კარგი განწყობით და სრული მობილიზებით
კარგი განწყობით და სრული მობილიზებით
24.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

26 იანვარს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მეორე ჯგუფურ შეხვედრას გამართავს. ბუნებრივია, მოგებული პირველი ტურის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს, რომელსაც დებიუტანტის კვალობაზე არ აკლდა ყურადღება, უფრო მეტად დააკვირდებიან. ამჯერად, D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, ჩვენი მეტოქე, ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრები იქნება, რომელმაც პირველი შეხვედრა, ესპანეთან წააგო და ახლა, „თავის გადარჩენას" შეეცდება.

მეორე ტურის მატჩისთვის ავთანდილ ასათიანის გუნდი სრული დატვირთვით ემზადება. ჩვენმა ნაკრებმა,  გრონინგენის „მარტინი პლაზაში" დღეს, კიდევ ერთხელ ივარჯიშა. პროცესში, გუნდის 17-ვე ფეხბურთელი მონაწილეობდა. მანამდე, აზერბაიჯანთან გამარჯვების შემდეგ, 23 იანვარს, საქართველოს ნაკრებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდა. TSFF.GE-ს ინფორმაციით, გუნდში, კარგი განწყობაა და ყველა, მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული, ფეხბურთელით დამთავრებული, აცნობიერებს, რომ სადებიუტო გამარჯვების ეიფორია, დროებით გვერდზეა გადასადები.




„აზერბაიჯანის გუნდმა ჩვენთან მეორე ნომრად დაიწყო თამაში. გაუმართლათ, ორივე მომენტი გამოიყენეს და მიუხედავად იმისა, რომ 0-2 ვაგებდით, დაცვიდან თამაში დაიწყეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამჯერ მეტი დარტყმა გვქონდა კარში. ბევრი მომენტი შევქმენით და ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ მონაწილეობს. ყველას თავისი სპეციფიკა და პლუსები აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაარჩევ მოწინააღმდეგეს მოკლე დროში. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხშირად 5/4-ზე თამაშობს. ძალიან სერიოზული მეტოქეა, ვარჩევთ მეტოქის თამაშის სტილს და თამაში აჩვენებს. შეგვიძლია მოგება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის", - ამბობს ზვიად კუპატაძე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე.

ხვალ, 25 იანვარს, თბილისის დროით, 20:40 საათზე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართება. ისევე, როგორც პირველი, ის ხანმოკლე იქნება და ქართველ ჟურნალისტებს, ონლაინ-რეჟიმში შეეძლებათ კითხვების დასმა. შემდეგ, კი, ტრადიციული მატჩისწინა ბოლო ვარჯიშია დაგეგმილი. მისი დამთავრებისას, ავთანდილ ასათიანი, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩის 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში, 17 ფეხბურთელია:




მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)


წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)




მეორე ტურის მატჩამდე, ევრო 2022-ის  D ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთისა და საქართველო ეროვნული ნაკრებები ლიდერობენ. მეორე ტურის თამაშები კი, 26 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთთან 1-5 წააგო. „მარტინ პლაზას" დარბაზში, თავდაპირველად, სწორედ, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მატჩი ჩატარდება. ის, თბილისის დროით, 20:30 წუთზე დაიწყება და მისი ნახვა, საზოგადოებრივი მაუწყებლით იქნება შესაძლებელი. ამ შეხვედრის დასრულებიდან ერთ საათში, 23:30 საათზე, ჯგუფის მეორე მატჩი ჩატარდება, რომელშიც, ესპანეთი, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.


სფფ-ს ფოტოები