
პოლონეთის მთავრობა ადასტურებს კრაკოვ-მალოპოლსკის 2023 წლის ევროპული თამაშების ფინანსურ მხარდაჭერას. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ და პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა.
თამაშების საოპერაციო ხარჯები, სავარაუდოდ, 100 მილიონი აშშ დოლარი იქნება, რომლის ნახევარს სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო დაფარავს.
„კრაკოვსა და მალოპოლსკაში განახლდება სპორტული ობიექტები, რაც საშუალებას მოგვცემს ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ," _ განაცხადა პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
სპორტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, დაგეგმილია ოლიმპიური სოფლის აშენება, რომელიც სტუდენტური კამპუსის ტერიტორიაზე განთავსდება . ორგანიზატორებს ექნებათ ყველა პირობა, რაც ეფექტური მუშაობისთვის არის აუცილებელი.
თამაშების პროგრამის დადასტურებული სპორტის სახეობებია: მძლეოსნობა (გუნდური ჩემპიონატი), მშვილდოსნობა, 3x3 კალათბურთი, ბადმინტონი, პლაჟის ხელბურთი, პლაჟის ფეხბურთი, კრივი, ბრეიქდანსი, სანიჩბოსნო სლალომი, ველოსპორტი, ფარიკაობა, ძიუდო, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაილანდური კრივი, კიკბოქსინგი, პადელი, ტყვიის სროლა, ტრამპლინიდან ხტომა, სპორტული ცოცვა, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ტექბოლი და ტრიათლონი.
ევროპული თამაშების ჩატარება 2023 წლის 21 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით არის დაგეგმილი.





ჩვენ








