მოციგურავეები 4 თებერვლიდან იწყებენ
მოციგურავეები 4 თებერვლიდან იწყებენ
02.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მორის ყვითელაშვილი  (ერთეულთა სრიალი -კაცები),  ანასტასია გუბანოვა (ერთეულთა სრიალი -ქალები), მარია კაზაკოვა/გიორგი რევია (ყინულზე ცეკვა -შერეული წყვილები), და კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (სპორტული სრიალი - შერეული წყვილები) - ეს არის საქართველოს მოციგურავეთა ოლიმპიური ნაკრები, რომელიც ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავს, როგორ პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი, ფიგურული ციგურაობის ქართულ ისტორიაში, პირველად შეეცდება გუნდურ ასპარეზობაში მედლებისთვის იბრძოლოს. შეგახსენებთ, რომ ისევე, როგორც ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ამჯერადაც, ზამთრის თამაშებზე, ოლიმპიურ სოფელში მყოფ სპორტსმენებს, სოფლის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ და ამასთანავე, ყოველდღიურად სავალდებულო კოვიდ ტესტები უწევთ.

„ბავშვებს, ყველაფერი ნორმალურად აქვთ. ადგილზე არიან, ყველაფერი კარგად არის, განწყობა საბრძოლო. დანარჩენს, პეკინში ჩასვლის შემდეგ, ხვალიდან შევეცდები გიამბოთ", - ამბობს მარიამ გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ცუგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, პეკინში გამგზავრებამდე.




საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები მეორე დღეა პეკინში იმყოფება და ზამრის ოლიმპიური თამაშებისთვის სააკლიმატიზაციო და „დაზვერვით" პროცედურებს გადის. პეკინის Capital Indoor Stadium-ზე დღეს, მოციგურავეებს ვარჯიშის საშუალება ჰქონდათ. ჩვენი გვერდისთვის, ცნობილი ხდება, რომ ყინულზე იყო, ქალთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მედიისთვის მცირე კომენტარიც გააკეთა, განსხვავებით, თავისი ყოფილი თანამოქალაქე მოციგურავებისგან. ამის შესახებ, ერთ-ერთ რუსული გამოცემაც წერს.

„შერეულ ზონაში, გოგოები (საუბარია რუსეთის 3 წარმომადგენელზე, რომლებიც, ოლიმპიური თამაშების ფავორიტებად ითვლებიან) არ შეჩერდნენ , დრო იხელთეს დაეცინათ, ანასტასია გუბანოვსათვის, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობს და ჟურნალისტებთან საუბრობდა. ასეთი საქციელი კი შემდეგნაირად ახსნეს „კიდევ 20 დღე, აქ ვიქნებითო",  - წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა, რომელიც ფართოდ აშუქებს ჯერ კიდევ არდაწყებული ოლიმპიადის ამბებს ჩინეთიდან.




მომავალი ასპარეზობის ადგილას იმყოფებოდა საქრათველოს ნაკრების მედროშე, მორის ყვითელაშვილიც. მისი ფოტო, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა. მორის ყვითელაშვილი, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი მედროშე იქნება ჩვენი მოციგურავეთაგან პირველი, რომელიც Capital Indoor Stadium-ზე იასპარეზებს. ყვითელაშვილი, თავის მეორე ოლიმპიადაზე, ამჯერად, გამოსვლას, როგორც გუნდური შეჯიბრის მონაწილე დაიწყებს. ოლიმპიური თამაშების ეს სახეობა, სწორედ,  გუნდური ასპარეზობით 4 თებერვალს დაიწყება და 7 თებერვლის ჩათვლით გასტანს.




4 თებერვალს, თბილისის დროით დილის 6 საათიდან მოკლე პროგრამით, მამაკაცები იასპარეზებენ. ამის შემდეგ, 07:35 საათიდან, ასპარეზობაში სპორტული ცეკვები ჩაერთვებიან (რითმული ცეკვა), 09:15 საათიდან, სპორტული წყვილების (მოკლე პროგრამა) გამოსვლა დაიწყება.


6 თებერვალს ასპარეზობას  ქალები (მოკლე პროგრამა)  05:30 საათიდან დაიწყებენ. მათი ასპარეზობის შემდეგ, ყინულზე მამაკაცები გამოვლენ, ამჯერად თავისუფალი პროგრამით.


7 თებერვალი  კი, გუნდური ასპარეზობა დასრულდება. ყინულზე, 05:15 საათიდან ჯერ, სპორტული წყვილები,  06:30 საათიდან სპორტული ცეკვების წარმომადგენლები, ბოლოს, 07:35 საათიდან კი ქალები წარსდგებიან თავისუფალი პროგრამით.


Capital Indoor Stadium-დან პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.



ფოტო: @სეოკ / @championat.com