მესამე გაკვეთილი - დასანანი მარცხი, საიდანაც აუცილებლად სწორი დასკვნებია გასაკეთებელი
მესამე გაკვეთილი - დასანანი მარცხი, საიდანაც აუცილებლად სწორი დასკვნებია გასაკეთებელი
29.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოსა და ესპანეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრებები, ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, გრონინგენში, „მარტინ პლაზაში" შეხვდნენ ერთმანეთს. ამ გუნდების ისტორიაში, მეორე დაპირისპირებაში ჩვენ, დიდი ანგარიშით, 0-8 დავმარცხდით. როგორც მოსალოდნელი იყო ფედე ვიდალის გუნდმა ყველა ძალა იხმარა, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ამ გზით, რუსეთის „საფრთხე" თავიდან მოიშორა. თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც, რომელიც მსგავს ფორუმზე დებიუტანტია და ბევრისთვის მოულოდნელად, 1/4 ფინალში გასვლით, შეუძლებელი შეძლო, გასაგებია, რომ მომდევნო შეხვედრისთვის თავი შემოინახა.

„შედეგი მიუღებელია, ანგარიშს ვგულისხმობ. თორემ, ცხრილში, რომ ჩავიხედოთ, 7 ქულა პირველ ადგილს, 6 ქულა მეორე ადგილისთვის და საქართველოს ნაკრებისთვის, არაა ცუდი. ამ ეტაპისთვის, ბიჭებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენეს. კიდევ, ერთხელ ვიძახი, მიუხედავად, დღევნდელი დღისა, ვამაყობ ჩემი ბიჭებით", ამბობს ავთანდილ ასათიანი, რომელმაც დღეს, წინა ორ შეხვედრასთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაშიც ცვლილებები შეიტანა და საერთოდ, ამ შეხვედრაში, რამდენიმე ფეხბურთელს, ევროპის ჩემპიონატის ამ ეტაპზე თამაშის შესაძლებლობა მისცა.




სხვათა შორის, საინტერესოა, რომ სასტარტო შემადგენლობების ფეხბურთელებიდან, რომლებსაც, ალბათ, ვიდალი უფრო ენდობოდა, გოლი არც ერთს არ გაუტანია. ერთ-ერთი გოლი და ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ჩვენი გუნდისთვის „სასიკვდილო" სოლანომ გაიტანა, მეორე ტაიმის სტარტზევე, 21-ე წუთზე. ფეხბურთელმა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში ტრავმირებული ესტებან გერრერო ჩაანაცვლა და რეკორდულად მოკლე დროში, გუნდთან სრულად მოასწრო ადაპტაცია.


„ანგარიშის მიუხედავად, ამ ტურნირზე მრტივი თამაშები არ არის. პირველი წუთებიდან ჩვენ ვითამაშეთ სრული დატვირთვით. ვეთამაშეთ, ძალიან მაღლა აწეულებმა და ეს იყო იმის გამოხატულება, რომ ამდენი გოლის გატანა მოვახერხეთ. ბედნიერი ვარ, რომ კვალიფიკაცია და ჯგუფი მოვიგეთ", - ამბობს სოლანო.




შეხვედრის პირველი წუთებიდან, ესპანეთმა, ჩვენს ნახევარზე „დასცა ბანაკი". როგორც ვვარაუდობდით, ჩვენი ნაკრების წითელმა ფერმა, ტორეადორის მულეტას როლი შეასრულა და ქულებს დაწყურებულმა ესპანელებმაც, უკან აღარ დაიხიეს. ბევრს არ შეგაწყენთ თავს და თუ არ ჩავთვლით, 22'26'' და 38'11'' წუთებზე, თოდუასა და ღავთაძის ავტოგოლებეს, რაც აბსოლუტური შემთხვევითობა იყო, ჩვენმა მეტოქემ 6 გოლი გაგვიტანა -  ბორხამ (8'28''), ლოსნაონ (16'33'' (p), ჩინომ (19'49''), სოლანომ (21'00''), სესილიომ (26'52'') და ადოლფომ (31'17'').


„დღეს, უფრო გახარებულები ვართ, ვიდრე აზერბაიჯანთან თამაშის შემდეგ ვიყავით. ყველა ასპექტში უკეთესად ვითამაშეთ. გუნდისთვის კარგი თამაში იყო. მოგვიწია, თავის გადასარჩენად თამაში და ამას ვგრძნობდით. ამიტომ პირველი წუთებიდან, გავაძლიერეთ ზეწონა და კარგად ვახერხებდით დომინირებას", - ამბობს ვიდალი და დასძენს, რომ სლოვაკებთანაც, 1/4 ფინალში საკმაოდ რთული მატჩი ელით.




