
პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე დაასრულა გამოსვლა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა. თავისუფალ პროგრამაში, სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე, ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა 97.25 ქულით მე-19 პოზიცია დაიკავა და შესაბამისად, ორი დისციპლინის ჯამშიც 164.33 (მოკლე პროგრამა 67.08, თავისუფალი პროგრამა 97.25) ქულით, ამჯერად, მხოლოდ მე-19 ადგილს დასჯერდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წყვილმა მას შემდეგ, რაც ობერსდორფში, 2021 წლის სექტემბერში ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიგო, ოფიციალურ ტურნირებზე, გიორგის ტრავმის გამო, თითქმის არ უასპარეზია. შესაბამისად, ახალი პროგრამის დასახვეწადაც მათ, შეჯიბრის რეჟიმში, დრო, თითქმის არ ჰქონიათ.
დღეს კი, კაზაკოვასა და რევიას პროგრამა საკმაოდ რთული ელემენტებისგან შედგებოდა. საერთო ჯამში, მოციგურავეებმა 9 ელემენტი შეასრულეს. Dummy-ის, Texas Gypsy Massacre-ისა და Mephisto's Lullaby-ის მიხედვით შექმნილი კომპოზიციის თანხლებით, ჩვენები, მექანიზმის მსგავსად შეეცადნენ გამართულად მუშაობას, თუმცა, სინქრონული ტვიზლების პირველ ფაზაში, მცირედი ასინქრონიზაციის გამო, ტექნიკურ პანელზე ელემენტი „გადასახედად" შემოინახეს. აი, მომდევნო ელემენტში კი, კომბინირებულ აწევაში (traight Line Lift 4+Rotational Lift 4) კაზაკოვა-რევიას წყვილის გამოსვლისა ყველაზე მეტი ქულით, 12.31 შეფასდა.
![]() |
![]() |
გამომდინარე იქიდან, რომ სპორტის ქართველი ქომაგის დიდი ნაწილისთვის, ფიგურული ციგურაობა ჯერ კიდევ „ეგზოტიკურია", მცირედ განმარტებას და ისიც, პეკინიდან ლაივ-რეპორტაჟზე მომუშავე კომენტატორებზე დაყრდნობით ვაკეთებთ, რისთვისაც, პირადად ჩვენი გვერდი, მათ მადლობას უხდის. მარტივი არ არის, თუნცად სპორტული ჟურნალისტითვის, მოყვარულის სტატუსიდან, უცბად გარდაიქმნა სფეროში გათვითცნობიერებულ ექსპერტად. ჩვენც, ქართულ გუნდთან ერთად ვსწავლობთ დამოუკიდებლად გამოსვლას და ნაბიჯს, ნაბიჯზე ვუმატებთ.
ანალოგიურ ვითარებაშია ქომაგიც, ამიტომ კიდევ ერთ მცირედ განმარტებას გავაკეთებ - სპორტულ ცეკვევებში, თავისუფალ პროგრამაში, სადაც მსაჯები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ შეაფასონ ესა თუ, ის ელემენტი და შესაბამისად, სპორტსმენსაც ქულები დაუწერონ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ე.წ. ნაბიჯების თანმიმდევრობას ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ელემენტის, რიგით მეექვსეს შესრულებისას, პანელმა ქართული წყვილის გამოსვლიდან, „გადასახედად" შემოიტოვა, თუმცა, ისევე, როგორც კიდევ ერთი, მე-9, ბოლო ელემენტი, რაც საბოლოოდ, ჩვენების ქულებშიც აისახა. კაზაკოვა - რევიას წყვილმა ტექკნიკური ელემენტებისთვის 52.21, კომპონენტებისთვის 45.04 , საბოლოოდ ჯამში კი, 97.25 ქულა აიღო და თავისუფალ პროგრამაში მე-19 პოზიციას დასჯერდა.
![]() |
![]() |
ასეა თუ ისე, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მოახერხა ორივე დისციპლინაში გამოსვლა და დატოვა იმედი, რომ წყვილი, მომავალ ოლიმპიურ ციკლში, საკუთარ რესურს, რაც უდაოდ აქვთ, კიდევ უფრო მოუმატებს და მეტად გამოიყენებს. ახლა, მთავარი ჯანმრთელობა და ოპტიმალურ ფორმაში შესვლაა.
სპორტულ წყვილებში კი, საპრიზო სამეული ასე გადანაწილდა: ოლიმპიური ჩემპიონი ფრანგები - გაბრიელა პაპადაკისი და ჟილომ სიზერონი (226.98) გახდნენ. ვერცხლის მედალი რუსულ წყვილს, ვიქტორია სინიცინასა და ნიკიტა კაცალაპოვს (220.51) ერგოთ. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ამერიკელები - მედისონ ჰუბელი და ზაქარი დონოხიუ გახდნენ (218.02).
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე დარჩენილ 2 სახეობაში ქართული გუნდის წევრები კვლავ იასპარეზებენ. ხვალ თბილისის დროით 14:00 საათიდან, ქალთა ერთეულთა თანრიგში ანასტასია გუბანოვა დაიწყებს ასპარეზობას, მოკლე პროგრამით. 18 თებერვლიდან კი, პეკინის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტული წყვილებში, მოკლე პროგრამით, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა ჩაერთვებიან.



სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ












