"მაკრონი" - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტექნიკური სპონსორი
"მაკრონი" - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტექნიკური სპონსორი
19.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი ტექნიკური პარტნიორი ჰყავს.  2022 წლის სეზონიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლოგოს ქვეშ მოასპარეზე ყველა ნაკრები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ეროვნული ნაკრებები, ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ასევე ასაკობრივი გუნდები, „მაკრონის" ფირმის ფორმით იასპარეზებენ. პარტნიორობის ხელშეკრულებას ოფიციალურად ხელი დღეს, თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში მოეწერა.


ახალი პარტნიორის წარმოებული ფორმებით, 2022 წელს, საწვრთნელი-ამხანაგური მატჩები უკვე ჩაატარა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა. ამავე ეკიპირებით, გაემგზავრა გუნდი დღეს, ნიდერლანდებში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ, თუმცა, ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ მარტში, ზემოთხსენებული ყველა ნაკრები, საგანგებოდ სფფ-სთვის შექმნილი დიზაინის ფორმებით იასპარეზებენ.




„უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს", - ამბობს ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.


სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებენ. ხელშეკრულება, როგორც უკვე გითხარით, ოფიციალურად დღეს გაფორმდა და მას ხელი, საქართველოს მხრიდან ლევან კობიაშვილმა, „მაკრონის" მარკეტინგის დირექტორმა, რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს.




„ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ ღირებულებაზეა დაფუძნებელი, საიდანაც ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი - ვნება და ამბიცია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრები ელის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიქნებით. მაკრონი 100 პროცენტით კმაყოფილია ამ თანამშრომლობით და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის მუშაობის მაღალი დონე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ", - ამბობს, რობერტო კაზოლარი.


სპორტული ეკიპირიების მწარმოებელი ფირმა „მაკრონი", 1971 წელს, იტალიაში დაარსდა. ამ მომენტისთვის, „მაკრონში"  წარმოებული ეკიპირებით უეფა-ს წევრი 7 ქვეყნის ნაკრები ასპარეზობს. „მაკრონის" ფორმით, ევროპის სხვადასხვა კლუბიც ასპარეზობს (და არა მხოლოდ საფეხბურთო) და მათ შორის „ლაციო", „ბოლონია", „ჰელას ვერონა", „სამპდორია", „უდინეზე", „სტოკ სიტი", „ბლექბერნი", „რეალ სოსიედადი", „კადისი". „მაკრონის" მიერ წარმოებული ფორმა აცვიათ უეფა-ს მსაჯებს.



უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, უკვე, „მაკრონის" მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი. ახალი სათამაშო ფორმით კი, პირველ ოფიციალურ მატჩებს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლადნებში, ფუტსალის ევრო 2022-ზე იასპარეზებს.