
დაახლოებით ერთი საათის წინ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაკა გიორგობიანმა, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურული ციგურაობის გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის დაპატიჟებული რვა სპორტსმენია დასახელებული.
მონაწილეთა ჩამონათვალში არის საქართველოს გუნდის წევრიც, მორის ყვითელაშვილი, რომელიც ამ ჩამონათვალის მიხედვით, ერთად-ერთი ევროპელია, რომელსაც გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის ეპატიჟებიან. ყვითელაშვილის გარდა, ფიგურულ მოციგურავეთა დასკვნით საღამოს მონაწილეთა ჩამონათვალში, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგიდან პეკინის 2022 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ნათან ჩენი (აშშ), ვერცხლის მედლის მფლობელი იუმა კაგაიამა (იაპონია), ბრინჯაოს მედალოსანი შომა უნო (იაპონია), იუძურუ ჰანიუ (იაპონია), ბოიანგ ჯინი (ჩინეთი), კიგან მესინგი (კანადა) და ამერიკელი ვინსენტ ჩჟოუ არის, რომელმაც მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში კოვიდ-დადებითი ტესტის გამო, გამოსვლა ვერ მოახერხა.

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ, სხვა თანრიგებიდან, რომელი შემსრულებლები გახდებიან გალა-კონცერტის მონაწილენი. თუმცა, სხვა თანრიგებში, ასპარეზობა მხოლოდ ხვალიდან, 12 თებერვლიდან იწყება და ამ დღეს, Capital Indoor Stadium-ზე, თბილისის დროით 15:00 საათიდან, რითმულ ცეკვებში, ქართული წყვილის, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ქომაგობა გვიწევს. წინასწარი განაცხადის მიხედვით, 23 წყვილს შორის, ჩვენები მე-8 ნომრით იასპარეზებენ და შესაბამისად, მეორე ჯგუფში მოუწევთ სრიალი.

სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ








