
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს ევრო 2022-ზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში საკუთარი კვალი დატოვა, თან ისეთი, რომ მასზე, საქართველოსთან მიმართებაში, ყველაზე მიკერძოებული მოწინააღმდეგეც კი, თავს ვერ არიდებს დადებითად ილაპარაკოს. „Хорошо что дотерпели, победили" (კარგია, რომ მოვითმინეთ, გავიმარჯვეთ), - იტყვის მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ამსტერდამის „ზიგო დომიდან" ონლაინ მიმდინარეობდა არტიომ ნიაზოვი, ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარი, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩშიც აიღო და დღესაც მოახერხა გოლის გატანა.
- რთული თამაშის შემდეგ, კარგია, რომ მოვითმინეთ და თამაში მოგებამდე მივიყვანეთ. ახლა, დავისვენებთ და მომდევნი თამაშისთვის მოვემზადებით.
TSFF.Ge: ხედავთ თუ არა იმ გუნდს, რომელიც კვალიფიკაციაზე გეთამაშათ და დღევანდელ გუნდს შორის სხვაობას?
- მაშინდელი თამაშებიც საკმაოდ რთული იყო. ვერ ვიტყვი, რომ კვალიფიკაციის დროს მარტივად ვიგებდით. თუმცა, დღეს, რა თქმა უნდა შესამჩნევია გუნდის დონე. ის (ლაპარაკია საქართველოს ნაკრებზე - სარ) იზრდება ყოველ თამაშზე. თავად განსაზღვრეთ, გავიდნენ ჯგუფიდან მეორე ადგილით. დღეს, გვებრძოლეს. რა თქმა უნდა მოველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. პრინციპში, ვემზადებოდით მისთვის. კარგია, რომ დღეს, გავიმარჯვეთ. მადლობა, საქართველოს ნაკრებს დღევანდელი თამაშისთვის, მაგრამ კარგია, რომ ჩვენ მოვიგეთ და ვაგრძელებ...
შეკითხვა: როგორ თვლით, რის ხარჯზე მოახერხეთ გამარჯვება?
- დღეს, გამოგვივიდა დაცვაში თამაში, იმედიანად ვიყავით. ამაზე მეტყველებს ის, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ვითმენდით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმშიც იყო მომენტები, რაღაც არ გამოგვდიოდა, მაგრამ ვითმენდით. ვთამაშობდით მოწესრიგებულად, შედეგად, კანონზომიერად გავიმარჯვეთ. გავიტანეთ კარგი გოლები და მოვახერხეთ, კარგად თამაში დაცვაში, მაშინაც, როცა 4/5 ვთამაშობდით. იყო ერთი მომენტი, სადაც მეკარემ გვიშველა. როცა მოწინააღმდეგე, მეტობით გეთამაშება ასე ხდება ხოლმე. კარგია, რომ თავი გავიტანეთ და მერე გოლიც გავიტანეთ.
შეკითხვა: 1/2 ფინალში უკრაინას ხვდებით, როგორ თვლით, ვინ არის ამ წყვილში ფავორიტი?
- ახლა, ნამდვილად კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ასე გამორჩეული ფავორიტი არავინ არის. შესაძლოა, ქაღალდზე, მაგრამ დღესდღეობით, მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებულები და თავს ვარიდებთ, ზედმეტ ლაპარაკს მსგავს თემებზე. ჩვენ მიზნისკენ მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ.
არტიომ ნიაზოვმა, ჩვენი გუნდის კარში მეორე ტაიმის დაყწებიდან მალევე, 22'08'' გაიტანა. თუმცა, მალევე, 23'40'' საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 1-1. რუსეთის ნაკრებმა, ჩიშკალას დუბლით მოიგო, აქედან, საქართველოს ნაკრები, შევხედრის დამთავრებამდე, რამდენიმე წამით ადრე, ახლოს იყო, ანგარიში გაეთანაბრებინა. თუმცა, დრამატული შეხვედრის ბოლო წამზე, რუსებმა, ცარიელ კარში მოახერხეს ბურთის საკუთარი საჯარიმოდან საქართველოს ნაკრების კარში გადაგზავნა და 3-1 გაიმარჯვეს. ახლა, ისინი, 1/2 ფინალში, 4 თებერვალს უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








