რუსეთმა ევრო 2022-ის 1/4 ფინალის საგზური გაინაღდა
რუსეთმა ევრო 2022-ის 1/4 ფინალის საგზური გაინაღდა
26.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოგვწონს ჩვენ, თუ არა, რუსეთი არის ის ნაკრები ფუტსალში, ევრო 2022-ზე, რომელიც არასრული მეორე ტურის შემდეგ, ფავორიტებად შერაცხულ გუნდებს შორის, ყველაზე სტაბილური და გამართული ნაკრებია. C ჯგუფში, სადაც სახელმწიფო დროშების ერთი და იგივე ფერებიანი გამა დომინირებს, რუსეთის ნაკრებმა 25 იანვარს ძალიან მარტივად, ანგარიშით 0-4 დაამარცხა ხორვატები და რეალურად, გათამაშების მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.  სხვათა შორის, რუსეთმა, 2018 წლის ევროს ფინალური ეტაპის შემდეგ, როდესაც ყაზახეთს, 1-0 მოიგო, ამჯერადაც მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.  

„შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი თავიდანვე იყო, როდესაც ხორვატებს მოთამაშე გაუძევეს, ჩვენ კიდევ გავიტანეთ. მათ ნამდვილად არ მოეწონთ მდევრის როლში თამაში, სხვა გუნდი გახდა. ჩვენ კი, კიდევ ორი გოლი გავიტანეთ შესვენებამდე და მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები ვიყავით", - ამბობს სერგეი აბრამოვი, გუნდის კაპიტანი.


რთულია არ დაეთანხმო, რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ივან ჩიშკალას, რომელიც მატჩის შემდეგ იტყვის, რომ მათ მოწინააღმდეგეს ბევრად აჯობეს და თითქმის მომენტი არ მისცეს. ერთადერთი, რაზეც რუსები სწუხან, ნატურალიზებული ბრაზილიელის, რობინიოს ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც გათამაშების მეორე წრიდან რუსეთს აშკარად დასჭირდება და გუნდისთვის დიდი ძალაა. მის არყოფნაში კი, არტიომ ანტოშკინმა კიდევ ორი გოლი გაიტანა (2'33'', 25'55'') და მიმდინარე ჩემპიონატზე, გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც უკვე, 5 გოლი აქვს გატანილი. ამ დღეს გოლები,  პაულინიომ (11'11'') და ჩიშკალამ (19'15'') გაიტანეს.


„ჩვენთვის ძალიან დასაფიქრებელი თამაშია. რუსეთმა გაგვიტანა გოლი, მას შემდეგ რაც კაცი გაგვიგდეს. შემდეგ, როდესაც აგებ, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია. რამდენიმე სულელური შეცდომის შემდეგ, მეორე და მესამე გოლები გავუშვით და აქ, თამაში დამთავრდა. გქვონდა რამდენიმე შანსი, მაგრამ რუსეთი იყო უკეთესი და ახლა, სლოვაკების დამარცხება უნდა ვცადოთ",  - ამბობს იოსიფ სუტონი, ხორვატიის ნაკრების მოთამაშე.


ხორვატები, რომლებსაც ამ მომენტისთის 3 ქულა აქვთ, თანხმდებიან, რომ ჯგუფის მეორე შეხვედრა არ იყო მათი გუნდის საუკეთესო თამაში და თუ, შემდეგ ეტაპზე უნდათ გასვლა, აუცილებლად, სლოვაკების დამარცხება მოუწევთ, რადგან ბოლო, ჯგუფის მესამე შეხვედრაში, ნაკლებსავარაუდო, მაგრამ რუსეთთან გამარჯვების შანსი პოლონელებსაც აქვთ. რუსებს კი, თავი უკვე, ქუდში. ასე, რომ ამ ჯგუფში, მეორე საგზურის მფლობელის ვინაობა, მხოლოდ 29 იანვარს გაირკვევა.




