
სოსო ჯაფარიძე, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ოლიმპიურ სოფელში, რომელშიც რამდენიმე დღის წინ, საბა ქუმარიტაშვილთან და ნინო წიკლაურთან ერთად ცხოვრობდა, ახლა მარტო არის და მისთვის, პირველი ოლიმპიადის ბოლო სტარტისთვის ემზადება.
„ჩემთვის, ეს ოლიმპიადა პირველი იყო და პირველ გამოსვლას, ყოველთვის თან ახლავს მღელვარება. თუმცა, შემართებით ვიყავი და სტიმულიც იყო ის, რომ პირველივე ოლიმპიადაზე ღირსეულად წარმედგინა საქართველო", - ამბობს სოსო ჯაფარიძე TSFF.Ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
სათხილამურო სპორტის ქართველმა გულშემატკივარმა იცის, რომ სოსომ, 13 თებერვალს მამაკაცთშ შორის გიგანტურ სლალომში იასპარეზა. თუმცა, მესამე შუალედირ მონაკვეთში, ჩვენი მოთხილამურე ასპარეზობას გამოეთიშა.
„ჩემთვის ყველა შეჯიბრზე არის ერთი სტრატეგია, რომ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და ყოველთვის ვიყო იმ მაქსიმუმის ზღვარზე. პირველი შუალედური ძალიან კარგად ვიარე და 26-ე დრო მქონდა. ჩემი ოცნება იყო, რომ მოვხვედრილიყავი პირველ ცდაზე 30-ეულში. ამიტომ, ჩემი სრიალის ტექნიკა და სტრატეგიაც, აგრესიულად სრიალია, რაც ხშირ შემთხვევაში, ჩემი წარმატების მიზეზია, მაგრამ ნინომ როგორც აღნიშნა, აქ არის მშრალი (აგრესიული) ხელოვნური თოვლი. ჩემი სტრატეგია, არასწორი იყო-თქო არ ვიტყვი, მაგრამ უფრო რისკი იყო, მოხვევის დროს, ძალიან სწრაფი რეაქცია მივიღე თხილამურისგან და ჯოხს გამოვდე ხელი, რამაც დამატრიალა და წავიქეცი", - ამბობს სოსო ჯაფარიძე და განაგრძობს, „ალბათ, სხვა სტრატეგია, რომ ამერჩია, ტრასას დავასრულებდი. ეს, ძალიან ადვილია ნებისმიერი მოთხილამურისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ იქნებოდა ჩემი მაქსიმუმი შედეგი. ისევ ვიტყვი, რომ ჩემთვის შეჯიბრებში და მითუმეტეს, ისეთი შეჯიბრები, სადაც ეჯიბრები მსოფლიოში საუკეთესო მოთხილამურეებს, მაქსიმუმი უნდა ჩადო" .

ჯაფარიძეს, ასპარეზობა, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუხდა. ამ დღეს, Ice River-ზე 88 სპორტსმენს შორის, რომლებმაც გიგანტურ სლალომში სტარტი აიღეს, ორი მცდელობის ჯამში, მხოლოდ 46-მა დაასრულა ტრასა, თოვლის, ნისლისა და საკმაოდ ცუდი ხილვადობის ფონზე.
„უამინდობა, რა თქმა უნდა ართულებს ყველაფერს. განსაკუთრებით, როცა ხილვადობა არ არის და ვერ ხედავ რელიეფს. რთულია, ნახო სწორი ტრაექტორია მოხვევისას, მაგრამ ეს, სირთულე როგორც ჩემთვის, ასევე სხვა სპორტსმენებისთვისაც იყო. ამიტომ, მზად უნდა იყო ნებისმიერ ამინდში სასრიალოდ. ჩემთვისაც, რა თქმა უნდა უამინდობა უცხო არ არის და დიდად, პრობლემა არ შეუქმნია", - ამბობს სოსო.
მომდევნო სტარტი სოსოს, ორ დღეში, 16 თებერვალს აქვს. ამჯერად, სლალომში. დასვენებისთვის, ძალების აღსადგენად და მობილიზებისთვის მას, საკმაოდ მცირე დრო აქვს. ბუნებრივია, „გალოს", პირველ ოლიმპიურ სტარტზე წარუმატებლობაც, სასწრაფოდ აქვს დასავიწყებელი, თუმცა, დასკვნების გამოტანა და ანალიზი, მას აუცილებლად მოუწევს.
„ძალაინ რთულია როდესაც 4 წელი ელოდები ამ დღეს და ისე არ ხდება, როგორც გინდოდა. ასევე, ძალიან სამწუხაროა, ის, რომ იმედები გავუცრუე ჩემს გულშემატკივრებს და საქართველოს, მაგრამ წინ, კიდევ ერთი დიდი დღე მელოდება, სლალომის შეჯიბრი. რაც შეილება ითქვას, რომ ჩემი ძლიერი დისციპლინაა. უბრალოდ, არ ვფიქრობ, იმ გასულ მარცხზე და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული 16-ისთვის. იმ გამოცდილებას, რაც გუშინდელი შეჯიბრისგან მივიღე, გამოვიყენებ ჩემს სასიკეთოდ", - ამბობს სოსო ჯაფარიძე, ქართველი სამთო-მოთხილამურე, რომლისთვისაც პეკინის ოლიმპიური თამაშები პირველია. ასე, რომ ჩვენი გვერდი, წარმატებას უსურვებს 25 წლის „გალოს", სწორედ, ამ სახელით იცნობენ სამთო-თხილამურების მოყვარულები საქართველოში და მისივე თქმით, მის „ძლიერ დისციპლინაში" წარმატებით გამოსვლას ვუსურვებთ. დანარჩენს შემდეგ გიამბობთ.





ჩვენ








