ევრო 2022, ოლიმპიური ზავი და ფიქრები, რომლებსაც წარსული არ გავიწყებს
ევრო 2022, ოლიმპიური ზავი და ფიქრები, რომლებსაც წარსული არ გავიწყებს
03.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ ამსტერდამში, „ზიგო დომში" უეფა-ს ფუტსალის ვერო 2022-ის ნახევარფინალებია. ალბათ, ყველაზე ნაკლებად, ამ ოთხეულში, უკრაინელებს ელოდნენ, რომლებმაც, ჯგუფში ერთი მოგებული შეხვედრის წყალობით გააღწიეს 1/4 ფინალში, თუმცა, უკვე გათამაშების ამ ეტაპზე, ყაზახეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს და ½ ფინალში გავიდა.

გემახსოვრებათ, 1/4 ფინალში წარმატების შემთხვევაში, ჩვენი, საქართველოს ნაკრები სწორედ, უკრაინას „ეჯახებოდა". თუმცა, ჩვენ, ბოლო წამებამდე ბძროლის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატის 1/2 -ფინალური ეტაპი სამომავლოდ გადავდეთ.


„უკრაინას წარმატებას ვუსურვებ, ორი აზრი არ არის. რთული თამაში იქნება, უკრაინამ აჩვენა, რომ მას შეუძლია ყველანაირი მეტოქის დამარცხება. ასე, რომ მხოლოდ და მხოლოდ წარმატება ამ გუნდს", - ამბობს ავთანდილ ასათანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 1/4 ფინალში რუსეთის ნაკრებთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ.


ამასობაში რუსულ მედიასა და ინტერნეტ-სივრცეში, უკრაიასთან დაპირისპირების წინ, კარზე მომდგარი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც კი, მეორე პლანზე გადასწიეს და მთელი ყურადღება, ფუტსალში უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაზე გადაიტანეს. დიახ, ოლიმპიური თამაშების წინ, სწორედ, ფუტსალის ევრო 2022-ის ამ წყვილზე საუბრობენ ცნობილი რუსი მოციგურავე ირინა რადნინადან დაწყებული, ვალერი გაზაევით დასრულებული. სპორტულ წრეებში იმედოვნებენ, რომ ამ მატჩმა შესაძლოა ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის, ურთიერთობაც კი დათბეს.


თუმცა, საპირისპირო ხდება არასპორტულ რუსულ რეალობაში. ბუნებრივია, აქ - საუბრობენ, რთულ მატჩზე, რომელშიც ფავორიტად რუსეთს ასახელებენ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ უკრაინელებს, სპორტულზე მეტად, სხვა მოტივაცია აქვთ. ამიტომ, „მოკვდებიან", მაგრამ ამ შეხვედრის, ყველა დაშვებული თუ, დაუშვებელი წესით მოგებას შეეცდებიან. მაგალითად, არ გამორიცხავენ პროვოკაციებს, რუსეთის დუმაშიც კი, სადაც თამაშის დღეს, „მოსყიდული" დეპუტატები პროვოკაციებს მოაწყობენ. ლაპარაკობენ, მოსყიდულ გულშემატკივარზე, რომლებიც ვითარების გამწვავებას, ამსტერდამში, უშუალოდ შეჯიბრის ტერიტორიაზე გეგმავენ და დარბაზში დებოშს მოაწყობენ.


აქ, გულშემატკივარს უბრალოდ, ფაქტის სახით შევახსენებ, რუსეთი-საქართველოს ფუტსალის მაჩის დაპირისპირებისას, როგორ სკანდირებდნენ „უკრაინას", აშკარად არაკავკასიური აქცეტით და როგორ მოუწოდა, ამის შემდეგ, დარბაზში დიქტორმა გულშემატკივარს, ორივე გუნდისთვის ექომაგა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციისას კი, რუსებმა, პოლიტიკური შინაარსის შეკითხვებს, უბრალოდ, არ უპასუხეს.


აი, თუ უკრაინამ, გაიმარჯვა, მაშინ კი, „ვნახავთ მეიდანზე, როგორ კუნტრუშ-კუნტრუშით იცეკვებენო", ცინიკურად წერს რუსი პოლიტიკოსების ნაწილი.  ბუნებრივია, დღეს, არანაირი პარალელების გავლება არ მინდა, მაგრამ ძალაუნებურად, მთელი ეს ინფორმაცია, როცა თავში ტრიალებს, ვერც იმ ფიქრებს ერიდები, რომელიც შენს ქვეყანას, არც თუ შორეულ წარსულში 2008 წელს გადახდა. იმ წელსაც, ოლიმპიური თამაშები იყო, თანაც პეკინში. „ოლიმპიური ზავის" მიუხედავად, როდესაც ბოროტი მეზობლის ხელძღვანელი პეკინში იმყოფებოდა, რუსეთის ჯარებს არ გასჭირვებიათ აგვისტოს ომში საქართველოს ჩაბმა. ხვალაც, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეა, ისევ პეკინში, საიდანაც დღეს ყველა პოლიტიკოსს შეახსენეს, „ოლიმპიური ზავის" პატივისცემის შესახებ. პუტინიც, პეკინი 2022 წლის გახსნის ცერემონიაზე დასწრებას აპირებს... ამსტერდამში კი, ევრო 2022-ის, საფეხბურთო მატჩიც გაიმართება, რომელიც თავისი დატვირთვით, ფინალზე აღმატებულია.


იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის მეგობარი - უკრაინის ნაკრები გამოვა გამარჯვებული. „ოლიმპიური ზავი" კი, ამჯერად მაინც, იმუშავებს და ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, ვითარების ზედმეტ ესკალაციას არ გამოიწვევს.


ევრო 2022-ის 1/2 ფინალი უკრაინასა და რუსეთის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 23:00 საათიდან კი, ამსტერდამის „ზიგო დომში" მეორე 1/2 ფინალი აიღებს სტარტს, რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები, ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე ტუტულოვან ფუტსალის ნაკრებს, ესპანეთს დაუპირისპირდება.