
ტალინში მიმდინარე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს, საჩვენებელი გამოსვლებია. მედლების ბოლო კომპლექტები კი, გუშინ ღამით გათამაშდა. საქართველოს წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ, ქალთა ერთეულთა თანრიგში იასპარეზა და თავისუფალ პროგრამაში 121.15 ქულა დააგროვა და მხოლოდ, მეცხრე შედეგი უჩვენა.
საქართველოს 19 წლის წარმომადგენელი, მოკლე პროგრამის შემდეგ მე-6 იყო და ყინულზე ფინალურ, დასკვნით ექსვეულთან ერთად გამოდიოდა. შესაბამისად ნასტიას, საპრიზო სამეულში მოხვედრის დიდი შანსიც ჰქონდა, თუმცა, სპორტსმენს ემჩნეოდა, რომ სასტარტო ნერვიულობის გარდა (ჩვენი სარედაქციო მოსაზრებით), მას კიდევ აბრკოლებდა რაღაც. მაგალითად, ჩვენმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა, ასპარეზობის დასრულების შემდეგ, აღნიშნა, რომ მას ისეთი შეცდომები დაუფიქსირეს, რასაც ადგილი არ ჰქონია. ანალოგიური მოსაზრება ჰქონდა, მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ, ნასტიას და მის მწვრთნელს.
ბარემ, აქვე გეტყვით, რომ ფინალურ ექვსეულში სულ სამი ქვეყნის წარმომადგენელი, ჩვენი, პოლონელი, ბელგიელი და რუსეთი იყვნენ წარმოდგენილნი. მათ შორის, მხოლოდ ბელგიელი არ იყო ეროვნებით რუსი და რუსეთში დაბადებული. შესაბამისად, არც რუსული ფიგურული ციგურაობის სკოლის წარმომადგენელი.
სწორედ, ეს „რაღაც" დაეტყო გუბანოვას გამოსვლას თავისუფალ პროგრამაში, მარტივმა შეცდომებმა კი მას დაბალი ქულები და შესაბამისად, ორი სახეობის ჯამში, საბოლოო მე-7 ადგილი მოუტანა. ჩვენიანმა, 188.17 ქულა დააგროვა და წინ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, რუსული სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი გადაუშვა.
რადგან სიტყვამ მოიტანა, სპორტის მოყვარულებს ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას, აუცილებლად ვურჩევდი უყუროს ფიგურულ ციგურაობას, განსაკუთრებით ქალთა შორის. მხოლოდ იმიტომ, არა, რომ ის საქართველოს წარმომადგენელიც იასპარეზებს. უბრალოდ, სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობს 15 წლის ტალანტი - კამილა ვალიევა, რომელიც უკვე წელიწადია მსოფლიოს ანცვიფრებს. ალბათ, ამ ფორმით შედარება რომ იყოს მართებული და თანაც ქართველი მკითხველისთვის მარტივად აღსაქმელი, მას ლაშა ტალახაძეს შევადარებდით.
ტალინში მიმდინარე ევროპოს ჩემპიონატის შესაჯამებლად კი, მცირე კომენტარი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს ვთხოვეთ.
„ოლიმპიადის წინ, ძალიან დაძაბული და რთული ევროპის ჩემპიონატი იყო. ემოციურად რთული, ჩვენი სპორტსმენებისთვის. გარკვეულწილად, ეს მათ გამოსვლებს დაეტყო. ანასტასიასა და მორის ბევრად უფრო მეტი პოტენციალი აქვთ, მეტი შეუძლიათ და იმედს, ვიტოვებ, რომ უახლოეს ხანში, ეს მათ გამოსვლებშიც აისახება.
ყველაზე დიდი წარმატება ჩვენი გუნდისთვის იყო ის, რომ ყველა სახეობაში, სადაც ვიასპარეზეთ, მოვახერხეთ დამატებითი ლიცენზიები მოგვეპოვებინა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, შედმეგ ევროპის ჩემპიონატზე ყველა კატეგორიაში, ორ-ორი წარმომადგენელი გვეყოლება.
ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენას, ნამდვილად დავარქმევდი ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილს. ახალგაზრდა მოციგურავეები შეეჭიდნენ უფროსების კატეგორიას და ამ ამოცანას, ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი. მათ ფაქტიურად, რუსეთის გარდა, ყველა ევროპული ქვეყნის სპორტსმენებს სძლიეს. ეს კი, იმ პრობლემებს ფონზე, რომელი ამ წყვილს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ჰქონდა. კარინა ტრავმირებულია და მკურნალობის პარალელურად. მათ მაინც მიიღეს მონაწილეობა ჩემპიონატში და ღირსეულადაც იასპარეზეს. ბოლომდე იბრძოლეს. ეს მე-4 ადგილი, ჩვენთვის, ნამდვილად გამარჯვების ტოლფასია" - ამბობს გიორგობიანი.
ბუნებრივია, სპორტის ამ ლამაზ სახეობას, ჩვენ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე კიდევ დავუბრუნდებით. თუნდაც, იმის გამო, რომ შევიტყოთ მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილის ბედი, რომლებსაც გიორგის ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატის გაცდენა მოუხდათ. შევეცდებით, გიამობთ, როგორ განწყობაზე იქნებიან პეკინში მიმავალი ჩვენი სხვა მოციგურავეები.





ჩვენ








