ხვალ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ზე გაემგზავრება
ხვალ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ზე გაემგზავრება
18.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ხვალ, ნიდერლანდებში გაემგზავრება და ევრო 2022 წლის ფინალური ეტაპის ჯგუფური თამაშებისთვის, უშუალოდ გრიონინგენში მოემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი, ჯგუფის პირველ შეხვედრას, 22 იანვარს, მეზობელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.  შეხვედრა, თბილისის დროით, 17:30 წუთზე დაიწყება.

მაშინ, როდესაც, საფეხბურთო წრეებში დაობენ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან რომელიმე მოახერხებს თუ არა პორტუგალიის ნაკრების (ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპოინი) შეჩერებას, საქართველოს ნაკრებს, რომელიც საფეხბურთო დისციპლინებს შორის, დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად მოხვდა მსგავს საფეხურზე, ლოკალური მისია აქვს.




„ამდენი წელია ამ სპორტში ვარ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემი ნატვრა იყო. ეს მომენტი რომ ახლოვდება, რა თქმა უნდა, პულსაცია იმატებს. სასწაული გრძნობაა და ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველას მინდა გავუზიარო და მოვუყვე რასაც ვგრძნობ. ამასთან ერთად, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ქვეყანას კონტინენტის ყველაზე მაგარ ტურნირზე წარმოადგენ და პირველ რიგში, სიამაყის გრძნობა გეუფლება",  - ამბობს ავთანდილ ასათიანი სფფ-ს სანაკრებო გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.


მას შემდეგ, რაც საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შესარჩევი ჯგუფი გაირკვა, შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში 6 ამხანაგური შეხვედრა გამართა, 2021 წლის დეკემბერში სერბეთისა (1-1, 4-3) და ყირგიზეთის (1-2, 2-2) წინააღმდეგ და 2022 წელს ტაჯიკეთის (6-2, 10-1) წინააღმდეგ. ამ საწვრთნელი ციკლის წინ, ასათიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკემბრის მეტოქეები ჯგუფში მყოფი გუნდების მსგავსი შეარჩია. ეს საქართველოს სამწვრთნელო შტაბს, არსებული რესურსის სწორად განკარგვაში მოეხმარებოდა.  იანვრის სპარინგებში კი, ასათიანი ერთის მხრივ გენერალური რეპეტიციას გაივლიდა, თან ისე, რომ გუნდისთვის განწყობა შეექნმა. 15 და 16 იანვრის თამაშების შემდეგ, საკუთარი დაკვირვებით მიხვდით, რომ გუნდში განწყობა არის, დანარჩენი კი, ნიდერლანდებში გამოჩნდება.




„ესპანეთზე საუბარი და დროის დაკარგვა არც ღირს... სამივე ნაკრებს საკმაოდ კარგად ვიცნობთ, თუმცა მთავარი დატვირთვა დანარჩენ სამ გუნდზე იქნება. ბოსნია და ჰერცეგოვინა საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარი აღმოჩენა იყო, რადგან ურთულეს ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი, რაც წარმოუდგენელია, რომ შემთხვევით მოხდეს ფუტსალში. აზერბაიჯანის ნაკრები უმაღლეს დონეზეა ინდივიდუალური თამაშით, რადგან ძალიან მაღალი დონის ბრაზილიელი მოთამაშეები ჰყავთ. ვფიქრობ, რომ რთული ჯგუფია, თუმცა არც გვქონია ილუზია, რომ ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქეები გვეყოლებოდა", - ამბობს ასათიანი.


ფუტსალში, ევრო 2022 წლის დებიუტანტი, საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც კიდევ ერთხე შეგახსენებთ, ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებები არიან. მათ შორის ყველაზე ტუტულოვანი და ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე წარმატებული ესპანეთის ნაკრებია. გუნდი, რომელიც ევროპის რიგით მე-12 ჩემპიონატზე, მეთორმეტედ იასპარეზებს. აქედან, ესპანელებს ტიტული 7-ჯერ აქვთ მოგებული, ორ-ორჯერ კი ვერცხილსა და ბრინჯაოს მედლის მფლოფელები არიან. ესპანელებთან, ქართული გუნდის დაპირისპირება ჯგიფის ბოლო თამაშია. აქვე, სხვა ჯგუფების კომპლექტაციასაც შეგახსენებთ:


ჯგუფი A: ნიდერლანდები, სერბეთი, უკრაინა, პორტუგალია

ჯგუფი B: ყაზახეთი, იტალია, სლოვენია, ფინეთი

ჯგუფი C: რუსეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია




TSFF.Ge-ს მკითხველმა ალბათ, შენიშნეთ, რომ ჩვენი გვერდის ფოტოებშიც და ბოლო სტატიაშიც ახალი ფეხბურთელი, ნატურალიზებული ლეგიონერის ვილიან ლოურენცო დე სოუსა დავასახელეთ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად 2021 წლის ბოლოს მიიღო და ჩვენი გუნდის შემადგენლობაშიც, სადებიუტო შეხვედრა 16 იანვარს, ტაჯიკების წინააღმდეგ ჩაატარდა. თანაც, გოლიც გაიტანა. თუმცა, ვილიანი, ერთ-ერთ იმ ნატურალიზებული მოთამაშეებიდან, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ამინდს ქმნიან, ბუნებრივია გუნდის ეროვნებით ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.


