აკაკი ხუბუტია „გაგრასთან“ ერთად ვარჯიშობს
აკაკი ხუბუტია „გაგრასთან“ ერთად ვარჯიშობს
06.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი საფეხბურთო სეზონი საქართველოში ამ თვის ბოლოს განახლდება. მანამდე კი, ქართული კლუბები, ვინ საქართველოში და ზოგი უცხოეთში, ბოლო მოსამზადებელ პერიოდს გადის. თბილისში, ე.წ. „დიღმის მოედნებზე" ემზადება ძლიერთა შორის დაბრუნებული საფეხბურთო კლუბი „გაგრა", რომელმაც ახალი სეზონისთვის მთელი რიგი ფეხბურთელები (ბექა ქურდაძე, ვალერი ოლხოვი, ნიკა ჭანტურია, ზურაბ სეხნიაშვილი, თეიმურაზ შონია, თემურ ჩოგაძე, მათე კვირკვია, გიორგი ბუხაიძე, შოთა კერძევაძე) დაიმატა. თუმცა, დღეს „გაგრასთან" ერთად, აკაკი ხუბუტიაც ვარშიდობდა.



„მიუხედავად იმისა, რომ იქ, ზაფხულამდე, ჯერ კიდევ მაქვს კონტრაქტი, ჩამოვედი საქართველოში. უკრაინაშიც დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ჩასვლა აღარ მინდოდა. ოჯახი საქართველოში მყავს და იმ კლუბშიც არაა ისეთი პირობები, რომ ასე ყოფნა მიღირდეს", - ამბობს აკაკი ხუბუტია


35 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კონტრაქტით ჯერ კიდევ უკრაინულ „ВПК-აგრო"-ში ირიცხება, არაა გამორიცხული, ახალი საფეხბურთო ჩემპიონატიდან ქართულ გუნდში ითამაშოს. თუმცა, მას ჯერ ქართული კლუბებიდან ოფიციალური შემოთავაზება არა აქვს.



„ამ ეტაპზე „გაგრას" შევუთანხმდი, რომ ვიდრე რამე გაირკვევა, აქ მევარჯიშა. ვიცნობ, კარგი ხალხია, თბილისში ვარჯიშობენ. თავიდან გადავწყვიტე გუნდთან ერთად, ფორმის შესანარჩუნებლად, 10 დღე მევარჯიშა. თუ რამე კონკრეტული წინადადება იქნება, მინდა, რომ ფორმაში ვიყო. დამთანხმდნენ. ვნახოთ, შემდეგ როგორ იქნება. ჯერ-ჯერობით, სხვა რომელიმე უცხოურ კლუბში წასვლასაც არ გამოვრიცხავ, თუკი მისაღები შემოთავაზება იქნება. თუმცა, ჯერ არაფერი კონკრეტული, არც ქართული გუნდებიდან და არც უცხოეთიდან. ვნახოთ. მე ვვარჯიშობ", - ამბობს ხუბუტია.


იმ შემთხვევაში, თუკი აკაკი ხუბუტია და „გაგრა" ან, სხვა რომელიმე ქართული კლუბი შეთახმდებიან, ხუბუტია, იქნება საქართველოს ასაკობრივი და  ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, რომელიც 2022 წლის სეზონზე,  ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს. რაც შეეხება „გაგრას", ის ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, სადებიუტო შეხვედრას, 26 თებერვალს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილას" დაუპირისპირდება.