
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეი-ოფებამდე 7 ტურით ადრე, სუპერლიგაში ვითარება უკიდურესად იძაბება. „კაკტუსმა", დღეს მოგებული თამაშის შემდეგ, ოთხეულში დაწინაურების სერიოზული განაცხადი გააკეთა. თუმცა, ამისთვის თბილისურ გუნდს, „ქუთაისის" გარდა, კიდევ ერთი უშუალო მეტოქის, „რუსთავის" და სხვა გუნდების დამარცხებაც მოუწევს. ბუნებრივია, არჩილ ჟღენტის ბიჭებმა ჩემპიონატის ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში უკეთესი ადგილის მოსაპოვებლად ქულების მაქსიმუმი უნდა დააგროვონ. მანამდე, კი კაკტუსელებმა „ქუთაისის" საკმაოდ ძლიერი გუნდის დამარცხება 9-ქულიანი უპირატესობით, 85-76 მოახერხეს.
„კაკტუსი" - „ქუთაისი" 85-76 (15-22, 18-16, 31-18, 21-20)
ისევე, როგორც მთელი მატჩი, „კაკტუსისა" და „ქუთაისის" დაპირისპირებისას დაძაბული და ამავდროულად, დრამატული გამოდგა მეოთხე მეოთხედი, განსაკუთრებით მისი დასკვნითი ნაწილი. მატჩის დამთავრებამდე 49 წამზე მცირე დრო იყო დარჩენილი, როდესაც თბილისელთა 19 წლის უკანახაზელმა მოთამაშემ დავით ლომიძემ, „ქუთაისს" 3-ქულიანი ჩაუგდო და „კაკტუსი" 4 ქულით, 80-76 გაიყვანა წინ.
„ეს, 2018 წელს, ჩვენი პირველი მარცხი იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, რაც თავისთავად დაცვაში ცუდ თამაშშიც გამოიხატა. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ლიდერობა არ დაგვიკარგავს და მის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ. განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკი გველის მარტის თვეში და დიდი ძალისხმევა გვმართბს სასურველი შედეგების მისაღწევად"- ამბობს კოტე ტუღუში, „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი.
გამოცდილ ქუთაისელებს დარჩენილ დროში, შეეძლოთ მატჩის გადარჩენა. იმერლების მხრიდან საქმეში, აკაკი ლომოური ჩაერთო. თუმცა, მისი 2 მცდელობიდან, ორივე საქმულიანი უშედეგო იყო. ბურთის პირითხაზიდან შემოტანისას, საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე, ქუთაისელ ბექა წივწივაძეს, კვლავ დავით ლომიძემ ჩაუჭრა. გამოცდილ წივწივაძეს კი ნერვებმა უმტყუნა. დავით ლომიძემ კი, რომელიც საბოლოოდ 24 ქულით მატჩის ბომბარდირი და MVP ხომ გახდა, ბოლო წუთზე გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო. ლომიძის ანგარიშზე დღეს 9 მცდელობიდან, 6 ზუსტი 3-ქულიანი იყო. „კაკტუსმა" კი 85-76 მოიგო.
„ბიჭებმა, დღეს მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. „ქუთაისი", სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და ამ კუთხით, დიდი მოტივაცია გვქონდა. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კუთხითაც და მომდევნო შეხვედრებში ძალიან დაგვეხმარება", - ამბობს არჩილ ჟღენტი, „კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.
დღეს, თბილისელთა კიდევ ერთმა უკანახაზელმა დეანდრე პარკსმა 15 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ჯონ მიტჩელმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. "ქუთაისში" 18 ქულა და 7 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მიითვალა, ხოლო 12 ქულა ჯონათან ლის ანგარიშზეა. 11-11 ქულა ჰქონდათ ბექა ბექაურსა და აკაკი ლომოურს (იხილეთ სტატისტიკა).
მარცხის მიუხედავად, „ქუთაისი" 16 მოგებითა და 36 ქულით, კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია. 2 ქულით, მას „რუსთავი" ჩამორჩება, რომელსაც ამ მომენტისთვის 34 ქულა დაუგროვდა. 33-33 ქულით მე-3 და მე-4 ადგილებს „დინამო" და „კაკტუსი" ინაწილებენ, თუმცა, ნაკლები თამაშისა და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის წყალობით, სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურს „დინამო" იკავებს.

