ქართული სპორტის „სავიზიტო ბარათი“ დღეს სიდნეიში დაკრძალეს
ქართული სპორტის „სავიზიტო ბარათი“ დღეს სიდნეიში დაკრძალეს
13.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


სიდნეიში, დღეს მოკრძალებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე, რომელსაც მხოლოდ, ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, ვიქტორ სანეევი დაკრძალეს. სანეევის მეუღლემ, იანამ  ვიქტორის ყველა და უმეტესწილად საქართველოში მყოფი გულშემატკივრისთვის, დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლიაციის ლინკი გაავრცელა. ლეგენდა, თბილისის დროით დილის 5:55 საათზე დაკრძალეს.





ერთი დღით ადრე, 12 იანვარს კი, თბილისში, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში, ქართული სპორტის ქომაგებს სანეევისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაში შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. სამგლოვიარო წიგნში, ერთ-ერთი ჩანაწერი, ამ დღეს, ქართული მძლეოსნობის კიდევ ერთ ლეგენდას, მორბენალ მაია აზარაშვილს ეკუთვნის.


დღეს, როდესაც ვიქტორის შესახებ, ბევრი თბილი სიტყვა იწერება, იწერება მის ადამიანურ თვისებებზეც, ბუნებრივია, რომ სანეევის „ადამიანურობის" შესახებ, იმ კოლეგას ვთხოვეთ ესაუბრა, რომელსაც ვიქტორთან ერთად, თავისი კარიერის დასაწყიში უვარჯიშია და თან, მაგალითი აუღია. ბევრი მნიშვნელოვანი სტარტის წინ, შეკრებაც, მთელი ერთი ოლიმპიური ციკლის განმავლობაში, ერთსა და იმავე ბაზაზე გაუვლია.


„ცოცხლად, მოსკოვის ოლიმპიადის დროს ვუყურე მის ხტომებს. სანეევი მაძლევდა სტიმულს, მიზანს, მაგალითს. ვიქტორი ჩემი კუმირი იყო. ის, მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში როგორ გიგანტი ადამიანი. როგორც საქართველოს სავიზიტო ბარათი, საქართველოს საგანძური. კაცი ლეგენდა. კაცი რომლითაც ამაყობდა ქართული სპორტი. ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ახლოს და მქონდა შესაძლებლობა მევარჯიშა იგივე მოედნებზე და მეხილა მისი განუმეორებელი ნიჭი ახლოდან", - ამბობს მაია აზარაშვილი.


გუშინვე გახდა ცნობილი თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება - „გვსურს, მისი სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მივანიჭოთ", - ამბობს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სამგლოვიარო ცერემონიაზე მისული თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძე.


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი სამმაგ ხტომაში, სამშობლოდან შორს, სიდნეიში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.





დაკრძალვის ფოტო: სპორტული ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილის სოციალური ქსელიდან

სხვა ფოტოები: @მაია აზარაშვილი @სეოკ-ი