მაქსიმალური მიწოლა და ცოტა იღბალი - ეს არის ის მცირედი, რაც ხვალ აუცილებლად სჭირდება საქართველოს ფუტსალის ნაკრებს
მაქსიმალური მიწოლა და ცოტა იღბალი - ეს არის ის მცირედი, რაც ხვალ აუცილებლად სჭირდება საქართველოს ფუტსალის ნაკრებს
31.01.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გრონინგენიდან ამსტედაშმი გადაბარგებულმა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, „ზიგო დოუმში" მატჩის წინ ივარჯიშა. ვარჯიშამდე, ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე, ავთანდილ ასათიანმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი განცდილი მარცხის შემდეგ, დამშვიდდა და 1/4 ფინალისთვის ემზადება. ესპანელებთან „დასანანი მარცხის" შესახებ, უკვე წარსულში საუბრობს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი შოთა თოფურიაც. გუნდში, კარგი განწყობაა, ვიცით ვისაც ვეთამაშებით და ასეთ, მნიშვნელობან შეხვედრაში, როგორიც მეოთხედფინალია, ჩვენთვის პატივია და ვეცდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთო, ამბობს ის.

„ნამდვილად, შესარჩევში, ასეთი ძლიერი რუსეთი არ იყო. ის, ამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. კონკრეტულ თამაშთან დაკავშირებით, ის შემიძლია ვთქვა, რომ განვიხილავთ რუსეთის თამაშებს ევრო 2022-ზე. ვეცდებით, რომ არ ჩავერთოთ მათ თამაშში და ჩვენი მოვახვიოთ, გამოვიყენოთ, ჩვენი პლუსები რაც გვაქვს. ალბათ, მაქსიმალური მიწოლა და ცოტა იღბალი გვჭირდება ასეთ დიდი გრანტთან სათამაშოდ", ამბობს თოფურია და დასძენს, „ალბათ, ინდივიდულურად რობინიო ჰყავთ ლიდერი, რომელიც, ჩემთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს".




თუმცა, რობინიოს გარდა, რომელსაც ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე, 3 შეხვედრაში, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი,  მიმდინარე ჩემპიონატში, რუსეთის გუნდში სხვა მოთამაშეებიც გამოირჩევიან. განსაკუთრებით ჩიშკალა, მის ანგარიშზე, ამ მომენტისთვის 3 გოლი ირიცხება. ამ ფეხბურთელზე, დიდი ალბათობით, 1/4 ფინალში საქართველოს მოწინააღმდეგე მთელს თამაშს აგებს. ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე ევრო 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებს, სამი თამაშიდან სამი მოგებ აქვს და ყველაზე მეტი, 16 გოლი გატანილი (ანტოშკინი 5, სოკოლოვი 3,  რობინიო 1, მილოვანოვი 2, პაულიონიო 1, ჩიშკალა 3, დავიდოვი 1). ამასთან, საკუთარ კარში, მხოლოდ 2 გაშვებული (ერთ-ერთი გოლი ქართული წარმოშობის მეკარეს, გიორგი ზამთარაძეს გაუვიდა. კიდევ ერთი დეტალი, ამ ნაკრების ერთ-ერთ მოთამაშეს, ანტოშკინს, ჯგუფის საწყის 2 თამაშში, ხუთი გოლი აქვს გატანილი (პლიუს ერთი საგოლე გადაცემაც), რაც ევრო 2022-ზე, ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგია. აქ, საინტერესოა ის გარემოება, რომ რუსები, ანგარიშში უპირატესობის მოპოვებას საწყისს წუთებზევე ცდილობენ, ურტყამენ ყველა პოზიციიდან, გამართულად თამაშობენ დაცვაში და რაც მთავარია, არ ერიდებიან, საკუთარი თამაში, შენს ტერიტორიაზე მოგახვიონ თავს (თუმცა, ეს, ფუტსალის მიღმაც გამოცდილი გვაქვს).




