
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ისტორიის წერას აგრძელებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა დღეს, ევრო 2022 წლის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა მოიგო. მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის დღევანდელი მეტოქის, ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივო კრეზო იტყვის, რომ ჰქონდათ შანსები, რომლებიც ვერ გამოიყენეს, „დავუშვით გამოუსწორებელი შეცდომა მეორე ტაიმში, რამაც მათ, ახალი ენერგია მისცა". მწვრთნელის მოსაზრებას ეთანხმება, 30 წლის ბოსნიელი მცველი, დავორ არნაუტოვიჩი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მისი გუნდი, პირველ ტაიმში კარგი იყო, „ვეცადეთ 5/4-ზე გვეთამაშა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო"-ო.
მართლაც, საქართველოს გუნდის დღევანდელმა მოწინააღმდეგემ, მატჩის წინ დაანონსებული დარკო მილანოვიჩი აქტიურად გამოიყენა. თუმცა, უფრო პირველ ტაიმში და განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მე-7 წუთზე, ბოსნია-ჰერცეგოვინამ, ჩვენი ნაკრების წამიერი შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე, გოლი გაგვიტანა.
სხვათა შორის, დღეს, მატჩის დასაწყისში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ევრო 2022-ის სასტარტო შეხვედრასთან შედარებით ცოტა, უფრო დაძაბულნი იყვნენ და ამაში, გასაკვირიც არაფერია. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ჰოლანდიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტის სტატუსით ჩავიდა, მინუმუმ რამდენიმე საათით ლიდერი ხდებოდა. თუმცა, აქ, მოვლენებს დავასწრებ და გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი, ევრო 2022-ის D ჯგუფის ლიდერი, მინიმუმ 29 იანვრის, 20:30 წუთამდე იქნება. ამ დროიდან კი, ფუტსალში, ევროპის ყველაზე წარმატებულ და ტიტულოვან ესპანეთის ნაკრებთან მოგვიწევს, საბოლოოდ გარკვევა, თუ ჯგუფში, ამ ორი გუნდიდან, რომელი უფრო წინ იქნება.

ფაქტია, რომ 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ქულების მაქსიმუმი - 6 ქულა აქვს დაგროვილი და ჯგუფს ლიდერობს, ესპანეთი ნაკრები კი, 4 ქულით და მხოლოდ 2-ით მეტი გატანილი გოლით, მეორე საფეხურზეა. ისიც, ფაქტია, რომ ჯგუფური შეხვედრების ბოლო ტურში, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება, ჩვენი გუნდი, ევრო 2022-ის 1/4 ფინალში ასეც, და ისეც არის. ასათიანის გუნდს, ახლა, ალბათ უფრო ის აინტერესებს, ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე С ჯგუფის ლიდერს, რუსეთს (რომელმაც ასევე, ერთი ტურით ადრე მოიპოვა 1/4 ფინალში თამაშის უფლება) შევხვდებით თუ (ხორვატიას, პოლონეთს, ან სლოვაკეთს).
თუმცა, მოდით, დღევანდელ შეხვედრას დავუბრუნდეთ. მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ბოსნიელეთა მწვრთნელმა ელისანდროს ფაქტორზე გააკეთა აქცენტი და ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდი, ეცდებოდა ელისანდრომდე ბურთი არ მიეტანათ. თუმცა, მათი კარის მიმართულებით, პირველი ორი სახიფათო დარტყმა, სწორედ ელისანდროზე მოდის.
„ელისანდრო ძალიან დაგვაკლდა. მე არ ვიცი, მათ რა ჰქონდათ ჩაფიქრებული, მეც ვნახე ინტერვიუ მათი მთავარი მწვრთნელის და რა თქმა უნდა, თამაშშიც ჩანდა, რომ მთელი აქცენტი ჰქონდათ ელისანდროზე გადატანილი. თუმცა, ძალიან მალე მიიღო ელისანდრომ ტრავმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის თავისას მაინც გააკეთებდა, იმ დონის ფორვარდია. ასე, რომ ვერ ვიტყვით, რომ მათ თავის სქემა შეასრულეს. რა თქმა უნდა, როდესაც ელისანდრო გაგვეთიშა, სხვა სქემაზე გადავეწყეთ. ფაქტია, რაც არ უნდა ვისაუბროთ, გაამართლა ამან და ძალიან კარგია, რომ ერთ მოთამაშეზე, არ ვართ დამოკიდებული", -ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ელისანდროს ტრავმის სირთულე, სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა. თუმცა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მოედანზე მალე დაბრუნდება. მანამდე კი, ტრადიციულად, ბოსნიელებთან მატჩშიც შავი სამუშაო, შაგინიაზე და რონინიოზე მოვიდა. მწვავე იყო არჩილ სებისკვერაძის ჩართვებიც. ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე.
„ბოსნიელები, ვიზუალურად ისე ლამაზად არ თამაშობენ, რომ ამის შემხედვარემ თქვა, აუ, ეს რა გუნდია, მაგრამ, შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. როგორც ვთქვით, სიურპრიზი, არაფერი იყო. თუმცა, გამიკვირდა, რომ უფრო მაგარი გუნდი ყოფილა, ვიდრე ველოდი. თამაშის წინ, არ შეიძლება, იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ, ახლა უნდა მოვიგოთ, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ასეთ მაგარ თამაშსაც არ ველოდი", - ამბობს ზვიად კუპატაძე, რომელსაც დღეს, კარის ჩარჩოში წასული 15 ბურთის მოგერიება მოუხდა.
აქვე, სტატისტიკის რამდენიმე რიცხვსაც გაგახნობთ - ბოსნია და ჰერცეგოვინამ ჩვენი კარის მიმართულებით, 43-ჯერ შეუტია, ჩვენ 37-ჯერ. ბოსნიელებმა, კარის ჩარჩოში 17-ჯერ დაგვირტყეს, ჩვენ, მხოლოდ 11-ჯერ. მეტოქესთან შედარებით, მხოლოდ ორით მეტი კუთხური ჩავაწოდეთ და საბოლოოდ, ერთით მეტი გატანილი გოლის წყალობით, უმნიშვნელოვანესი, 3 ქულა ჩავიწერეთ. საქართველოს ნაკრებმა 1-2 გაიმარჯვა.

