
ალბათ, ვისაც გუნდთან არ უმუშავია, რთულია ბოლომდე გაიგოს, რას ნიშნავს იყო გუნდის ფოტოგრაფი. ეს არის ენით აუწერელი და დაუღალავი შრომა თამაშიდან თამაშამდე, თამაშის დროს და ამ თამაშის დასრულების შემდეგაც კი - კადრების ამორჩევა, რომელიც გაკვრით გახსოვს, რომ გადაიღე და ცდილობ შეაგროვო, ალბომში, რომელიც გუნდისთვის კეთდება, საინტერესო კადრი არ გამოგრჩეს და არ დაგეკარგოს. კიდევ ნერვიულობა, იმ კონკრეტული მატჩის გამო, რომელსაც შენი გუნდი თამაშობს. რაც არ უნდა „გულქვა" ფოტოგრაფი იყო, როდესაც გუნდის ფოტოგრაფი ხარ, ამ გრძნობას ვერც მალავ და ვერც გაექცევი...
„რას შვებიან?", „ამათ, თამაში არ უნდათ...", „დაურტყი ბიჯო შორიდან, სოელია ეს ბურთი....", „ამათ უნდა მომკლან?"... ამ ფრაზებს ხშირად გაიგებდი, თუ ბადრი კეთილაძის გვერდით გიწევდა ყოფნა, „დინამო თბილისის" თამაშების დროს. განსაკუთრებით, მაშინ ნერვიულობდა როცა მისი გუნდი „დინამო თბილისი", მის მშობლიურ ქუთაისში „ტორპედოს" ეთამაშებოდა. არასდროს უთქვამს, მაგრამ ალბათ, ამ თამაშებში მისთვის, ყველაზე მისაღები შედეგი, ფრე იქნებოდა... ისე, რომ არც „დინამოს" სწყენოდა და არც მისი მშობლიური ქალაქის გუნდს.
![]() |
|
![]() |
![]() |
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში იყო ნამყოფი, შედარებისთვის ყოველთვის ნორვეგია მოჰყავდა, იქ გადამხდარი თავგადასავალი კი, განუმეორებელი იყო მისთვის... ნორვეგიაზე ჰყვებოდა ამბებს, როტერდამშიც, როდესაც ასაფრენად გამზადებული თოლიის მოლოდინში, კარგი მონადირესავით, დიდხანს იყო ჩასაფრებული.
ხშირად ჰყვებოდა ამბებს, თუ როგორი რთული იყო გადაღება ყინვიან ამინდებში და პატარ-პატარა რჩევებს გაძლევდა, ასეთ ვითარებაში, როგორ მოქცეულიყავი. თუმცა, რჩევები, არც სხვა დროს ენანებოდა, მაშინაც კი, როცა, თავიდან ბოლომდე, თამაშში იყო ჩართული. მახსოვს, როდესაც პირველად კამერა ავიღე ხელში და ბადრი ვნახე, თამაშამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი... ბოლომდე არ მენდო, გამომართვა და შეამოწმა ყველაფერი სწორად მქონდა თუ არა... შემდეგ დაიწყო თამაში და „დინამო თბილისს" არ წაუვიდა საქმე კარგად, გუნდი აგებდა, მაგრამ ჩვენ ფოტოს გადაღებას ვაგრძელებდით. „კარგია, კარგია" - რამდენჯერმე გავიგე ბადრის ხმა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, კი მაგრამ რა არის კარგი, გუნდი აგებსთქო... სადღაც მეშვიდედ თუ მერვედ, რომ გაიმეორა „კარგია, კარგიაო", გავხედე და ვკითხე, კი მაგრამ რა არის კარგი, თამაშს ვაგებთქო... ისე, რომ გადაღება არ შეაჩერა, მიპასუხა, „სწორ მომენტში იწყებ გადაღებას, გისმენო"...
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ის იყო, ყველას თუ არა, ბევრის მასწავლებელი, ვინც დღეს, საქართველოში სპორტულ ფოტოს იღებს. თუ ბადრის სტადიონზე ხედავდნენ, ყველა ვისაც კამერა ეჭირა ხელში, იცნობდა მას თუ არა, მასთან, რჩევისთვის მიდიოდა. ისიც, არ იზარებდა - დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა, მზად იყო ნებისმიერ კითხვაზე, ადამიანურ ენაზე დეტალურად ეპასუხა, ესწავლებინა...
მატჩის დღეს, დილით ადრე ქუთაისიდან თბილისში მომავალ მინივენს მოაჯდებოდა ხოლმე და „დინამო არენის" მედია-ოთახში, პირველი ის მიდიოდა. დასავლეთისკენ თუ უწევდა გუნდს თამაში, ან ქუთაისის მაკ დონალდსთან, ან სამტრედიის „ხიდებთან" უცდიდა გუნდის ტრანსპორტს. ბოლო წლებში, ხშირად ჯანმრთელობას უჩიოდა - „იმოდონა კენჭი დავაგროვე, სახლს ავაშენებო", ხუმრობდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სიგარეტს თავს ვერ ანებებდა - როდესაც თამაშის მოგების იმედი ეწურებოდა, გვერდზე გადიოდა და ერთ ღერს, აუცილებლად მოწევდა. მას შემდეგაც კი, რაც გავიგეთ, რომ ფილტვზე, პრობლემა ჰქონდა, „მოწევის ამბები", „გავუკონტროლე"... ჩვევას ვერ ღალატობდა. კი იძახდა, „მორჩა, შევეშვიო", მაგრამ ფოთში, „შუქურასთან" სათამაშოდ ჩასულებს, სიგარეტით ხელში, რომ დაგვხვდა ფაზისის სტადიონის შესასვლელთან, ცოტა ვეჩხუბე, რუსოს ვეტყვითქო... მთხოვა, არ გინდაო... არ ვუთხარი...
ბოლოს 14 იანვარს ველაპარაკე, ქიმიის, შემდეგ, სახლში უთხოვია წაყვანა და „შუმახერის" (ასე ეძახდა, თავის შვილს მარიამს) ოსტატობით ამაყობდა. კარგ ხასიათზე იყო...
22 იანვარს წავიდა და ბევრს, სიმარტოვის განცდა დაგვიტოვა... ისევ ჩატარდება თამაშები, ისევ, იქნება ქართული დერბი, პირველი სულ მალე 25 თებერვალს, თბილისში... ისევ, წავა გუნდი უცხოეთში გასვლაზე... შეიძლება, ბადრის საოცნებო ნორვეგიაშიც...
![]() |
![]() |
![]() |
ნამდვილად არ ვიცი, თავად იცოდა თუ არა, რადგან პანდემიის გამო, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული საახალწლო ცერემონია შედგა თუ არა ისიც არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, დაგეგმილი 21 იანვარს იყო... ბადრი კეთილაძე, 2021 წლის გურამ თიკანაძის სახელობის წლის საუკეთესო სპორტული ფოტორეპორტიორის პრემიის ლაურეატი გახდა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი, ქართული ფეხბურთისა და სპორტის მნიშვნელოვანი ფოტომატიანეს შემქმნელი, უბრალოდ კარგი მეგობარი და სპორტული ჟურნალისტიკის გამორჩეული კოლორიტი, როგორც მას კოლეგების უმეტესობა იცნობს და ახასიათებს, დღეს, 25 იანვარს ქუთაისში დაკრძალეს...
მშვიდობით კოლეგავ, მასწავლებელო, მეგობარო და უბრალოდ, კეთილო ადამიანო! მადლობა, რომ იყავი მეგობარი და მასწავლებელი!






ჩვენ






















