ეროვნული ნაკრები ახალ სეზონს მარტის ბოლოდან დაიწყებს
ეროვნული ნაკრები ახალ სეზონს მარტის ბოლოდან დაიწყებს
11.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2022 წლის სეზონს ორი ამხანაგური მატჩით დაიწყებს. ინფორმაციას, სფფ-ს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ორ სპარინგს გამართავს. თავდაპირველად, ჩვენი გუნდი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი, ალბანეთის ნაკრებს შეხვდება.

„მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი nakrebi.ge-ს ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.


სფფ-ს ინფორმაციით სპარინგ-მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა კი, უეფა-ს ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში იმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, 2022 წლის ივნისდან უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფში დაიწყებს ასპარეზობას და ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებს 2-2-ჯერ დაუპირისპირდება.