„ძალიან გაგვიმართლა ამ მოთამაშეებში (ნატურალიზებული ფეხბურთელები). გარდა იმისა, რომ პროფესიონალები არიან, ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ და ისე შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში, რომ საერთოდ არ გვქონია პრობლემა. ამაში დიდი როლი მიუძღვით ჩვენს მოთამაშეებს, რომლებმაც ამ ბიჭებს არ აგრძნობინეს, რომ სხვა გუნდში, სხვა ქვეყნაში მოვიდნენ. ვფიქრობ, სწორად შერჩეული რგოლები იყო გაძლიერებული და ამ ბიჭებმაც გაამართლეს, რისთვისაც აუცილებელია მათ კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა. მინდა გავიხსენო საფრანგეთთან მატჩის მომენტი, როდესაც საოცარი თამაშის შემდეგ ბინიო დროშას კოცნიდა... უბრალოდ შეუძლებელია ეს ითამაშო, აუცილებლად გულიდან უნდა მოდიოდეს და ძალიან დასაფასებელია",  - ამბობს ასათიანი.




მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ნაკრების თამაშებს დავესწარით, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით და გუნდის ჯანმრთელად ყოფნის მიზეზით, მნიშვნელოვან ტურნირზე გამგზავრებამდე, შევეცადეთ, მხოლოდ სფფ-ს მიერ გავრცელებული ინტერვიუებით გვესარგებლა. როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იხსენებს, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, ჩვენს გუნდს, საფრანგეთში პირველმა „გასვლამ" მოუტანა. გახსოვთ, ალბათ, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ფრედ, 4-4 დასრულდა. „მოპოვებული ქულა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო", იხსენებს ასათიანი, რომელიც მოთამაშეებს სისტემატურად ახსენებდა, რომ „საფრანგეთში არ წაგება ბოლო ტურში ევროპის ჩემპიონატისთვის ბრძოლის შანსს" მისცემდა. ახლა, როდესაც, საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზეა,  ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი გუნდიდან, მაქსიმუმს ელის. მითუმეტეს, ბოლო მოგებული სპარინგების შემდეგ, თუმცა:


„არასერიოზული დაპირება იქნება, თუ ვიტყვი, რომ გავალთ და სამივე თამაშს მოვიგებთ, თუმცა გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. წარმატების მისაღწევად თავი გვაქვს გადადებული. გვესმის, რომ ძალიან რთული პროცესია, თუმცა, ამავდროულად საინტერესო და სასიამოვნოა. ვფიქრობ, ბიჭებისთვის იქნება ყველაზე მაგარი, რადგან ამდენი წვალების შემდეგ აღმოჩნდნენ იქ, სადაც დიდი ხანია გვინდა მოხვედრა მთელ ქვეყანას. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი მაქსიმუმს გააკეთებს. დიდი როლი ექნება ფსიქოლოგიურ ფაქტორს, განსაკუთრებით პირველ თამაშში, თუმცა აზერბაიჯანს ეს წნეხი არ ექნება, რადგან მეტოქე რეგულარულად თამაშობს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე", - ამბობს ასათიანი.




ტრადიციულად უეფა-ს ოფიციალური გვერდი, ტურნირის წინასიტყვაობას წერს, სადაც გათამაშების დებიუტანტებზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს, საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს. „ოთხი წლის წინ, ახალბედები ფრანგები იყვნენ, რომლებმაც, ესპანეთს „ჩაავლეს" და აზერბაიჯანის შევიწროვება მოახერხეს. თუმცა, ახლა ლურჯი-თეთრები, ქართველებმა ნოკაუტით გამოაგდეს და ახლა, თავად არიან დებიუტანტები. მათი ყურება ღირს, ჯგუფში, სადაც მეტოქეებად, ესპანეთი და აზერბაიჯანი ეყოლებათ. საქართველოს შეუძლია იამაყოს გუნდით, რომლის შემადგენლობაშიც არის გამოცდილი მეკარე ზვიად კუპატაძე, ასევე გუნდის ბირთვი - რონინიო, თალესი, არჩილ სებისკვერაძე და ცოტა ხნის წინ გუნდში მისული ვილიანი", წერს უეფა-ს ვებ-გვერდი და იქვე დასძენს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შესარჩევ ცილკლში, პატარა „სასწაული" ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებმაც მოახერხა, D ჯგუფი არის ყველაზე საინტერესო A ჯგუფის შემდეგ.