„გამძლეობის ეტაპი იწყება. ფლეი-აუთის ფაზაში არ არის შეცდომების ადგილი. ყველა მაქსიმალურად უნდა იყოს ფოკუსირებული. ვიცით, რომ საქართველო, კარგი გუნდია და მათ ის ადგილი, სადაც არიან, დაიმსახურეს. ვეცადეთ შეგვესწავლა ეს გუნდი, როდესაც საკვალიფიკაციო ვეთამაშეთ, მაგრამ ახლა, სხვა გუნდია, რადგან მას შემდეგ, რაც ჩვენ ვეთამაშეთ, ბევრი რამე გამოასწორეს",  - ამბობს სერგეი სკოროვიჩი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ორივე გუნდის მწვრთნელი მატჩამდე ერთი დღით ადრე, თანხმდება, რომ ის მეტოქეები, რომლებიც ორჯერ, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციოს დროს შეხვდნენ, დიდ განსხვავდებიან გუნდებიდან, რომლებიც, ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობენ.


„ჩიშკალამ, ჩვენთან საკვალიფიკაციოს მატჩებშიც ითამაშა, ვიცით მისი ძალა",  ამბობს ავთანდილ ასათიანი და განაგრძობს, „თავიდანვე გვესმის ყველას, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. რთული თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენ საკუთარი სტრატეგია გვექნება. დავიწყეთ რუსეთის ნაკრების თამაშების დამუშავება, ვნახულობთ, როგორც პლუსებს, ასევე იმ პატარ-პატარა მინუსებს, რომლებიც აქვთ. უნდა ვეცადოთ, იქნებ ჩვენი თამაში მოვახვიოთ იმისთვის, რომ რამენაირად თამაშში შევიდეთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდანაც, მოედანზე ძალა იმყოფება". 


შეგახსენებთ, რომ ევრო 2022-ის ბოლო შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ, შეცვლა ითხოვა ზვიად კუპატაძემ. საქართველოს ნაკრებისა კაპიტნის ჯანმრთელობის შესახებ, ისაუბრა ესპანეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ ავთანდილ ასათიანმაც. ერთი თამაშით ადრე, ბოსნიელებთან მატჩში, დაშავადა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ელისანდრო, რომელიც უეფა-ს პირველი „მატჩდეის" გამორჩეულთა შორის იყო. ელისანდრო, ბოსნიასთან კი, ითამაშა, მაგრამ მას სამწვრთნელო შტაბმა, პარკეტზე ყოფნის ცოტა დრო მისცა.




„კუპატა", ჩვეულებრივად მზადყოფნაშია. ელისანდრო, დღეს ივარჯიშებს და თავად, ინდივიდუალურად შეამოწმებს, რადმენად მოახერხებს, ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას. დიდი იმედი გავქვს, მთელს გუნდს, რომ ელისანდრო, ხვალინდელ თამაშში, ჩვენს გუნდთან ერთად იქნება მოედანზე. ბიჭებმა, მართლაც უკვე ბევრი გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის. ასე, რომ ვფიქრობ, ეს გარემოება, უნდა დაგვეხმაროს.. რაც უფრო თავაწეული და ამაყი ხარ, დიდი ალბათობაა, ბევრად უკეთესად უნდა ითამაშო", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


მიუხედვად იმის, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს ევრო 2022-ის ყველა მატჩი მოგებული აქვს, თვლიან რომ ყველაზე საინტერესო თავგადასავლები წინ აქვთ. სხვათა შორის, რუსების ერთ-ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ, პოლონეთთან თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ მათ ცოტა გაუჭირდათ და ინერვიულეს სტარტზე და ამის მიზეზი, პოლონელი გულშემატკივარი იყო, რომელიც საკუთარ გუნდს ამხნევებდა, თუმცა, იქ ჩვენებიც იყვნენ ალაგ-ალაგ და ეს, დაგვეხმარაო. უეფა-ს მიერ გავრცელებულ ფოტო-კადრებში კარგად ჩანს აზერბაიჯანელი გულშემატკივარი, რომელიც მოუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეზობელი მომდევნო ეტაპზე ვერ გადიოდა, საკმაოდ ბევრი მივიდა ამსტერდამის „ზიგო დოუმში". ბოლო წლების საკუთარი გამოცდილებით, მახსოვს, როტერდამში, ქართული გუნდის საქომაგოდ მოსული გულშემატკივარი და ტრიბუნაზე გამოფენილი ქართული დროშებიც. ევრო 2022-ზე კი, შეგახსენებთ, რომ სასტარტო მატჩებისგან განსხვავებით, დაუშვეს გულშემატკივრის განსაზღვრული რაოდენობა. გამომდინარე იქიდან, რომ დარბაზი 17000 მაყურებელზეა გათვლილი, დიდი ალბათობით თამაშზე, 5600 ქომაგს დაუშვებენ, ეს ის რაოდენობაა, რამდენიც, „კოვიდობამდე" თბილისის ოლიმპიურ სასახლეს ავსებდა ფუტსალის ეროვნული ნაკრების თამაშების დროს.