და მაინც, დღევანდელ შეხვედრაში, ავთანდილ ასათიანმა და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც „ცალი თვალი" მეოთხედფინალისკენ ჰქონდა, ჩვენი გუნდის იმ მოთამაშეებს, ვისაც მიკრო-ტრავმები ჰქონდა და ასევე, ყვითელი ბარათები, „ამოსუნთქვის" საშუალება მისცეს. ბუნებრივია, რომ ისტორიულ ჩემპონატში, სადაც, ჩვენმა გუნდმა, პატარა სასწაული უკვე მოახდინა, „მთელს ძალებს" ჯგუფის მოსაგებად არ დახარჯავდა.


„შეცდომები, რომ არ დაგვეშვა, ეს ანგარიშიც არ იქნებოდა. მზად ვარ, ყველა შეცდომაზე პასუხისმგებელი მე ვიყო და გუნდი, რაც შეიძლება მალე, ფსიქოლოგიურად, შემდეგი თამაშისთვის განვაწყოთ. ვთქვა, რომ დღეს, ყველაფერს ვმალავდით და ამით, რაღაც „კარგი როლი ვითამაშო" (პასუხისმგებლობიდან გაქცევა), ასე არ იყო. ჩვენ, მაქსიმუმი ვეცადეთ, რომ დღეს, იქნებ ქულა აგვეღო, მაგრამ გამოჩნდა ის, რომ ამ ტოპ-ნაკრებთან სათამაშოდ, ვერ ვართ მზად,  ტრავმებისა და ცოტა თავის დაზოგვის ფონზეც. ერთადერთი, საწყენი და ის, რაც გულზე მხვდება -  ეს ანგარიში ნამდვილად არ უნდა ყოფილოყო და მე ვარ მზად, ამ ყველაფრისთვის ვიყო პასუხსმგებელი",  - ამბობს ავთანდილ ასათიანი.




დღევანდელ შეხვედრაში, იმ მოცემულობით რომელშიც საქართველოს ნაკრები აღმოჩნდა, ევროპის ნომერმა პირველმა გუნდმა ფუტსალში, ჩვენს კარზე 50-ჯერ მოიტანა იერიში, ჩვენ, მხოლოდ 15-ჯერ, აქედან, ესპანელებმა ჩვენი კარის ჩარჩოში, 19-ჯერ დაარტყეს, ჩვენ მხოლოდ, იმდენჯერ, რამდენიც მოწინააღმდეგემ, ავტოგოლების გარდა გაგვიტანა. დღეს, ავთანდილ ასათიანმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მცირე ტრავმა ჰქონდა, გარისკა და საქმეში „შეხედა" ელისანდროსაც.


„ელისანდრო მოვსინჯეთ, იმიტომ რომ გვენახა. თუ, შეძლებდა, აუცილებლად გააგრძლებდა თამაშს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ იყო ისე მოედანზე, რომ 100%-ით დახარჯულიყო. ამის გამო, არ გავრისკეთ და ის, უფრო მეტი დაზიანებისგან დავიცავით. „კუპატამაც" თამაში, მიკრო-ტრავმით დაიწყო. თვითონ მოითხოვა, რომ აღარ გაგვერისკა და მეც ვერ გავრისკავდი, რადგან ვიყურებოდით, შემდეგი თამაშისკენ", - ამბობს ასათიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ შემდეგი თამაშისთვის, რომელსაც ჩვენი ნაკრები, კარგად ნაცნობი, მაგრამ ევროშესარჩევისგან, რადიკალურად განსხვავებული და კიდევ უფრო ძლიერი რუსეთის წინააღმდეგ გამართავს, ესპანეთთან განცდილი მარცხის დავიწყებას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული 1/4 ფინალისთვის სათანადოდ მომზადებასა და კონცენტრაციას მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული „ძალა" ჩვენთვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, კარგად არის ცნობილი, 1 თებერვალს, ამსტერდამის „ზოგო დოუმში" ჩვენები ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

***




და ბოლოს, დღესვე, ამსტერდამში, ჩვენი, D ჯგუფის მეორე მატაჩში, რომელის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ჩვენმა მეზობელმა, აზერბაიჯანის ნაკრებმა, 4-2 გაიმარჯვა. სამწუხაროდ, ტურნირს კი გამოეთიშა, მაგრამ 4 ქულით, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.




 ფოტო:@UEFA