შიფრინი გამოვარდა, წიკლაური 34-ე იყო
შიფრინი გამოვარდა, წიკლაური 34-ე იყო
07.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ნინო წიკლაურმა, ასპარეზობის პირველი დისციპლინის, გიგანტური სლალომის შემდეგ  34-ე ადგილი დაიკავა.

ყინულის მდინარის (Ice River) სახელით ცნობილ ტრასაზე, სადაც სტარტის სიმაღლე ზღვის დონიდან 1925 მეტრზე იყო განთავსებული, ასპარეზობა 82-მა სპორტსმენმა დაიწყო. მონაწილეთა შორის, იყო მიკაელა შიფრინი, რომელმაც პეკინის ოლიმპიური თამაშების სტარტზე, გიგანტურ სლალომში, მხოლოდ 5 კარის გავლა მოახერხა და ასპარეზობას გამოეთიშა.


„თოვლი იყო გადასარევი სასრიალოდ. ღმერთო ჩემო, მართლა სასიამოვნო იყო, მაგრამ თუკი პატარა შეცდომასაც დაუშვებ, თავს ვეღარ დაიძვრენ. როგორც ნახეთ, მე იმ მოსახვევში, ყველაზე ცუდი არჩევანი გავაკეთე. არც ისე ხშირად ვეცემი ტრასაში, ვეცადე მეკონტროლებინა შესვლის სისწრაფე და ნაღდად არ მეგონა, ასე თუ დამთავრდებოდა",  - ამბობს მიკაელა შიფრინი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 26 წლის ამერიკელი მოთხილამურე ქალი,  რომელიც, ამ დაშვებაშიც, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა, FIS-ის ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.


ალბათ, აღსანიშნავია, რომ მიკაელას მსგავსად, გიგანტური სლალომის ასპარეზობას სტარტზევე გამოეთიშა, კიდევ ერთი სახე - იტალიელი, მარტა ბასინოც. საერთო ჯამში კი, გიგანტურ სლალომში დარეგისტრირებული 82 მონაწილედან, ორივე მცდელობის ჯამში, ასპარეზობა ვერ დაასრულა 33-მა მონაწილემ. აქედან, პირველი ცდის შემდეგ, 22 მოთხილამურე გამოაკლდა შეჯიბრს. ამის ფონზე, ნინო წიკლაურმა, რომელიც 58-ე ნომრით ასპარეზობდა, პირველი დაშვებისას 1:04.49 წამი უჩვენა, ლიდერს, შვედ სარა ჰექტორს, +6.93 მეათასედით ჩამორჩა და 41-ე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ნინოს შემდეგ, ამ მცდელობაში კიდევ 24 მონაწილე გამოვიდა, თუმცა, ქართველს, ვერც ერთმა ვეღარ გადაასწრო.




პირველი ტრასის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: სტარტის სიმაღლე  1925მ, ფინიში 1501 მ, ტრასის ვერტიკალური დახრა 424მ, გასავლელი კარი 47. მეორე დაშვებისას, ამ მონაცემებს, მხოლოდ ერთი კარი მოაკლდა. თუმცა, ტრასიდან, კიდვე 11 მონაწილე „ამოვარდა".  მათ შორის 7 მოთხილამურე, რომელიც პირველი მცდელობის შემდეგ წიკლაურზე წინა პოზიციებს იკავებდნენ.


მეორე მცდელობისას, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართული გუნდის ყველაზე გამოცდილმა მონაწილემ და ჩვენი ქვეყნის მედროშემ, დისტანცია, 1:05.38 წამში დაფარა და 35-ე შედეგი უჩვენა. ორი დაშვების ჯამში, 2:09.87 წამით, გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ოქროს მფლობელ, სარა ჰექტორს (1:55.69), +14.18 მეათასედით ჩამორჩა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი მცდელობის ჯამში, 34-ე ადგილი დაიკავა.


გიგანტური სლალომის სრული ტექნიკური ოქმი


ნინო წიკლაურმა ჩინეთში მიმდინარე ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე მორიგ სტარტს 9 თებერვალს, სლალომში აირებს.