
ფუტსალში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ევრო 2022-ის ფინალური ეტაპის პირველ ჯგუფურ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა 3-2 დაამარცხა, უეფა-ს რეიტინგით ბევრაად მაღლა მდგომი და მსგავს ფორუმებზე ასპარეზობის გამოცდილების მქონე აზერბაიჯანის ნაკრები. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრები უეფა-ს მიერ წარმოებულ ფუტსალის ისტორიაში, გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დებიუტი მოიგო.
თუ არ ჩავთვლით 1996 წელს, როდესაც ფუტსალის ევრომ აიღო სტარტი, 1999 წელს დებიუტანტმა ხორვატიამ 4-3 დაამარცხა იუგოსლავიის ნაკრები, 2007 წელს რუმინელებმა ჩეხეთს, 8-4 მოუგეს, 2010 წელს კი, იმ აზერბაიჯანმა, რომელსაც დღეს ჩვენმა ნაკრებმა მოიგო, უნგრეთს 3-1 სძლია. ფაქტია, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ისტორიის წერას აგრძელებს და უკვე, გრონინგენში, ევრო 2022-ის, მეორე ჯგუფური თამაშისთვის ემზადება, რომელსაც ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს.

თუმცა მანამდე, მოდით დღევანდელი მატჩი გავიხსენოთ, რომელშიც აზერბაიჯანის ნაკრებს კორონა ვირუსის გარდა, როგორც გუშინ ვიუწყებოდით, ორი მოთამაშე აკლდა. შესაბამისად, ჩვენმა მეზობლებმა, მატჩის განაცხადიც კი ვერ შეავსეს სრულად. შეხვედრაც, რაღა დასამალია და თუ არ ჩავთვლით, მეორე ტაიმის რამდენიმე მონაკვეთს, როდესაც აზერბაიჯანის ნაკრებმა თამაშის გათანაბრება მოახერხა, გრონინგენის „მარტინ პლაცაში" წესებს ავთანდილ ასათიანის გუნდი კარნახობდა.
„რთულია თამაშის ასე წაგება, მაგრამ ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით მას შემდეგ, რაც ორი გოლი გავიტანეთ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. თამაშამდე ჩვენ გქვონდა საუბარი მოვლენების ასეთ განვითარებაზე, მაგრამ უშუალოდ მატჩის დროს, მათზე ფოკუსირება ვერ მოვახერხეთ და ამის ფასიც გადავიხადეთ", - ამბობს ალესიო, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

დიახ, მოიხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მთელს მოედანზე პრესინგს თამაშობდა, წამიერი მოდუნება, ვილელას დუბლად (5'14'', 6'26'') დაგვიჯდა. საერთოდაც, შეხვედრის ამ მონაკვეთში, საქართველოს ნაკრებს კარის ჩარჩოში 12-ჯერ ჰქონდა დარტმული, მაშინ როცა აზერბაიჯანელებს, მხოლოდ 4-ჯერ. თუმცა, ამ ოთხიდან ორი ზუსტი აღმოჩნდა. შესაბამისად, ავთანდილ ასათიანას, იმას გარდა, რომ ორი გოლის ჰქონდა „ამოსაღები", ჩვენი გუნდის თამაშში, მცირედი ხარვეზების აღმოსაფხვრელადაც ძალები უნდა ეღონა.
„არაერთხელ ვთქვი, რომ საწყისი წუთები იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობდით და ეს ემოციური ფონი იგრძნობოდა მოედანზე. მთავარია, რომ ორი გაშვებული გოლის შემდეგ ბიჭებმა სწრაფად მოახერხეს მობილიზება. გასახდელში ვისაუბრეთ, რა უდნა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმში. ვფიქრობ, ამ ბიჭებმა დაიმსახურეს და ჩვენთვის ისტორიულ მომენტში პირველი სამი ქულა აიღეს", - ამბობს ავთანდილ ასთიანი მატჩის დასრულების შემდეგ.

თუმცა, „გასახდელში საუბრამდე", ელისანდრომ, რომელსაც მთელი თამაში განსაკუთრებულად მეურვეობდნენ ერთი გოლი გაქვითვა (9'31'') 0-2-ზე მალევე მოახერხა. შესაბამისად, ქართველთა ყველაზე ემოციური ნატურალიზებული ბრაზილიელი, ქართული ფუტსალის ისტორიის ფურცლებზე და დღევანდელ მატჩის ოქმშიც, შევიდა, როგორც პირველი გოლის ავტორი, მსგავს ფორუმზე.
„ასეთი მომენტებისთვის, ჩვენ თამაშებზე ყველაფერს ვდებთ. ცაში დავფრინავ. თავს, საოცრად ვგრძნობ. გოლის გატანა და საქართველოსთვის ამით დახმარება, გუნდის პირველ საფინალო მატჩში. არაფერი ამაზე კარგი არ გამიკეთებია", - ამბობს ელისანდრო.

