
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, უკვე მეორე დღეა ნიდერლანდების გრონინგენში იმყოფება და სადებიუტო ევრო 2022-სთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, დღეს გრონინგენის „ვილდერფანკის სპორტულ დარბაზში" 17 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გამომდინარე იქიდან, რომ გრონინგენში გათამაშების ორი ჯგუფი ასპარეზობს, „მარტინ პლაზას" მოედანი გუნდებს, უშუალოდ მატჩის წინა დღეს სავარჯიშოდ და თამაშის დღეს ეთმობათ. დანარჩენ შემთხვევაში, გუნდები, სწორედ, „ვილდერფანკის სპორტულ დარბაზში" ვარჯიშობენ.
„დღეს დიდი დრო დავუთმეთ ტაქტიკურ მომზადებას, განსაკუთრებით სტანდარტულ მდგომარეობაზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული. 5/4-ზე შეტევა, 5/4-ზე დაცვა. ვფიქრობ, რომ მზად ვართ ამ ისტორიული მატჩისთვის. თუ როგორ მოვემზადეთ, ამას თამაში გასცემს პასუხს. ბიჭებს გათავისებული აქვთ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და მახარებს. ისტორიული თამაშის განწყობა დაძაბულობაში არ გადადის, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგია. საწყისი წუთები მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ, იმ ტაქტიკურ დავალებებზე ვიმუშავებთ, რაც ასეთი თამაშების წინ ბოლო ვარჯიშებზე კეთდება. ვთვლი, რომ მზად ვართ 22 იანვარი სიმბოლურ თარიღად ვაქციოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ევრო 2022-ის დებიუტანტს, საკმაოდ ერგო ყურადღება უეფა-ს ვებ-გვერდიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ 22 იანვარს, ჩვენი გუნდი მსგავსი რანგის ტურნირზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს, მას სერიოზულ მეტოქედ აღიქვამს აზერბაიჯანის ნაკრებიც, რომელსაც ჩვენი გუნდისგან განსხვავებით, მეტი გამოცდილება აქვს, მსგავს ტურნირზე მონაწილეობის.
„აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს, ეს ერთგვარი პლუსია. მათ ეს გამოცდილება აქვთ, ჩვენ კი არა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ, შემსრულებლებით უფრო კარგი გუნდი ვართ. ამ თამაშში თანაბარი შანსი აქვს ორივე ნაკრებს, ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს. ამ ყველაფრისთვის ვემზადებით, წინ კიდევ ერთი ვარჯიშია, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და მზად ვართ პირველი თამაშისთვის", - ამბობს ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
სფფ-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ეროვნული ნაკრები სადებიუტო მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება და ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. 21 იანვარს, საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშებს. გრონინგენის „მარტინი პლაზაში", ჩვენი გუნდის საწვრთნელი პროცესი 17:00 საათიდან დაიწყება. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ტრადიციული მატჩისიწინა პრეს-კონფერენცია, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. შესაბამისად, მასზე დასწრება და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელითვის კითხვების დასმა, მედიის წარმომადგენლებს, ონლაინ-რეჟიმში შეეძლებათ.

სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








