
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის 1/2 ფინალური მატჩები გაიმართა. გაირკვა ფინალისტებიც - ტრადიციული ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, „ქუთაისი", საკალათბურთო სუპერლიგის 2021-22 წლების სეზონის გუნდ-სიურპრიზს, „მეგას" დაუპირისპირდება.
1/2 ფინალში კი, იმერულმა კლუბმა ნახევარფინალში დამაჯერებლად, 93-63 დაამარცხა „ბათუმი". კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს, მხოლოდ პირველ პერიოდში გაუჭირდათ, თუმცა, საწყისი პერიოდიც მოიგეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში, "ბათუმი" სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს და პირველ მეოთხედის შემდეგაც, ანგარიში, სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო, 23-21. მეორე პერიოდიდან კი, იმერულმა კლუბმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა. სადავეებს დაეპატრონა. ეს ათწუთიანი მონაკვეთი ქუთაისელებმა 26-17 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
„ბათუმი", თამაშის მიმდინარეობის შეცვლას შეეცადა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, იმერული გუნდი უპირატესობას ზრდიდა და საბოლოოლ, ამ დაპირისპირებაში სხვაობამ 30 ქულა შეადგინა. ქუთაისელთაგან საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა - 17 ქულა, 13 მოხსნა. ბომბარდირი სტივენ ფლეჯერი გახდა 18 ქულით. 10 ქულა და 14 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა. ბათუმელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 15 ქულა რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზეა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში სუპერლიგის დებიუტანტი „მეგა", „ვერას" დაუპირისპირდა. შეხვედრა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედიც, მატჩის ბოლო წუთებზე გაირკვა. ორივე გუნდი დანაკლისით თამაშობდა, თუმცა „ვერას" 2 სასტარტო ხუთეულის მოთამაშე - ვახტანგ ქადარია და თაჩ უნრუჰი აკლდა. ამის მიუხედავად, დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი ვერელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ძირითადად, თამაში, ვერელთა კარნახით მიმდინარეობდა და ბოლო პერიოდის წინაც, 9 ქულით, 70-79 იგებდა.
თუმცა, „მეგამ", ბოლო ათ წუთში მეტოქის დაჩაგვრა მოახერხა, შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, დაწინაურდა კიდეც. თუმცა, დარელ ბრაუნმა და ზაკ სელიასმა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ბოლო წუთისთვის ტაბლოზე 96-96 ენთო. ბოლო წუთზე კი, თავი, „მეგას" ლეგიონერებმა გამოიჩინეს. ჯერ, ჯიმონ ჰენსონმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი, დემონტე ფლანიგანმა, ვერელების შეტება ჩაჭრა და საკუთარ გუნდს, საჭირო ორი ქულა მიუთვალა.
ამ მატჩში, საუკეთესო 29 ქულით და 5 პასით ჯიმონ ჰენსონი გახდა. ფლანიგანის ანგარიშზე 22 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. შედეგიანობით გამოირჩა ოთარ ბულიავა - 16 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი. ასევე, აღსანიშნავია ახალგაზრდა გიორგი კობახიძის კარგი თამაში, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და თავისიანების გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. „ვერაში" 35 ქულითა და 11 მოხსნით ზაკ სელიასი გამოირჩა, 30 ქულა დარელ ბრაუნის ანგარიშზეა.
საბოლოოდ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „მეგამ", მემორიალის შარშანდელი ფინალისტი „ვერა", 106-99 დაამარცხა და ისტორიაში პირველი ტიტულის მოსაგებად ითამაშებს. ფინალური შეხვედრა ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში 25 იანვარს, 15:00 საათზე დაიწყება.
კალათბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








