საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა დღეს 4 მატჩით განახლდა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა დღეს 4 მატჩით განახლდა
10.02.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

თვენახევრიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა განახლდა. კორონავირუსული პანდემიის გამო მეორე წრის საწყისი 2 ტური გადაიდო და დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 4 მატჩი ჩატარდება. პირველი შეხვედრა დასრულდა, რომელშიც "მეგამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "დინამოსთან" - 89:74 (სტატისტიკა).


ამით მეგამ წარმატებული სერია გააგრძელა, რომელიც გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის მოსვლით დაიწყო. მეგამ სუპერლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო იანვარში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ფინალამდე მივიდა და სატიტულო შეხვედრა "ქუთაისთან" დათმო.


დღევანდელ მატჩში მეგას პრობლემა არ შეჰქმნია. ჩერქეზიშვილის გუნდიდან ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო - პირველ პერიოდში იმდენად ვერა, თუმცა მეორეში მეგას კალათბურთელებმა  ყველა კომპონენტში გაილაღეს - განსაკუთრებით პერიმეტრსმიღმიდან და 32:13 მოგებული ათწუთეულის შემდეგ მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს. მეგა 26 ქულით იგებდა და საბოლოო წარმატებამდე მესამე პერიოდის უსაფრთხოდ ჩატარება აშორებდა.


მართალია, დინამოელებმა შედეგიანად დაიწყეს თამაში და მესამე პერიოდი 12 ქულით მოიგეს, თუმცა ბოლო პერიოდში ათამაშდა მეგას ლიდერი, დემონტე ფლანიგანი, რომელიც მანამდე შედარებით პასიური იყო (პირველ ნახევარში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა). ბოლო პერიოდი მეგამ 3 ქულით მოიგო და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა.



გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ტაილერ კორბინი, რომელმაც 21 ქულა, 13 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 20 ქულა მიითვალა ოთარ ბულიავამ, ფლანიგანის ანგარიშზე კი 19 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. "დინამოში 24 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ბენჟამინ ქოლეჯის ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.


5 მოგებითა და 6 მარცხით მეგა ამ მომენტისთვის სუპერლიგის ცხრილში მე-5 ადგილზეა. დინამოს კი 11 მატჩიდან ერთადერთი გამარჯვება აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.


***

დრამატულად წარიმართა სუპერლიგის მოწინავე გუნდების მატჩი. პირველი წრის შემდეგ 8 მოგებითა და 2 მარცხით II-III ადგილებს თსუ და "ვერა" იყოფდნენ და დღეს ამ გუნდებს ურთიერთობის გარკვევა პირისპირ შეეძლოთ. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით გასიტაშვილის გუნდების ჯახი მართლაც საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა. მართალია, დაცვა ვერ იდგა სათანადო დონეზე და ორივე გუნდმა ლამის 100 ქულას უწია, თუმცა დაძაბულობა და მოხდენილი ეპიზოდები "ვერასა" და თსუ-ს დაპირისპირებას არ აკლდა.


მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა, მანამდე გამარჯვებულის ვინაობა ვაკანტური იყო. შეიძლება ითქვას, ორივე გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა თსუ-ს მეტად გაუმართლა, რომელმაც 2 ქულის სხვაობით - 99:97 (სტატისტიკა) იმარჯვა. თსუ-ს კალათბურთელებმა გმირულად იბრძოლეს და გამარჯვება დაიმსახურეს, თუმცა ვერელებიც არ იყვნენ ნაკლებნი და ცოტა რომ გამართლებოდათ, ეგებ საპირისპირო შედეგი დაფიქსირებულიყო.  ვერელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდი ჰყავთ, რომელმაც თითქმის უიმედო მატჩი არაერთხელ შემოატრიალა და აქამდე სუპერლიგაში ბოლო 7 მატჩი მიჯრით მოიგო. უიმედო ვითარებაში იყო "ვერა" დღესაც - მატჩის დასრულებამდე 3.4 წამით ადრე ქულას აგებდა, მეტოქე კი 3 საჯარიმოს ესროდა - 2-ს გუჯა ხვედელიძე და 1-ს რაილ ოუენსი, რომელიც ვერელებმა მსაჯთან კამათისთვის ტექნიკური ჯარიმის გამო დაიმსახურეს.



