RIP - ჯანო ბაგრატიონი
RIP - ჯანო ბაგრატიონი
13.01.2022
ავტორი: TSFF.GE

83 წლის ასაკში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი  რიგით მეორე პრეზიდენტი,  ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა.

სოკი-ს ოფიციალური ვებ-გვერდი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, რომ „ბატონმა ჯანომ მთელი თავისი ცხოვრება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას მიუძღვნა, ჯერ როგორც წარმატებულმა სპორტსმენმა, პირველი თაობის ხელბურთელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მერე კი - როგორც მწვრთნელმა და ჩვენი სპორტის დიდმა მოამაგემ. ის იყო ორგანიზატორული თვისებებით, გულისხმიერებით, საქმის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება, სპორტსმენებისა და სპორტის ინტერესების გულმხურვალე დამცველი,  არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების თაოსანი. ამიტომაც სარგებლობდა განსაკუთრეული პატივისცემით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამიტომაც აფასებდნენ სხვადასხვა თაობის სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები".




აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წლებში ჯანო ბაგრატიონი სპორტულ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. 1996-2004 წლებში კი, ის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმდჯომარე იყო. სწორედ ამ პერიოდში,  მისი ინიციატივით არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა, ქართველმა სპორტსმენებმა კი, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედლები მოიპოვეს.


ჩვენი გვედრი, უსამძიმრებს ვახტანგ გორგასლის, ღირსებისა და  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქე,ს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტის ჯანო ბაგრატიონის ოჯახს.




მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:

ჯანო ბაგრატიონი დაიბადა 1938 წლის 4 აპრილს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს; საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1976 წელს. ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში"; 1973-1984წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987წწ. თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე; 1987-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე; 1993-1994წწ. საქართველოს სპორტის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1994 წლიდან საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე; 1996-2004 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი, ერთი მონოგრაფია. 1964 წლის სსრკ ჩემპიონი ხელბურთში, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე.



სეოკ-სა და ჯემალ კასრაძის / ეროვნული ფოტომატიანე ფოტოები