ამ ტურში, პირველი ქულები აიღეს სლოვაკეთისა და პოლონეთის ნაკრებებმა. საკმაოდ დრამატული შეხვედრა პოლონელთა გოლით გაიხსნა,   კრიზელმა 6'24'' წუთზე გაიტანა და ეს ტაიმიც პოლონელთა მცირედი უპირატესობითა და გამარჯვებით დასრულდა. საერთო ჯამშიც, პოლონეთის ნაკრებმა შეხვედრაში 54-ჯერ სცადა სლოვაკთა კარის იერიში, როდესაც სლოვაკებმა ამის გაკეთება, მხოლოდ 44-ჯერ მოახერხეს. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე, კარგად ისარგებლეს მოწინააღმდეგე გუნდის დაცვაში თამაშის დროს დაშვებული შეცდომებით და ჯერ შევჩიკს (24'38''), შემდეგ კი დრაჰოვსკის (27'43'') არ გასჭირვებიათ ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ, მეორე გოლის წყალობით, წინ გასვლაც.


„ძალიან რთული თამაში იყო. ვიცით, რომ პოლონური ლიგა ძლიერია და მოთამაშეებიც ძლიერები არიან. გვინდოდა, სწრაფად გვეთამაშა, რათა მატჩში დავრჩენილიყავით და თამაშის მოსაგებად, ჭკვიანურად გვემოქმედა. ამასთან, ძალიან ახლოს ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე. ეს ჩემი პირველი გოლია EURO-ზე. რომ არ დაგვეთმო მოვიგებდით, მაგრამ მოხარული ვარ გოლითაც და პირველი ქულითაც. ახლა, შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება", - ამბობს ტომაშ დრაჰოვსკი, სლოვაკეთის ნაკრების მოთამაშე.


მეორე გოლის შემდგე, სლოვაკებმა, ყურადღება ოდნავ მოადუნეს და ჰოლიმ 32'35''  ანგარიშის გათანაბრება შესძლო. გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, პოლონეთი, ევრო 2022-ის მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელს ეთამაშება, თანაც, იცის, რომ პრესტიჟის გამო, რუსები, ჯგუფში ქულების მაქსიმუმის აღებას შეეცდებიან, სლოვაკებთან მატჩში, საჭირო 3 ქულის აღებას შეეცადა და ბოლო 5 წუთი, ვაბანკზეც წავიდა, როდესაც პარკეტზე, მეხუთე მოთამაშე გამოუშვა. თუმცა, მხოლოდ ქულას დასჯერდა. შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.


„ცივი გონება გვჭირდებოდა, რადგან ვიგებდით 1-0 და გვქონდა კიდევ, რამდენიმე შანსი ერთი გოლის გასატანად. თუმცა, ეს ვერ შევძელით და დავუშვით დიდი შეცდომა, როდესაც ანგარიში გაგვითანაბრეს. ამის შემდეგ, ვეცადეთ, ძალიან სწრაფად გვეთამაშა და შანსებიც გვგქონდა, მაგრამ დაბოლოებებზე, სამუშაო გვაქვს. ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენ არ ვართ დიდი გუნდი. რუსეთთან მატჩში, შესაძლოა გვგქონდეს სამი, ოთხი, ან ხუთი რეალური მომენტი და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს ბლაჟენ კორჟინსკი, პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


C ჯგუფში, ბოლო მესამე ტურის შეხვედრები 29 იანვარს გაიმართება. გრონინგენის „მარტინ პლაზაშ", სლოვაკეთი -ხორვატიას, ამსტერდამის „ზიგო დოუმში" კი, რუსეთი-პოლონეთს შეხვდება. თამაშები ერთსა და იმავე დროს, თბილისის დროით, 17:30 წუთზე დაიწყება.  სხვათა შორის, სწორედ ამ ჯგუფის პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს, D ჯგუფის მეორე და პირველ ადგილზე გასულ გუნდებთან მოუწევთ თამაში. D ჯგუფში კი, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს და პირველი ტურის შემდეგ, 3-3 ქულით ესპანეთის ნაკრების შემდგე ლიდერობს.



ფოტო: @UEFA