
უეფა-ს MD1-ის პროტოკოლით გათვალისწინებული პრეს-კონფერენცია, კოვიდ-რეგულაციების გამო, ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. შესაბამისად, მასზე დასწრება მედიის წარმომადგენლებს, სურვილის შემთხვევაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეეძლოთ. შეგახსენებთ, რომ ხვალ 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევრო 2022-ის სადებიუტო მატჩს გამართავს. ჩვენები აზერბაიჯანის გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელსაც კოვიდ-გადატანილი ნატურალიზებული ფეხბურთელები უკვე შეუერთდნენ და გუნდთან ერთად ივარჯიშეს. სრული დატვირთვით ვარჯიშობს ავთანდილ ასათიანის გუნდიც.
„ასეთ ტურნირზე თამაშით სიამაყის განცდის მეტი არაფერი გვეუფლება. რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. აზერბაიჯანის ნაკრები ჩემი ინფორმაციით, საუკეთესო შემადგენლობით ემზადება, თანაც ისეთი ძლიერია, რამდენიმე ფეხბურთელის დანაკლისი არ დაეტყობა. აქცენტი ჩემს გუნდზე მაქვს გაკეთებული და მხოლოდ იმის იმედად ვერ ვიქნებით, რომ მეტოქეს ვინმე გამოაკლდება და ეს გაგვაძლიერებს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრას ევრო 2022-ზე, გრონინგენის „მარტინ პლაცაში" ინტერნაციონალური მსაჯთა ბრიგადა განსჯის. პირველი მსაჯი ფრანგი სედრიკ პელისიე ქინება. მასთან ერთად პარკეტზე, შვეიცარელი დანიელ მატკოვიჩი იმუშავებს. მესამე მსაჯი და დროისამთველი კი, ხორვატები არიან - ნიკოლა ელიჩი და ვედრან ბაბიჩი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, D ჯგუფში, სადაც ჩვენები, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცეგოვონას, ასევე ყველაზე ტიტულოვან ევროპულ ნაკრებთან - ესპანეთთან ერთად ასპარეზობენ, ქართულ გუნდს, ალმაცერად არავინ უყურებს. მსგავსი გარემოება, ბუნებრივია, რომ ასათიანის გუნდს, პასუხისმგებლობასაც მატებს და თუნდაც, დებიუტანტის კვალობაზე მცირე დისკომფორსაც კი უქმნის. შესაბამისად, ხვალინდელ თამაშში, უპირველესად, საქართველოს ნაკრებს, საკუთარი ფსიქოლოგიური წნეხის გატეხვა მოუწევს.
„რა თქმა უნდა, პირველი თამაში ორმაგად რთულია და ორმაგად მნიშვნელოვანია კარგად დაწყება. ჩვენ პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე, აზერბაიჯანს კი აქ თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ვფიქრობ, შანსი თანაბარია. მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავიწყოთ და შემდეგ დანარჩენ მატჩებზე ვიფიქრებთ", - ამბობს ირაკლი თოდუა.
ევროპის ჩემპიონატზე, სუსტი მეტოქე არ არსებობს. შესაბამისად, რეგალიების და მსგავს ფორუმებზე ასპარეზობის გამოცდილების მიუხედავად, კარგი სტარტი, ბევრს გადაწყვეტს.
ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე, აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი, აზერბაიჯანულ ენაზე ავრცელებს, ხვალინდელ მატჩში მათ გუნდს, ორი ფეხბურთელი დააკლდება. დღეს, ბოლო ვარჯიშის შემდეგ, ჩატარებული კოვიდ-ტესტის შემდეგ, ორი ფეხბურთელის გალლოსა და როვშანა ჰუსეინლის ანალიზმა კოვიდ-დადებითი პასუხი აჩვენა. ფეხბურთელებს, ხვალ დილით, განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, მონაწილეობას მიიღებენ. ამჟამად კი, აზერბაიჯანის გუნდის ორი წევრი, საკარანტინე სასტუმროში იმყოფებიან.





ჩვენ








