ცივი გონებით, სიფრთხილით, მოედანზე თავის პოვნით და თვალით ¼ ფინალში
ცივი გონებით, სიფრთხილით, მოედანზე თავის პოვნით და თვალით ¼ ფინალში
28.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ცოტათი სიფრთხილე, ძალების დაზოგვა და სწორად გადანაწილება, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, საპირწონედ თამაში, მიტუმეტეს, რომ ამისთვის საფუძველს ჯგუფში მოგებული ორი შეხვედრა იძლევა - ავთანდილ ასათიანი, მესამე ნიდერლანდური გაკვეთილისთვის, როგორც ჩანს, ასე ამზადებს საკუთარ გუნდს. 

„საბრძოლო განწყობა ჩვენს გუნდში სულ არის. მიუხედავად იმისა, თუ რა თამაში გვაქვს. ამჯერად, წყდება ჯგუფში პირველი ადგილის ბედი. უბრალოდ, აქ, ძალინ რთულ მეტოქესთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, აზერბაიჯანი და ბოსნიაც რთული გუნდები იყვნენ, თუმცა, რეალობაა, რომ ესპანეთი ევროპის ჩემპიონტის საუკეთესო გუნდია. ამ შემთხვევაში დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა ვეცადოთ, რამენაირად, ჯგუფში დავიკავოთ პირველი ადგილი. მეორე ადგილი ისედაც განაღდებული გვაქვს. ეს, ფსიქოლოგიურად ძალიან კარგ ხასიათზე ყოფნის უფლებას გვაძლევს. როცა, ასეთ ხასიათზე ხარ, ზედმეტი წნეხი მოხსნილი გაქვს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ კარგად ვითამაშოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, ტრადიციულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიმართა და რომელსაც თავის გუნდთან ერთად, „ცალი თავლი, მაინც 1/4 ფინალისკენ" აქვს.




საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, ხვალ ევროპული ფუტსალის ლიდერი ჰყავს მეტოქედ. მართალია, ესპანეთის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ახლა ევრო 2022-ის ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, სადაც ესპანეთის ნაკრები, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჯგუფის მეორე შეხვედრაზეც იქნება დამოკიდებული, გენეტიკურად კორიდაზე გამოსული ხარის რეფლექსს აამუშავებს. მითუმეტეს, რომ ჩვენები, დიდი ალბათობით წითელი ფერის ფორმებით იასპარეზებენ.


„ჩვენ გამოგვაკლდა ესტებანა, რომელიც გუნდის საკვანძო მოთამაშე იყო. მას სხვა თვისებები აქვს, ვირდე სოლანოს. თუმცა, ის მალე ახერხებს ადაპტირებას და ეწერება გუნდის დინამიკაში. სოლანომ, უკვე იცის, რაზე ვმუშაობთ და როგორ გვინდა ამის გაკეთება. ჩვენ აზერბაიჯანთან გქვოდან ძალიან დიდი ზეწოლა და ამასთან ერთად, დავუშვით ძალიან ბევრი შეცდომა დაცვაში. ახლა ვეცდებით ამ შეცდომების გამოსწორებას. ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველო ძლიერი მეტოქეა და ისინი, ამას მიმდინარე ტურნირზე ამტკიცებენ", - ამბობს ფედე ვიდალი, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




სხვათა შორის, უეფა-ს ოფიციალური გვერდი, დღევანდელ სტატიაშიც ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ D ჯგუფში, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ერთ გუნდს, „ზედმეტი" თამაშის (ლაპარაკია ფლეი-ოფის საგზურის ვადაზე ადრე აღებაზე) ჩატარება მოუწევდა, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს, საქართველო იქნებოდა. ბუნებრივიცაა, როდესაც ჯგუფში ესპანეთია, დებიუტანტის წარმატებაზე ცოტა თუ გათვლიდა.


„ჩვენ ვართ ფლეი-ოფში, მაგრამ ეს თამაში უნდა გამოვიყენოთ, რომ  მეოთხედფინალამდე საკმაოდ ძლიერ გუნდთან წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ეს დიდი მოტივაციაა თითოეული ფეხბურთელისთვის. ესპანეთის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი მსოფლიოში. გამორჩეული გუნდია შემადგენლობის მხრივ. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ქულის აღების შემთხვევაში პირველ ადგილს დავიკავებთ. გვინდა, რომ ეს მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს. ამიტომ, არ ვუშინდებით და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, რასაც ესპანეთთან, ასეთ დიდ გუნდთან თამაში ჰქვია", - ამბობს თალესი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ევრო 2022-ის ორივე შეხვედრაში თითო გოლი აქვს გატანილი.




გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა. ამაზე ლაპარაკობს ავთანდილ ასათიანი და ამის შესახებ საუბრობენ, ფეხბურთელებიც, მათ შორის თალესიც, რომელიც თითქმის 5 წელია საქართველოს ნაკრების წევრია, „ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვართ და როდესაც გუნდს 6 ქულა გვაქვსო", თვლის თალესი.


„ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ბიჭებს წარმოდგენა გვქონდა, რომ შეგვეძლო ამ ორი თამაშის მოგება, თუმცა ზოგს ეს შეუძლებლადაც მიაჩნდა. ყველაფერი ჩავდეთ, მწვრთნელების დავალებები გავითავისეთ და გავახარეთ ჩვენი ქვეყანა, ოჯახები. ბიჭების სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ეს ძალიან გვახარებს", - ამბობს შოთა თოფურია, ინტერვიუში, რომელიც სფფ-ს სანაკრებო გვერდმა გამოაქვეყნა.




თუმცა, სიხარულთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ჯგუფის ბოლო და 1/4 ფინალური თამაშების წინ, საკმაოდ ბევრი საფიქრალი აქვს. ყვითელი ბარათები, რომლის გამოც, ხვალინდელ თამაშზე, შემადგენლობის ჩამოწერისას, ლავირება მოუწევთ და კიდევ, გასარკვევია ელისანდროს მდგომარეობა, რომელსაც ხვალ, კიდევ ერთხელ ჩაუტარდება კვლევა კლინიკაში და საბოლოოდაც, მაშინ გაირკვევა როდიდან მოახერხებს, საქართველოს ნარკები 19 ნომერი, ევრო 2022-ზე თამაშს.


„ბარათებისა და დაღლილობის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვეცდებით ესპანეთთან რამენაირად მოვოპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილზე  გასვლის საშუალებას მოგვცემს. ამავდროულად, არ შეიძლება მთელი ენერგია, მთელი ძალები ჩატოვო აქ და ის მოთამაშეები, რომლებიც ბარათით არიან გამოგვაკლდნენ 1/4 ფინალში. იმ თამაშისთვის, თავი უნდა შევინახოთ, თუმცა, ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ესპანეთია, რთულია ძალების დაზოგვით ითამაშო. ძალიან ძნელი იქნება. უნდა ვეძებოთ ბალანსი და რამენაირად, ჩვენი თავი ვიპოვოთ მოედანზე. ესპანეთს, ძალიან დიდი პატივს ვცემთ, წარმოუდგენელი ძალის გუნდია, მაგრამ ჩვე,ნ ჩვენი გზა გვაქვს',  - ამბობს ავთანდილ ასათიანი.




ახლა ამ გზაზე, ჩვენ ერთი მცდელობა გვრჩება, თავიდან ავიცილოთ რუსეთი ნაკრები, რომელსაც ევრო 2022-ის შესარჩევ ჯგუფში შევხდით და არც თუ, ტკბილი მოგონებები გვაქვს. ამას, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ, ვინაიდან რუსეთმა, საქართველოს ნაკრების მსგავსად, 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება, ვადაზე ადრე მოიპოვა. ამასთან, თუ ევრო 2022-ის თამაშებს ადევნებდით თვალს, მასში მონაწილე გუნდების ჟღერადი სახელების მიუხედავად, სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ რუსეთის ნაკრები, ჯერ-ჯერობით ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ამ თემას მომავალ სტატიებში ჩავშლი.




სხვათა შორის, რუსეთთან გზის გადაკვეთა არ უნდა არც ესპანეთის ნაკრებს, რომელიც ფრეს შემთხვევაში, ჯგუფში მეორე ადგილზე გავა და უდნა თუ არა, ვერ აცდება ამ ხვედრს. რა დასამალია და ესპანელებიც კარგად ხედავენ, მიმდინარე ევროზე რუსების შესაძლებლობებს. ამიტომ, ხვალინდელ მატჩში, რომელიც გრონინგენის „მარტინ პლაზაში" 20:30 საათზე დაიწყება, ესპანელები, მოგებას შეეცდებიან.  და ბოლოს, თუკი, ასათიანის გუნდმა ხვალ კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინა და ესპანეთი დაამარცხა, ეს ევროპის ნომერი პირველი გუნდსთვის იქნება პირველი მარცხი 2005 წლის შემდეგ, რაც იტალიის ნაკრებთან დამარცხდა, ანგარიშით 3-1.




ფოტოები: @სფფ /ლაშა კუპრაშვილი, @UEFA