„სოხუმი" - „დინამო" 78-93 (22-26, 19-25, 20-20, 17-22)
თბილისურმა კლუბმა დღეს, მიმდინარე, 2018 წელს, მხოლოდ მეორე გამაჯვება მოიპოვა და ერთის შეხედვით იანვრის თვიდან დაწყებული წარუმატებელი ციკლი, როგორც იქნა საბოლოოდ შეწყვიტა. ტრავმირებული მიხეილ ბერიშვილის არყოფნაში, გუნდში ერთპიროვნული ლიდერობა, დინამოელთა კაპიტანმა ილია ლონდარიძემ ითავა. მატჩის შემდეგ, ლონდარიძის გვარის გასწვრივ 18 ქულა და 8 მოხსნა ეწერა.
2018 წლის მონაკვეთში, სუპერლიგაზე წარუმატებელი ეტაპის მიუხედავად, „სოხუმთან" მატჩში, „დინამო" ფავორიტად ითვლებოდა. ეს გარემოება, მატჩის დასაწყისშივე თვალნათელი გახდა, როდესაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონი პირველივე მეოთხედის სტარტზე დაწინაურდა და „სოხუმს" ადგილი მიანიშნა. თუმცა, სოხუმელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ მეოთხედში, „დინამოს" ფეხდაფეხ მისდიეს და პირველი მეოთხედი, დინამოელთა სასარგებლოდ, მხოლოდ 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა 22-26.
„ტრავმის გამო კიდევ ერთი ლეგიონერი კვან უოლერი დავკარგეთ. ყველანაირად ვცდილობთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც დაგვრჩა. დღეს, ახალგაზრდებსაც მივეცით შანსი და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგით არ ვარ კმაყოფილი, თამაშის ხარისხს არაუშავდა. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და მან ღირსეულად მოიგო, ვულოცავ „დინამოს", - ამბობს გია კაზანჯიანი, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ.
სოხუმელთა შორის დღეს, სერგეი პრიმაკი გამოირჩეოდა, რომლიც თავისი გუნდისთვის ტრადიციულად ყველაზე შედეგიანი იყო. პრიმაკმა მატჩის ბოლოს ორივე გუნდში ყველაზე მეტი, 20 ქულა დააგროვა.
მეორე მეოთხედიდან კი ირაკლი ხოშტარიას მოთამაშეებმა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს. ეს სხვაობა, შეინარჩუნეს მესამე მეოთხედის ბოლოსაც 61-71. აი, ბოლო, დასკვნით ნაწილში კი, ერთ მომენტში, სხვაობამ „დინამოს" სასარგებლოდ 18 ქულასაც მიაღწია. დინამოელთა მწვრთნელმა მოედანზე სათადარიგო მოთამაშეები შემოუშვა.
„შედეგი მისაღებია. იმ წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, რომელიც გამოვიარეთ, ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვება. დანაკლისის მიუხედავად, ვეცდებით, მომავალ თამაშებში ეტაპობრივად გამოვასწოროთ ხარვეზები და თამაშის ხარისხი", - ამბობს ირაკლი ხოშტარია, „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.
საბოლოოდ, „დინამომ" 75-93 გაიმარჯვა და ახლა, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. დღევანდელ მატჩში, 10-ქულიანი ზღვარი, დინამოელთაგან ერთდროულად 5 მოთამაშემ გადალახა. ილია ლონდარიძის შემდეგ, რომლის სათვალავშიც 18 ქულა და 8 მოხსნაა, ერთი ქულით ნაკლები, 17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა დინამოელთა ახალმა სერბმა მოთამაშემ ალექსანდრე მიტროვიჩმა. „დინამოს" კიდევ ერთი ახალი ლეგიონერის, რეივენ ლის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. კიელ ტურპინმა 13, ხოლო გიორგი შარაბიძემ 12 ქულა დააგროვეს. სოხუმელთა შორის პრიმაკის შემდეგ, რომელსაც 20 ქულა დაუგროვდა, მატჩის შემდეგ 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა მხოლოდ ბიშოპ დენიელსს 18 ქულით და სერგო ათუაშვილს 14 ქულა დაუფიქსირდათ. (იხილეთ სტატისტიკა )
დანარჩენ შეხვედრებში, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა:
„მგზავრები" - „ბათუმი" 64-74 (სტატისტიკა)
„ოლიმპი" - „მარნეული" 80-77 (სტატისტიკა)
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 9, 10 და 11 მარტს, საქართველოს 4 ქალაქში - რუსთავში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
კალათბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








