
კოვიდ-რეგულაციების გამო, დღეს, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის B ჯგუფში, თსუ თამაშზე ვერ გამოცხადდა და გუნდს "კაკტუსთან" დებულების თანახმად ტექნიკური წაგება, 0-20 ჩაეთვალა. ამ ჯგუფიდან კი, თბილისში მიმდინარე ტურნირის მორიგ ეტაპზე "მეგა" გავიდა, რომელმაც ნახევარფინალის საგზური გუშინ გაინაღდა.
***
დღეს კი, ოლიმპიურ სასახლეში კიდევ, სამი მატჩი ჩატარდა. თუმცა, მივყვეთ თანმომდევრობით. გათამაშების მეორე ნახევარფინალისტი აჭარული კლუბი "ბათუმია". ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "ოლიმპს" 75:72 სძლიეს და პირველი ადგილი დაიკავეს. შესაბამისად, ბათუმელებმა D ჯგუფიდან ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს და ფინალში გასასვლელად ხვალ, 23 იანვარს, ითამაშებენ.
ბათუმელები მიმდინარე მემორიალს სოლიდური დანაკლისით შეხვდნენ. ზღვისპირელებს 2 ლეგიონერი - დენის მავინი და აიზეა ტრეილორი გამოაკლდათ, რომლებმაც გუნდი უკვე დატოვეს. ერთი, ისიც რიგითი ლეგიონერის ამარა დარჩენილმა ბათუმელებმა 2 უმძლავრესი მატჩი ჩაატარეს - პირველ ტურში "მგზავრები" არ დაინდეს და 43 ქულით აჯობეს, დღეს კი "ოლიმპს" დაძაბულ ბრძოლაში - 3 ქულით სძლიეს.
შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა, სადაც უფრო შედეგიანი ბათუმელები აღმოჩნდნენ. ოლიმპიც დანაკლისით თამაშობდა - დავით როგავას გუნდს მთავარი გამთამაშებელი, გივი ბაქრაძე აკლდა. ამის მიუხედავად, ოლიმპელებს გამარჯვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ფინალურ წუთებზე ბექა ბექაურისა და ლევან ელიაძის სამქულიანებმა თბილისური გუნდი წელში გატეხეს. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. 1 ქულით ჩამორჩენილი "ოლიმპი" უტევდა, დასრულებამდე 5 წამით ადრე დავით ლომიძეს შეცდომა მოუვიდა და ბურთი დაკარგა. ყველაფერი აქ გადაწყდა - საბა ლობჯანიძემ კიდევ 2 საჯარიმო ჩააგდო და ბათუმელები ნახევარფინალში გაიყვანა.
გამარჯვებულებს 23 ქულით და 12 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. 18 ქულა საბა ლობჯანიძემ ჩააგდო, ხოლო სპენსერ კოლინსის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 16-16 ქულით ლუკა კალატოზიშვილი და დავით ლომიძე გამოირჩნენ. ბუნდუ აბდულაის ანგარიშზე 9 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
***

C ჯგუფი დიდი ბრძოლა გაიმართა "ვერასა" და "რუსთავს" შორის. ამ გუნდებს ჯგუფის პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ და პირველ ადგილზე გამსვლელის ვინაობა პირად შეხვედრაში უნდა გაერკვიათ. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ვერელების გამარჯვებით დასრულდა.
უხვქულიანი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ, ხანაც - მეორე. გუნდები პერიოდებს მონაცვლეობით, დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა ჯამში ვერელებმა იძალეს. პირველი ათწუთეული რუსთაველებმა 29:21 მოიგეს, მომდევნო პერიოდი კი ვერელების უპირატესობით - 32:20 დასრულდა, რის შემდეგაც ისევ ქვემოქართლელთა ჯერი დადგა: 26:12 და ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდის დასაწყისში 14 ქულით - 79:65.
შესაძლოა, აქ რომელიმე გუნდს ფარ-ხმალი დაეყარა, მაგრამ არა "ვერას". ეს გუნდი ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობით და ეს თვისება კიდევ ერთხელ გამოავლინეს. დარჩენილ 8 წუთში ვერელებმა დარელ ბრაუნის წინამძღოლობით მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილებაც და წინ გასვლაც. აღსანიშნავია ახალგაზრდა ბორის თორთლაძისა და ამერიკელი სნაიპერის - ზაკ სელიასის შედეგიანი თამაში გადამწყვეტ წუთებში, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ "ვერამ" გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
გამარჯვებულებს 31 ქულით, 16 მოხსნითა და 6 პასით ზაკ ელიასმა ულიდერა. 30 ქულა, 6 პასი და 5 ჩაჭრა დარელ ბრაუნმა მიითვალა, ხოლო გიორგი ბიგანაშვილმა და გიორგი გოგუამ შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. "რუსთავში" 19 ქულითა და 21 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი, 19 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი კრისტიან კილინგმა დააგროვა.

A ჯგუფში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას თასის მოქმედი მფლობელი "ქუთაისი" ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს. პირველ ტურში ცხუმ-აფხაზეთის 17 ქულით დამარცხების შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად მარტივი გზა ჰქონდა დარჩენილი. იმერულ კლუბს "ტიტებთან" 13 ქულით არ უნდა წაეგო. 12 და ნაკლები ქულით დამარცხება კი, ხელს აძლევდა, ჯგუფში პირველ ადგილზე რომ გასულიყო.
ქუთაისელებმა ამოცანა იოლად შეასრულეს. არათუ წააგეს, 10 ქულით იმარჯვეს და საკუთარ ქალაქში დანიშნული ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ხვალ, ნახევარფინალურ მატჩში "ბათუმის" ძლევა სჭირდება. არადა, "ტიტებმა" ქუთაისელებს მიმდინარე სეზონში ორჯერ - დუდუ დადიანის მემორიალის ფინალსა და სუპერლიგის მე-8 ტურში მოუგო. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ "ტიტებს" ამჯერად რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მათ შორის ძირითადი გამთამაშებელი, ისააკ ასრატი აკლდა, თუმცა გუნდმა მაინც ღირსეულად იბრძოლა და გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.
თუმცა ლეჟავას გუნდს 13 ქულით მოგება სჭირდებოდა და როცა ბოლო პერიოდში ქუთაისი წინ გაიჭრა, ჯგუფიდან გამსვევლის ვინაობა გაირკვა. ქუთაისელებს ნახევარფინალში გასვლაზე არანაკლებ უხრიათ ახალი ლეგიონერის შემატება, რომელიც უბადლო მსროლელია და "ტიტებს" დღეს 9-დან 5 სამქულიანი, ჯამში კი 24 ქულა ჩაუგდო. სოლიდური, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა აკაკი დვალიშვილმა - 20 ქულა, 12 მოხსნა. 16-16 ქულა გიორგი კორსანტიამ და ჯარვის რეიმ მიითვალეს. ტიტებში 30 ქულით საუკეთესო იყო ჯორდან რობერტსონი, 13 ქულა კრის მაკინლიმ მიითვალა.
***
"ქუთაისისა" და "ბათუმის" ნახევარფინალური მატჩი ხვალ, 23 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე გაიმართება. მოგვიანებით, 15:30 საათზე კი, "ვერა" ნახევარფინალში "მეგას" დაუპირისპირდება.





ჩვენ








