ქუთაისის „ტორპედო“ 12-ნომრიან მაისურს აუქმებს
ქუთაისის „ტორპედო“ 12-ნომრიან მაისურს აუქმებს
14.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქუთაისის „ტორპედო" პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 12-ნომრიან მაისურს აუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.


„ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12 ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.


ტორპედო აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, ბევრჯერ დაეხმარა კლუბს, დასახული მიზნების მიღწევაში.


ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების" იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, ტორპედოს გვერდში დგას!


წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!" - აღნიშნულია „ტორპედოს" განცხადებაში,

შეგახსენებთ, რომ ქუთაისური გუნდი, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა, ახალი ინვესტორის მოსვლის შემდეგ, ახალ ენერგიას აგროვებს. შეკრებაზე კი, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე სხვა ქართული კლუბების მსგავსად, თურქეთში გადის. საწვრთნელ პროცესში, გუნდმა ოთხი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ერთში გაიმარჯვა, ერთი ფრედ ითამაშა, ორი შეხვედრა კი წააგო.


„ტორპედო" - „ალეკსანდრია" (უკრაინა) 1-1

„ტორპედო" -  „ოდენსე (დანია) 0-1

„ტორპედო" - „ნაპრედაკ კრუშევაცი" (სერბეთი) 4-1

„ტორპედოს" -„რუდარ პლევლია" (მონტენეგრო)   1-2


აქვე, შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის სასტარტო შეხვედრას, ქუთაისის „ტორპედო", თბილისში, „დინამო არენაზე", ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ, 25 თებერვალს გამართავს. კლუბის ხელმძღვანელობის საჩუქარიც, რომელიც „ტორპედომ" გულშემატკივარს გაუკეთა, მორიგი ქართული დერბის წინ, კლუბის გულშემატკივრისთვის უფრო მეტაც დაფასებული და წამახალისებელია.