ტექნიკური ვერას ერთ-ერთი მწვრთნელის რეაქციას მოჰყვა, რომელიც მან მსაჯის მიმართ გამოხატა, რადგან ჩათვალა, რომ ვერელთა გამთამაშებელ დარელ ბრაუნზე თსუ-ელები დაჯარიმდნენ. ეს გახლდათ ბოლო წამებზე განხორციელებული გარღვევა, რომელიც ბრაუნს რომ ჩაეგდო, ვერას ქულით აწინაურებდა. მჭიდრო დაცვის გამო ბრაუნმა გარღვევა ააცილა და თავად უხერხულად დაეცა. სწორედ ამ დროს დაფიქსირდა ტექნიკური ჯარიმა, რომელიც თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა, რაილ ოუენსმა ჩააგდო და თსუ - 99:97 დააწინაურა. რაც შეეხება 2 საჯარიმო სროლას, გუჯა ხვედელიძეს ორივე აუცდა და დარჩენილ 3.4 წამში ვერელებმა ბურთის მოხსნა და მისი მეტოქის საჯარიმოსკენ გაგზავნა მოასწრეს. გასროლილი ბურთის მისაღებად მებრძოლ ვერას ამერიკელ ლეგიონერ თაჩ უნრუჰზე თსუ-ელები დაჯარიმდნენ და ... ძირითადი დროის დასრულებამდე 0.4 წამით ადრე უნრუჰი საჯარიმოს ხაზზე დადგა და ორივე რომ ჩაეგდო, ოვერტაიმი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ...


რაც შეეხება ამ დრამატულ ეპიზოდამდე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია ორმხრივი თავდადება. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოდა. თსუ-მ ორჯერ მოახერხა 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა: ერთხელ პირველ და ერთხელაც მეორე ნახევარში. ყველაზე საჭირო მომენტში, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე თსუ-ელებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს - რამდენიმე ჩაჭრილი ბურთი და შედეგიანი კონტრშეტევა გახდა უნივერსიტეტელთა 5 ქულით დაწინაურების მიზეზი.


ვერელებმა ბოლო ძალები მატჩის გადასარჩენად მიმართეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, რაც დარელ ბრაუნის შედეგიანობას მოჰყვა. ბრაუნს შეეძლო მატჩის გმირიც გამხდარიყო, მაგრამ დასრულებამდე წამებით ადრე განხორციელებული გარღვევა, რომელიც ზემოთ დეტალურად განვიხილეთ, ვერ ჩააგდო...


გამარჯვებულ უნივერსიტეტელებს სუპერლიგის ბომბარდირმა ლოველ ქაბილმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულასთან ერთად 11 პასი მიითვალა. არანაკლებ შედეგიანი იყო რაილ ოუენსი - 22 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი. 21 ქულა ნიკოლოზ დარბაიძემ, ხოლო 11 - მიხეილ ბერიშვილმა მოაგროვეს. ვერაში 30 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ზაკ სელიასი. ვახტანგ ქადარიამ 19 ქულა მიითვალა, ხოლო დარელ ბრაუნმა - 16.


***


სუპერლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "კაკტუსმა" წარუმატებელი სერია "ოლიმპთან"  შეწყვიტა. 4 წაგების შემდეგ კაკტუსელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს და თან საკმაოდ ამბიციურ "ოლიმპს" სძლიეს, რომელიც 2 ახალი ლეგიონერით თამაშობდა.


