ქართული მოციგურავეთა გუნდი პეკინში ღირსეულად გამოიყურება
ქართული მოციგურავეთა გუნდი პეკინში ღირსეულად გამოიყურება
04.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზამთრის ოლიმპიური თამაშების, პეკინი 2022-ის ოფიციალურ გახსნამდე, რომელიც თბილისის დროით დღეს, 16:00 საათიდან დაიწყება, საქართველოს წარმომადგენლებმა თამაშებში ასპარეზობა უკვე დაიწყეს.


Capital Indoor Stadium-ზე დღეს, ჩვენმა ფიგურულმა მოციგურავეებმა გუნდური ასპარეზობის სამ დისციპლინაში იასპარეზეს და ვიდრე ქალთა ერთეულთა თანრიგში ანასტასია გუბანოვა აიღებს სტარტს, 6 თებერვალს, გუნდური 15 ქულით, მე-7 ადგილზე ვართ.



ყინულზე კი, პირველი მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზენი გამოვიდნენ. ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მედროშე მორის ყვითელაშვილი, მე-7 სასტარტო ნორმით, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული პროგრამით წარსდგა. ქართველმა, საბოლოოდ 92.37 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და წინ აშშ-ს, იაპონიისა და რუკ-ის წარმომადგენლები გადაუშვა. მორისმა ამ შედეგით, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მიპოვა და ახლა, ჩვენი გუნდისთვის მორიგი ქულების მოპოვებას უკვე 6 თებერვალს შეეცვდება.




მორისის მოპოვებულ გუნდურ 7 ქულას, მხოლოდ, 3 ქულა შემატეს, რიტმული ცეკვაში  მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა. პროგრამის შესრულებისას კი, ჩვენებმა, მე-4 სასტარტო ნომრით იასპარეზეს, 64.60 ქულა დააგროვეს და მე-8 ადგილზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ქართულმა წყვილმა, ოლიმპიური თამაშების ლიცენზია აიღო, გიორგის ძველმა, ზურგისა და მუხლის ტრავმამ შეახსენა თავი. შესაბამისად, წყვილს, 2021 წელს, თითქმის, ყველა მნიშვნელოვანი სტარტი გაუცდა. პეკინის ოლიმპიური თამაშების დღევანდელი ასპარეზობაც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მათთვის პირველი სერიოზული გამოცდა იყო. გამოსვლისას წყვილს დაძაბულობა ემჩნეოდა, რომელსაც იმედია, ინდივიდუალური ასპარეზობის დროს აუცილებლად დაძლევენ.




ყველაზე ბოლოს, ყინული წყვილებს დაეთმოთ. მოკლე პროგრამაში, საქართველოს წარმომადგენლებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მე-3 სასტარტო ნომრით იასპარეზეს, 64.79 ქულა დააგროვეს და ჯგუფი მოიგეს. თუმცა, საბოლოოდ, მათ, ოლიმპიადის მასპინძელი ჩინეთის, როკ-ის, აშშ-სა და კანადის წყვილებმა გადაასწრეს და საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზდრა წყვილი, მე-6 ადგილს დასჯერდა.






ფოტო: სეოკ / ხატია ჯიჯეიშვილი