„ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ“ - ლევან კობიშვილი
„ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ“ - ლევან კობიშვილი
27.01.2022
ავტორი: TSFF.GE

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ის, საკუთარი ინსტაგრამ-გვერდით გაასაჯაროა, სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, კანკავას განცხადებას, სოციალური ქსელის პირადი გვერდიდან გამოეხმაურა.

„დღეს, ჯაბა კანკავამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეროვნული გუნდის კაპიტანს, ნაკრების მაისურით კიდევ არაერთი მატჩის ჩატარება შეეძლო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც გახლდათ, თუმცა ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ.


მასთან ერთად ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი მატჩი მითამაშია და ძნელად მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ასე სწორად მიესადაგებოდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მინდორზე ეროვნული გუნდის მაისურით გასვლა ჰქვია.


ჯაბა კანკავა სამაგალითო იყო ნაკრების თითოეული წევრისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავისი ქცევით და საქმისადმი დამოკიდებულებით, სანაკრებო ფეხბურთის სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა.


შრომა, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა - ამ ღირებულებების მატარებელი ჯაბა, ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი გულშემატკივარისთვის, ყოველთვის დარჩება იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.


#მადლობაკაპიტანო!" - წერს კობიაშვილი.


ასევე იხილეთ: „მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა" - ჯაბა კანკავა