თავის მხრივ, "კაკტუსსაც" 2 ახალი ლეგიონერი ჰყავს, თუმცა დენზელ ლივინგსტონმა და დერიკ ნიუტონმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზეც ითამაშეს, თუმცა ისინი ახლა უფრო შეთამაშებულები არიან ახალ გუნდთან. პლუს ამას, "კაკტუსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ირაკლი ხოშტარია, რომელმაც სუპერლიგაში ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა.


არადა, "ოლიმპმა" ისე დაიწყო თამაში, რომ პრობლემები არ უნდა შეჰქმნოდა. მეორე პერიოდში ოლიმპელები 16 ქულით დაწინაურდნენ და შესაძლოა, ამან მათზე უარყოფითად იმოქმედა. დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი მოეშვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და გუნდური თამაშით ჩამორჩენის შემცირება იწყო. მეორე პერიოდის დასასრული და მესამე ათწუთეული მთლიანად კაკტუსელებმა შედეგიანად ჩაატარეს და დაწინაურდნენ.




გადამწყვეტი მეოთხედის წინ "ოლიმპი" 5 ქულით აგებდა და გადამწყვეტი ბრძოლაც წინ იყო. კაკტუსელებმა ბოლომდე იბრძოლეს - გამოსარჩევია ლუკა ზაქრაძის შედეგიანი გარჯა, რომელსაც მხარს ლეგიონერები კარგად უბამდნენ. ოლიმპს შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ ბოლო წამზე, გამარჯვების სამქულიანი კახა ჯინჭარაძეს აუცდა - 71:69 (სტატისტიკა).


"კაკტუსში" 12 ქულით, 10 პასით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 15 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე. 14 ქულა დერიკ ნიუტონის ანგარიშზე დაგროვდა. ოლიმპში 16-16 ქულით კახა ჯინჭარაძე და ახალწვეული იმორას ეიჯი გამოირჩნენ. ადვარდ ეკიორის ანგარიშზე 8 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.


***


სუპერლიგის დღევანდელი მატჩები საინტერესო დუელით დასრულდა. ერთმანეთს ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი გუნდები - "ტიტები" და "ცხუმ-აფხაზეთი" შეხვდნენ. ორივე გუნდს 4 მოგების წილ 6 მარცხი ჰქონდა და ამ ურთიერთშეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი მათგანი დაწინაურდებოდა ცხრილში.


გამარჯვება, თანაც საკმაოდ დამაჯერებელი, "ტიტებმა" მოიპოვეს, რაც სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ერთობ მოულოდნელი იყო - 86:75 (სტატისტიკა). გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი "ტიტების" ახალწვეული კრის მაკნილი გახლდათ, რომელმაც 6 სამქულიანი და ჯამში 29 ქულა ჩააგდო, რითაც "ცხუმ-აფხაზეთს" გაქანების შანსი მოუსპო. სატრანსფერო ბაზარზე "ტიტების" პოლიტიკა ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანაა, რაშიც ამ გუნდის ხელმძღვანელობას კარგად გამოსდის. მაკნილმა ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ძალიან გააძლიერა და შედეგიც სახეზეა.


პირველი პერიოდის 3 ქულით წაგების შემდეგ "ტიტებმა" მეორე ათწუთეული 29:21 მოიგო, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ცხუმ-აფხაზეთის მაქსიმუმი ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო, რასაც ისააკ ასრატის სამქულიანი მოჰყვა და შეხვედრის ბედიც გაირკვა.




კრის მაკნილმა 29 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 7 პასიც მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 12 ქულა და 13 მოხსნა ჯავიონ ოგუნიემიმ მიითვალა, ჯორდან რობერტსონმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. ცხუმ-აფხაზეთში 23 ქულითა და 9 მოხსნით მარქილ სმიტი გამოირჩა. 17 ქულა და 8 პასი ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა, 13-13 ქულა ალექსანდრ ფიკოკმა და ჯაი უილიამსმა მიითვალეს.


ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა 11 თებერვალს, რუსთავში, ადგილობრივ გუნდსა და "ბათუმს" შორის გაიმართება.