ერთი პოკერი, ერთი დუბლი და ერთიც სადებიუტო გოლი - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში გამგზავრებამდე...
ერთი პოკერი, ერთი დუბლი და ერთიც სადებიუტო გოლი - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში გამგზავრებამდე...
16.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ევრო 2022-ზე გამგზავრებამდე ბოლო საწვრთნელი მატჩი გამართა. ავთანდილ ასათინის გუნდმა ტაჯიკებთან მეორე შეხვდრა დიდი ანგარიშით 10-1 მოიგო.

პირველი თამაშისგან განსხვავებით, დღეს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სასტარტო შემადგენლობაშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანა. დაასვენა ზვიად კუპატაძე და კარი, თორნიკე ბუკიას დაუთმო. მის გარდა, სასტარტო შემადგენლობაში პარკეტზე, შაგინია, თალესი, არჩილ სებისკვერაძე  და ელისანდრო გამოვიდნენ.  ასათიანმა დღევანელ შეხვედრაში აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურად ლიდერობდნენ, ე.წ ზედმეტი მოთამაშის კომბინაციაზე გააკეთა და თავის დაცვაც კარგად მოახერხა. თან ისე, რომ არც ერთ შემთხვევაში, მეტოქეს, კარის მიმართულებით დარტყმის შანსიც კი არ მისცა.


ანგარიში კი შეხვედრაში, შაგინიას გადაცემის შემდეგ 03'37'' წუთზე ელისანდრომ გახსნა. აქ, მოვლენებს გადავასწრებ და ვიტყვი, რომ ბრაზილიელმა დღეს, პოკერი შეასრულა. დუბლი გაიფორმა ნიკოლოზ კურტანიძემ, თითო გოლი კი, თალესის, გიორგი ღავთაძის, ირაკლი თოდუასა და ჩვენი გუნდის ახალი ნატურალიზებული ლეგიონერის ვილიან ლოურენცო დე სოუსას ანგარიშზეა.


საქართველოს ნაკრების 6-ნომრიანი მაისურით, სადებიუტო  მატჩში, სადებიუტო გოლის ავტორი, ვილიანი, რუსეთის „გაზპრომ იუგრაში" თამაშობს. ფეხბურთელმა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეობა, ქვეყნის სპორტის სამინისტროს შუამდგომლობით, 2021 წლის ბოლოს მიიღო. საქართველოში ბრაზილიელი 14 იანვარს ჩამოვიდა და შესაბამისად, ტაჯიკებთან პირველი მატჩის (15 იანვარს გაიმართა) გამოტოვება მოუხდა. დღეს კი, პარკეტზე, საკმაოდ დიდი დრო გაატარა და გატანილი გოლის გარდა, კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ის არის ტიპიური ბრაზილიელი, რომელიც ბურთსაც კარგად ფლობს და ჩვენი ნაკრების თამაშიც კარგად ჩაეწერა.


მატჩის სტატისტიკა


შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევრო 2022-ის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში 6 ამხანაგური მატჩი გამართა. მათ შორის, პირველი ორი მეტოქე, ჯგუფის მეტოქეების სტილის ნაკრებები შეარჩია. ბოლო ორი შეხვედრა კი, ისეთ მეტოქესთან ითამაშა, სადაც გემრიელეადაც ივარჯიშა და თბილისიდან გამგზავრებმადე, ამაღლებული განწყობაც შეიქმნა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 იანვარს, ნიდერლანდებში გაემგზავრება და მონაწილეობას, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიიღებს. ჩვენი გუნდი, ჯგუფში სამ შეხვედრას (22 იანვარი - აზერბაიჯანი, 26 იანვარი - ბოსნია და ჰერცეგოვინა, 29 იანვარი - ესპანეთი) გამართავს.

 

თამაშის ფოტო-ალბომი