გვაქვს სამუშაო, ამ შეცდომების გამოსასწორებლად. იცით, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, ახალგაზრდები არიან და ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ახლა, მთავარია, ვიფიქროთ შემდეგ თამაშზე, ამ თამაშის ანალიზი გავაკეთოთ და რაც შეიძლება, სწრაფად დავივიწყოთ ეს წაგება. უნდა ვნახოთ, რა იყო შეცდომები და შემდეგ თამაშში გამოვასწოროთ" - ამბობს, თამაშის შემდეგ კახა კაჭარავა, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი.

 

 

 

ბევრ სამუშაოსთან ერთად, კაჭარავას დისციპლინირებულ და ორგანიზებულ გუნდი, როგორც სჩანს, ამ ეტაპზე ვერც სათადარიგო სკამის მომზადების დონეს ენდობა. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელთა მთავარი მწვრთნელი თვლის: „ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელი ცუდად თამაშობდა.  ივანისენიას შეცვლასაც არ ვაპირებდი, მაგრამ დაიღალა ბიჭი" -ო, ფაქტია, რომ დღეს, კაჭარავამ მხოლოდ ერთი შეცვლა გააკეთა.

მატჩის ბედი კი დრამატულმა წუთნახევარმა გადაწყვიტა. სწორედ, ამ შუალედით, ჯერ ბუდუ ზივზივაძემ, 84-ე წუთზე, თავადვე გამოიყენა მასთან უხეში თამაშისთვის დანიშნული პენალტი (სხვათა შორის, ბუდუსთან, ყოფილმა დინამოელმა ლევან გეგეჭკორმა იუხეშა), შემდეგ კი, ასევე ყოფილმა დინამოელმა ბექა მიქელთაძემ, მის ახალ გუნდს, „რუსთავს", გამარჯვება, ასევე 11-მეტრიანით მოუტანა 1-2.

 

***

ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრები 9-11 მარტს გაიმართება:

9.03.18 / 19:00 - „დილა" - „ჩიხურა"  (გორი, თ. ბურჯანაძის სახელობის სტადიონი);

10.03.18 / 15:00 - „რუსთავი" - „ტორპედო" (თბილისი, დ. პეტრიაშვილის სახ. სტადიონი);

10.03.18 / 18:00 - „კოლხეთი 1913" - „საბურთალო" (ზესტაფონი, დ. აბაშიძის სახ. სტადიონი);

11.03.18 / 14:00 - „ლოკომოტივი" - „დინამო თბილისი" (თბილისი, მიხეილ მესხი 2);

11.03.18 / 16:00 - „სამტრედია" - „სიონი" (თბილისი, მიხეილ მესხი)

 

 

 

მასალაში გამოყენებულია სკ "ლოკომოტივის" ფოტო