როგორც ველოდით, ჩვენი მოწინააღმდეგ, 5/4 გვეთამაშებოდა და ხშირად მეკარის იმედად უტევდა. სხვათა შორის, ბოსნიელები, მაშინ „თავხედობდნენ", როდესაც პარკეტზე არ იყვნენ ჩვენი გუნდის, ნატურალიზებული ფეხბურთელები. თუმცა, ასე იყო თავიდან, ვიდრე სებისკვერაძის რამდენიმე დარტყმულს არ გადაურჩნენ. მილანოვიჩი, წინ კი მოდიოდა და ერთხელ კუპატაძის კარშიც დაარტყა, მაგრამ ძალიანაც გაბედული ვერ იყო.
„როგორც ჩანს, მეკარეს ჩემი, ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი სარაევოში და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში. ამაზე, წინასწარ არაფერს ვიძახდი, მაინც, თვალი არ მეცეს, იქნებ, „დავიჭირო" და დღესაც გავუტანოთქო. ამის შესახებ, თავადაც იფიქრებდა და ამიტომ, სითამამე აკლდა", - ამბობს ზვიად კუპატაძე.
კუპატაძემ ვერა, მაგრამ თალესმა, მილოშევიჩი, მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში (24'59'') დასაჯა. კიდევ სამ წუთში, 27'47'' წუთზე პეტრი ბრანკომ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. სხვათა შორის, მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე, მოწინააღმდეგე გუნდის ქვეყნის წარმომადგენელმა ჟურნალისტმა, ავთანდილ ასათიანს, „სთრეინჯერ"-ებით მოგებული თამაში დააყვედრა. ასათიანმა, არასასურველ კითხვას თავი აარიდა, თუმცა, მას, კუპატაძემ გასცა პასუხი - „მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბრაზილიელები დაგვემატნენ, ეს ბიჭები ჩვენ მოგვყვებიან. არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვართ ქართველები, ვართ ლიდერები. ბევრ რამეს წერენ, მაგრამ ეს არის საქართველოს ნაკრები. ვიბრძოლებთ ბოლომდე. არ არსეობობს ვინმეს, რამე დავუთმოდ. არავისი გვეშინია, მითუმეტეს, ორი მოგეული თამაშის შემდეგ. ჩვენი გუნდის ხასიათი - მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით, ჩვენზე კარგი და მებრძოლი გუნდი, მე აქ არ მეგულება. ორმა თამაშმა აჩვენა, რომ მაგრები ვართ. და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ", - ამბობს კუპატაძე.

ავთანდილ ასათიანი კი, მეორე მოგებული თამაშის შემდგომი ეიფორიის დამშვიდებას ელოდება და ამისთვის გუნდს დროს, ხვალ დილამდე აძლევს. შემდგე რჩება სამი არასრული დღე, ესპანეთთან მატჩამდე, რომელზე ფიქრსაც საქართველოს ფუტსალის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უკვე, დღეს საღამოდან დაიწყო.
და ბოლოს, დღესვე მოგვიანებით, გრონინგენში, აზერბაიჯანისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრებს ორჯერ მოუწია მდევრის როლში ყოფნა. შეხვედრა კი ფრედ, 2-2 დასრულდა.
ფოტო: @UEFA / @GFF

ასევე იხილეთ მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენციის ჩანაწერი





ჩვენ








