კამილა ვალიევა - დამნაშავე თუ განტევების ვაცი?
კამილა ვალიევა - დამნაშავე თუ განტევების ვაცი?
11.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიგურულ მოციგურავეებს შესვენება აქვთ. თუმცა, ისინი ყინულზე გადიან და ვარჯიშობენ. მათ შორის ჩვენებიც. თუმცა, ოლიმპიადაზე მომუშავე და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, კვლავ, 15 წლის ამომავალი ვარსკვლავი კამილა ვალიევა რჩება, რომელიც ბოლო დღეებია დოპინგ-სკანდალშია გახვეული. ნერვიულობა ემჩნევა მოციგურავესაც, რომელიც ვარჯიშის დროს დღეს, რამდენჯერმე ცუდად დაეცა.


როგორც ჩანს 2022 წლის მეორე თვის სკანდალი (ავსტრალიაში, იანვარში დატრიალებულ ჯოკოვიჩის ამბავს გაგახსენებთ) და სასამართლო განხილვა, ამჯერად, სწორედ როკ-ის ოლიმპიურ გუნდს და კამილა ვალიევას დაუკავშირდება. საქმე ისაა, რომ რუსებმა, დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს  პეკინის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS)-ში და ვიდრე, ახალგაზრდა მოციგურავის ბრალეულობის სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება (რაც დროს წაიღებს), მოითხოვეს სპორტსმენს, ერთეულთა თანრიგში ასპარეზობის ნება დართონ.




ამ სარჩელის გარდა, CAS-ში კიდევ ერთია შესული, სადაც უკვე ანტიდოპინგური სააგენტო და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი არკვევენ საკითხს - ვის უნდა დარჩეს პეკინი 2022-ის გუნდური ოლიმპიური ოქრო. ასე, რომ ამ პროცესების დასრულების შემდეგ, გაირკვევა დარჩებათ რუსებს ოლიმპიური გუნდური ოქრო, თუ არა...


ამასობაში კი, საბოლოოდ ირკვევა, რომ მოციგურავეს, რომელსაც დროებით აკრძალული აქვს ყველა შეჯიბრში, მათ შორის პეკინის ოლიმპიადაზე გამოსვლა, დოპინგზე ტესტი დეკემბერში, რუსეთის ჩემპიონატის მსვლელობისას აუღეს. შეჯიბრი 2021 წლის 25 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა. სკანდალური ტესტი აღნიშნული შეჯიბრის დასრულების შემდეგ ჩააბარა სპორტსმენმა და ის, WADA-ს ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ამის შემდეგ, ვალიევამ, 2022 წელს, მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ახლა ოლიმპიური გუნდური ასპარეზობა. ამავდროულად ორივე შეჯიბრის შემდეგ, მოციგურავემ კვლავ ჩააბარა ტესტი, რომელთა პასუხებიც ნეგატიურია. უფრო მეტიც, 25 დეკემბრის შემდეგ, სპორტსმენის ყველა დოპინგ-ტესტი არის უარყოფითი.


მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვალიევამ 7 თებერვალს, გუნდური ასპარეზობისას ოქრო მოიგო და აშკარად ცხადი გახდა, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრშიც, 15 წლის სპორტსმენს კონკურენციას, მხოლოდ მისი თანამემამულენი თუ გაუწევდნენ და შესაბამისადაც, დიდი ალბათობით, კვრაცხლბეკი, შესაძლოა რუსული ყოფილიყო, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით WADA-მ სტოკჰოლმიდან განგაშის ზარი შემოსცხო (შეეძლო ეს მანამდეც გაეკეთებინა). უბრალოდ დამთხვევაა? შეიძლება...




სხვათა შორის, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ფიგურული ციგურაობა, „დიდი მეზობლის" ისტორიულ სახეობად ითვლება, რუსი სპორტსმენების გამოსვლისას, რა შეცდომებსაც მსაჯები „ატარებენ" (თუმცა ანალოგიურია, აშშ-ს, იაპონიის, კანადის, პეკინის ვარიანტში - ჩინეთის წარმომადგენლების შემთხვევაშიც), იმას სხვა ქვეყნის, განსაკუთრებით კი, პატარა და ამ სახეობაში ახალი ქვეყნების წარმომადგენლებს, არ უტარებენ. თუმცა, ვალიევას შემთვევაში, ეს არ ითქმის - გოგო, აშკარად ტალანტია. ალბათ, ისეთი, როგორიც წლების წინ, ელენა ვოდორეზოვა იყო, ან უფრო მეტად ძლიერი და პერსპექტიული.


მოკლედ, ვალიევას ტესტში, აკრძალული პრეპარატის, ტრიმედაზიდინის კვალი აღმოჩნდა. აქვე გთავაზობთ, პრეპარატის რამდენიმე მახასიათებელს - trimetazidine კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები. მაგალითად, ჩვენთან, აღნიშნული პრეპარატი, მე-3 ჯგუფის მედიკამენტების ნუსხაშია და გაიცემა, ურეცეპტოდ. თუმცა, განეკუთვნება WADA-ს მიერ კლასიფიცირებულ  S4 ჯგუფის მედიკამენტებს. ბუნებრივია ის, ვერ ეხმარება სპორტსმენს შედეგის გაუმჯობესებაში, თუმცა, მისი მიღება აკრძალულია როგორც შეჯიბრის, ისე არასაშეჯიბრო პერიოდშიც.




ალბათ, როდესაც სპორტსმენს, რაიმე მედიკამენტის მიღებაში ადანაშაულებენ, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდებში მაქვს ნამუშევარი, ვიძახი, რომ ასეთ შემთხვევაში, გუნდის ექიმის პასუხისმგებლობის და შესაბამისად, ბრალეულობის საკითხიც გასარკვევია და ჯოხი, მხოლოდ სპორტსმენზე არაა გადასატეხი. მითუმტეს, თუ სპორტსმენი არასრულწოვანია.


ვალიევას, ინდივიდიუალურ ჩათვლაში გამოსვლა 15 თებერვალს უწევს. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, დართავენ თუ არა მას უფლებას. ამასობაში კრემლი, რუს სპორტსმენს მოუწოდებს თავაწეულმა იაროს. თუმცა, ახლა საკითხავია, რამდენად წაადგება კრემლის მხარდაჭერა, ახალგაზრდა სპორტსმენს, მსოფლიოში, რუსეთის ირგვლივ განვითარებული, ბოლო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე და ხომ არ იქნება, 15 წლის პერსპექტიული სპორტსმენი, მარტივად, განტევების ვაცი.




აქვე ვაფიქსირებ, ჩემი როგორც სტატიის ავტორის პოზიციას და ვაცხადებ, რომ რუსეთს აქვს ჩემი ქვეყნის, საქართველოს 20%-ზე მეტი ოკუპირებული და როგორც სახელმწიფოს მივიჩნევ აგრესორად, უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარეც. მიუხედავად ამისა, ცალკეული სპორტსმენის მიმართ, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, მიმაჩნია, რომ შეჯიბრის მსვლელობისას, მსგავსი გადაწყვეტილების გამოქვეყნება, გუნდის დემორალიზებასა და გატეხვას ემსახურება. დანარჩენი, დასკვნები თავად გააკეთედ.