„ჩვენს, ქართველ გულშემატკივარზე, ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ 1% მაინც ექნებათ შესაძლებლობა ქომაგს, აუცილებლად დაუდგებიან ჩვენს გუნდს გვერდში. მაყურებელი როგორ იმოქმდებს ჩვენზე? ამდენი წლის შემდეგ, ითამაშო ევროპის ჩემპიონატზე და ითამაშო ცარიელი ტრიბუნების წინ... ალბათ, ჯობია „ცოტა დავიძაბოთ" და იყოს ხალხი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იქნება - ითამაშო, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც შეხვედრას, ესწრება მაყურებელი. ასე, რომ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ამაში, 2 აზრი არ არსებობს", - ამბობს ასათიანი.


დღევანდელი მონაცემებით, რომელიც სფფ-ს ეროვნული ნაკრებების მედია-ოფიცერმა, ოთარ გიორგაძემაც დაადასტურა ამსტერდამის „ზიგო დოუმში" გამართულ, ონლაინ-პრესკონფერენციაზე, ევრო 2022-ის ამ ეტაპზე, დაშვებული არის დარბაზის მესამედი გულშემატკივარი. ეს,  ნიდერლანდებში, კოვიდ რეგულაციების და უსაფრთხოების საერთო ნორმების გათვლით მოხდა. შესაბამისად, გულშემატკივარსაც, გარკვეული შეზღუდვების დაცვა მოუწევს. ამიტომ ამ მომენტისტვის, ქართული მხარე, ვერ იძახის, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის ქომაგეს ველით.


შეხვედრა, ამსტერდამის „ზიგო დოუმში" ხვალ, 1 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 დაიწყება და მატჩის რეპორტაჟი, ტრადიციულად, საზოგადოებრივ არხზე გადმოიცემა.




მანამდე კი, საქართველოს ნაკრების განწყობა, რომ ასე თუ ისე შევიგრძნოთ, ჩვენი ბიჭების კომენტარებიდან, მცირე ამონარიდებს გათავაზობთ. ნაკრების ყველაზე ახალი წევრი, ვილიანი მიიჩნევს, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში არ იყო „ის საქართველოს ნაკრები". თუმცა, პირველ ტაიმში გაშვებულმა სამმა გოლმა, მაინც საქმე ცუდი გააკეთაო. მიუხედავად ამისა, ვილიანისთვის, თუმცა, ალბათ, ისევე როგორც ჩვენი ნაკრების სხვა მოთამაშეებისთვის, ჯგუფის ბოლო თამაშის შემდეგ, მოხდართან მალე შეგუება, დავიწყება და უფრო მნიშნელოვანი, 1/4 ფინალური მატჩისთვის მომზადება იყო. „არასასიამოვნო გაკვეთილიდან" დასკვნების გაკეთებას აპირებდა შაგინიაც, რომელიც სხვათა შორის, ნიდერლანდებში, ადგილობრივ ქომაგებს შორის საკმაოდ დიდი სიმპატიით სარგებლობს და ისედაც, საქართველოს ნაკრებში, ერთ-ერთი მნიშვნელობანი ფიგურაა, რომელიც ძლიან ბევრ „შავ სამუშაოს" აკეთებს.


და ბოლოს, როდესაც ამ სტატიას ვწერდი, ჩატში, კოლეგებს ვესაუბრებოდი და შევთანხმდით, რომ რუსებთან ხვალინდელ მატჩში, ველით გოლს, მათ შორის არჩილ სებისკვერაძისგანაც, განსაკუთრებული აღნიშვნით.


 

 

 


 

ფოტო: @UEFA  /  @GFF