საქართველოს ჩემპიონი ხვალ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
საქართველოს ჩემპიონი ხვალ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
15.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო" თურქეთში, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრება და 2022 წლის საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურ მზადებას დაიწყებს. ბათუმელები, ანტალიაში, 12-დღიანი შეკრების დროს 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. აქედან ორ მატჩში პოლონური ეკსტრაკლასას გუნდებს დაუპირისპირდებიან, მესამეში კი, მონტენეგროს წარმომადგენელს შეხვდებიან.


20 იანვარი - პოზნანის „ლეხი"

23 იანვარი - გდანსკის „ლეხია"

27 იანვარი - „რუდარი"


28 იანვრის ჩათვლით, ბათუმის „დინამოს" თურქულ შეკრებაზე, გუნდთან ერთად იქნება, ჯანო ანანიძე, რომელიც, „დინამო თბილისიდან" წასვლის შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდში ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, საქართველოს ჩემპიონის რიგებსაც გააძლიერებს.


ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ ანტალიის შეკრებაზე იქნება, საქართველოს 2021 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ირაკლი აზაროვიც, რომლის სატრანსფერო „აურზაურის" მიუხედავად, ამ ეტაპზე, კონკრეტული ჯერ, არაფერია.


ბათუმის „დინამოსთან" შეკრებას გაივლიან ახალწვეულებიც, გორის „დილას" ყოფილი შემტევი ირაკლი ბიძინაშვილი, „დინამო თბილისიდან" ბათუმში გადაბარგებული სერბი ნახევარმცველები მილან რადინი, ასევე,  ჩერნოგორიელი თავდამსხმელ სტეფან დენკოვიჩი, რომელიც 2021 წლის სეზონზე ყაზახურ „კაისარში" თამაშობდა და 28 მატჩში ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მათ გარდა, გეგუჩაძის პირველ თურქულ შეკრებაზე იქნება კიდევ სამი ფეხბურთელი, რომლებიც 2021 წლის სეზონზე, ელიგისა და ელიგა2-ის სხვადასხვა კლუბებში თამაშობდნენ და ამიერიდან, ბათუმის „დინამოს" ფეხბურთელები არიან -  გიორგი ბეგაშვილი (მარტვილის „მერანი"), გიორგი რეხვიაშვილი (ქობულეთის „შუქურა") და ლუქა ქაფიანიძე (ქუთაისის „ტორპედო").


აქვე, ცნობილი ხდება, რომ გია გეგუჩაძის შტაბი ახალი ცენტრფორვარდის ძიებაშია და იმემდოვნებს, რომ ის ლეგიონერი იქნება. არაა გამორიცხული, ბათუმის „დინამოს" ახალი წევრი, სწორედ ამ შეკრების დროს დაემატოს.


აღნიშნულ ცვლილებებმადე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს" რიგები დატოვეს გიული მანჯგალაძემ, მალხაზ გაგოშიძემ, გიორგი ნიქაბაძემ, ლაშა შერგელაშვილმა, ლუკაშ გროცურეკმა და ვალერიან თევდორაძემ.


და ბოლოს, გეტყვით, რომ ბათუმელები საქართველოში, 28 იანვარს დაბრუნდებიან და 3 თებერვლამდე ივარჯიშებენ. ამის შემდეგ, უშუალოდ ახალი სეზონის წინ 15 თებერვლამდე, შეკრების მორიგ ეტაპს კვლავ თურქეთში გაივლიან.


20 თებერვალს კი, TSFF.Ge-ს ინფორმაციით, საქართველოს სუპერთასის მატჩში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, თბილისის „საბურთალოს" დაუპირისპირდებიან და წლის პირველი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.


ელიგის ფოტო