აქვე გეტვით, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - კუპატაძე, შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო. ალბათ, ვინც ჩვენი ნაკრების ევრო 2022 -სთვის მზადებას თვალს ადევნებდა, ემახსოვრება, რომ საქართველოს ნაკრების გამოცდილ რონინიოს მცირე ტრავმაც აწუხებდა. ფეხბურთელმა, ერთი კვირის წინ, თბილისში, გამართული ბოლო საწვრთნელი სპარინგებიც გამოტოვა და აზერბაიჯანთან მატჩშიც ჩვეული რონინიო არ იყო, თუმცა, საქმე მაინც გააკეთა. რონინიოს გოლი დღეს, არ გაუტანია, თუმცა, ჩვენი გუნდის მეორე სტაჟიანი ბრაზილიელის თალესის ზუსტად დარტყმულმა პენალტმა (31'30''), საქართველოს ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუტანა. ამ გოლამდე იყო, ქართველი გოლეადგორის არჩილ სებისკვერაძის ტექნიკური თამაში, რომელმაც კარგად შენიშნა მოწინააღმდეგის შეცდომა და გოლიც ზუსტად გათვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მეტოქემ, შეხვედრის ბოლოს 7 წუთის მანძილზე პარკეტზე მეხუთე მოთამაშე გამოიყვანა და ასათიანის გუნდს დაცვაში მოუხდა თამაში, საგოლე მომენტი, მინიმუმ ორჯერ სწორედ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შექმნეს, როდესაც, პეტრი ბრანკოს დარტმული სულ მცირე მანძილით აცდა, აზერბაიჯანელთა ცარიელ კარს. ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა, არ დაგვეზარება განმეორება, ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი, 3-2 გაიმარჯვა.

„ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგ თამაშზე გადავერთოთ. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ძალიან რთული მატჩი გველის და ასპროცენტიანი მობილიზების გარეშე იოლი არ იქნება. ჩემი აზრით, თამაშის სურათი საწყისმა წუთებმა და გაშვებულმა გოლებმა განაპირობა. ვირწმუნეთ, რომ ესეც ჩვეულებრივი თამაშია. ჩვენი გამარჯვება განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. ველოდით ამ გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. საქმე ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვქონდა და მოსაგებად მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, მატჩის დასრულების შემდეგ.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, 26 იანვარს, კვლავ, გრონინგენში ჩაატარებს. ახლა, ავთანდილ ასათიანის გუნდისთვის მთავარი, დღევანდელი ემოციებისგან დაცლა და ახალი ფურცლის საწერად გამზადებაა. ემოციების გარეშე, რომ არ იქნებოდა, ესეც უტყუარი ფაქტი იყო.

„ყოველთვის მქონდა ოცნებად, ასეთი დიდი ტურნირი მეთამაშა და აქ, ასეთ დროს პირველი მატჩის მოგება, წარმოუდგენლად სასიხარულოა. მას შემდეგ რაც ორი გოლი გავუშვით, უფრო მეტად მოგვიხდა მონდომება, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ცივი გონება შემოგვენახა და დანარჩენი თამაშში აისახა", - ამბობს შაგინია.
„მინდა, ყველას მივულოცო ეს გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი და ფუტსალის გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო წარვადგინეთ და ჩვენი სახელი გავიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასტარტო თამაშის მოგება, თუმცა ვაანალიზებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საოცარი ემოციები იყო, თუმცა ვეცდებით, რომ ხვალიდან შემდეგ თამაშზე მოვახდინოთ კონცენტრირება", - ამბობს ირაკლი თოდუა.

დღესვე, გრონინგეში, D ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ტურნირის ყველაზე ტიტულოვანმა ესპანეთის ნაკრებმა, ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრები 5-1 დაამარცხა. ესპანეთის ნაკრებს ამ შეხვედრაში, მეტოქის კარის აღების 55 მცდელობა ჰქონდათ, აქედან 18-ჯერ კარის ჩარჩოს მიმართულებით დაარტყეს ბურთი. მეორე ტურში, ჩვენმა მოწინააღმდეგე ბოსნიელებმა, კი კარის ჩარჩოში, მხოლოდ 9-ჯერ დაარტყეს, 17 შესაძლებლიდან.
ესპანეთის ნაკრებს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, უშუალოდ საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ. მანამდე კი, ესპანელთა ნაკრების თავკაცის, ფედე ვიდალის მოსაზრებას გთავაზობთ, ბოსნიელებთან დაკავშირებით: „ბოსნია-ჰერცეგოვინას გუნდმა, ბოლო წლებში თამაში, საგრძნობლად გამოასწორა. იყო რთული მატჩი, იმ თვალსაზრისით, რომ მთელი რიგი მომენტების მიუხედავად, ჩვენ მოგვიწია დიდი ჯაფა, გოლების გასატანად. საბედნიეროდ, ნელ-ნელა მოვახერხეთ თამაშის აწყობა და ბალანსის შენარჩუნება. ბედნიერები ვართ, რადგან ვიცით, პირველი სამი ქულის მნიშვნელობა".
ბუნებრივია, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე, სწორედ, საქართველოსთან მატჩში შეეცდება დღეს განცდილი მარცხის კომპენსირებას. ცხადია, ისიც, რომ ესპანეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მატჩს უყურა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც და ევრო 2022 წლის მეორე ტურის შეხვედრისას, გუნდიც შესაბამისად მომზადებული გამოვა.
ფოტო: @UEFA / SPORTSFILE





ჩვენ








