საბა ქუმარიტაშვილი - კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
საბა ქუმარიტაშვილი - კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
13.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა რიცხვი, ერთით გაიზარდა. მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ქართველი სპორტსმენის მიერ მოპოვებული ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტი,  საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო საციგაო სპორტის ფედერაციიდან უკვე მიიღო.


ცნობილი ბაბუის, ფელიქს ქუმარიტაშვილის შვილიშვილი და  2010 წელს, ვანკუვერის  ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილი, 21 წლის საბა, „საოჯახო სპორტის" სახეობაში, თავის პირველ ოლიმპიადაზე, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.  ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები, 4-20 თებერვალს  ჩატარდება. ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი კი, ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.


ამ მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პეკინი 2022 წლის თამაშებზე ოფიციალურად, 5 სპორტსმენის მონაწილეობას ადასტურებენ. პირველად, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, ჩვენები, სპორტის ამ ლამაზი სახეობის ყველა დისციპლინაში (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები) იასპარეზებენ. ამასთან, საქართველო, მსოფლიოს იმ 10 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოლებენ.


პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი, ორ სამთო-მოთხილამურესაც აქვს. თუმცა, ჯერ-ჯერობით, FIS-იდან შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოში არ არის მოსული.