„პრინციპულ მეტოქესთან“ თამაშის წინ, ნაკრებში „ზედმეტი წნეხი მოხსნილია“
„პრინციპულ მეტოქესთან“ თამაშის წინ, ნაკრებში „ზედმეტი წნეხი მოხსნილია“
01.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს, თბილისის დროით, 20:00 საქართველოს  ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ¼ - ფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მორიგი ისტორიული დღის წინ, საქართველოს ნაკრებმა, გრიონინგენიდან, სადაც ჯგუფური შეხვედრები ჩაატარა, ამსტერდამში გადაინაცვლა და გუშინ, ასპარეზობის მომავალ დარბაზში, „ზიგო დომში" ივარჯიშა.  ჩვენი ინფორმაციით, ავთანდილ ასათიანის განკარგულებაში მყოფი ყველა, ჩვიდმეტივე ფეხბურთელი ამ დღეს ვარჯიშზე იყო.


„დიდი გზა გავიარეთ აქამდე. კიდევ ერთი ისტორია დავწერეთ ქართულ ფუტსალში. ხვალინდელი მატჩი ამის კიდევ ერთი მაგალითი იქნება. ამდენი წლის შემდეგ, ეს ბიჭები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალს ითამაშებენ. სასწაული გრძნობაა და ყველას გათავისებული აქვს, რა დონის მეტოქე გვყავს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოედანზე. სხვა გზა არ გვაქვს. ზედმეტი წნეხიც მოხსნილია, რადგან ნაკრები რვა საუკეთესო გუნდშია შესული. საინტერესო გამოწვევაა, რათა ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და რამდენად მზად ვართ ასეთი დონის გუნდებთან სათამაშოდ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


როგორც ჩვენი გვერდი უკვე გაუწყებდათ, გუნდთან ერთად ივარჯიშა, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, მიკრო-ტრავმის გამო, იძულებული გახდა, მეორე ტაიმში „დაესვენა".


„ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ტურნირის ფავორიტია. ძალიან ძლიერი გუნდია. ისტორია, უკვე დავწერეთ, თუმცა, ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და ვიბრძოლოთ ახალი მიზნებისთვის. ჯგუფური ეტაპი უკვე დავივიწყეთ და ვემზადებით მეოთხედფინალისთვის. ვიცით, რამდენად პრინციპული მეტოქეა რუსეთი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველაფერს დავდებთ მოსაგებად და თამაში აჩვენებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი", - ამბობს კუპატაძე.


რუსეთის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე, უკრაინის ნაკრები იქნება, რომელმაც ¼ ფინალში, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული, ყაზახეთის ნაკრები 3-5 დაამარცხა.


ფოტო: @GFF / ლაშა კუპრაშვილი