
პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მე-14 საასპარეზო დღეს, მედლებისთვის ბრძოლა ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ფიგურულმა მოციგურავეებმა დაიწყეს. საქართველოს გუნდის წევრი, 19 წლის ანასტასია გუბანოვა, რომელიც ე.წ. სენიორთა თანრიგში, მხოლოდ რამოდენიმე თვეა ასპარეზობს, შეჯიბრში დარეგისტრირებულ 30 მონაწილეს შორის, მე-9 ნომრით ასპარეზობდა და მოკლე პროგრამის შემდეგ, 19 კონკურენტი ჩამოიტოვა.
მოგეხსენებათ, ოლიმპიელები, მოკლე პროგრამაში, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით იყვნენ გადანაწილებულნი, შესაბამისად, ჩვენს წარმომადგენელს, ამ კომპონენტში ბევრმა გადაასწრო. თუმცა, ნასტიასთვის ეს, სულაც არ გამხდარა ბარიერი, ვინაიდან, ჩვენი გუნდის წევრმა, უხეშად, რომ ვთქვათ, 3 ჯგუფი მოიგო. რაც იმას ნიშნავს, რომ გუბანოვას შედეგზე (34.43), რომელმაც მეცხრემ აიღო სტარტი და უკეთესი შედეგი აჩვენა, სწორება კიდევ 9 სპორტსმენმა გააკეთა, ვიდრე მას შუალედური პირველობა არ ჩამოართვეს. ეს კორეელმა კიმ იელიმ მოახერხა, ვიდრე რეიტინგის ლიდერები იასპარეზებდნენ.
![]() |
![]() |
თუმცა, ამის შემდეგაც, ნასტია გუბანოვამ, რეალურად ბოლო, რეიტინგულად ყველაზე ძლიერი ხუთელის გამოსვლამდე მოახერხა მე-5 პოზიციის შენარჩუნება და საბოლოოდ, მოკლე პროგრამა მე-10 ადგილზე დაასრულა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს წარმომადგენელს, თავისუფალი პროგრამის შესრულებისას, ბოლოს წინა ჯგუფში მოუწევს ყინულზე გასვლა და შესაბამისად, მის წინ მოასპარეზე 15 სპორტსმენის შედეგი უკვე ეცოდინება. თავისუფალ პროგრამაში, საერთო ჯამში, 25 გოგონა გამოვა.

ისე, სხვათა შორის, დღეს კიდევ ერთხელ დავწრმუნდი, რომ ფიგურლი ციგურაობა, საკმაოდ ჩაკეტილი და კონსერვატორული სპორტია, რომელიც ახალს, რთულად უშვებს ელიტაში. შესაბამისად, ანასტასია გუბანოვას, იქ შეღწევა ნაბიჯ-ნაბიჯ მოუწევს, თუმცა, 19 წლის გუბანოვა, საკმაოდ მიზანსწრაფული ჩანს, ასე, რომ მომდევნო სტარტებზე, მან ნელ-ნელა, ტექნიკურ ბრიგადის სიმპათიებიც უნდა მოიპოვოს, რაც სპორტის ამ სახეობაში, საკმაოდ ბევრ ნიუანს წყვეტს.

ბარემ, აქვე გეტყვით, რომ გუბანოვამ, ევროპელებიდან წინ მხოლოდ 3 რუსი და ერთი ბელგიელი გადაუშვა. მოკლე პროგრამის შემდეგ კი, პირველ ათეულში 3 რუსი, 2 იაპონელი, 2 კორეელი, 1 ბელგიელი და 1 ამერიკელი მოციგურავეები შევდინენ. კიდევ ერთი ამერიკელი, ანასტასიას „ზურგში სუნთქვს", მე-11 ადგილზე. საქართველოს წარმომადგენელმა მოკლე პროგრამაში 65.40 ქულა დააგროვა (ტექკნიკური ელემენტებისთვის 34.43, კომპონენტებისთვის 30.97), რაც თავის საუკეთესო შედეგზე 69.50 ქულაზე ოდნავ ნაკლებია, თუმცა, ოლიმპიურ თამაშებზე, მსაჯებიც ცოტა უფრო მკაცრები არიან.

მოკლე პროგრამის სრული სტატისტიკური ოქმი
![]() |
![]() |
ევგენი რუკოვიცონის შეგირდმა, მოკლე პროგრამა 75 წლის ლეგენდარული ფრანგი მომღერლის მირეი მატიეს ცნობილი ჰიტის Une vie d'amour თანხლებით შეასრულა. გუბანოვას შვიდ სავალდებულო ელემენტიდან ((1)კომბინაცია სამმაგი ფლიპი + სამმაგი ტულუპი, (2)ორმაგი აქსელი, (3)ნახტომ-ტრიალი მერცხალში, (4)სამმაგი ლუცსი, (5) კომბინირებული ტრიალი, (6)ნაბიჯების თანამიმდევრობა, (7)გადახრილი ტრიალი), ტექნიკურმა პანელმა, სამი - 1, 4, 6 გადახედვაზე გადაუშვა, თავდაპირველად, 37.40 ქულა კი დაუფიქსირა ჩვენიანს, თუმცა, შემდეგ, როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, 34.40 ქულა დაუტოვა. ასეა თუ ისე, 30 სპორტსმენს შორის საქართველოს წარმომადგენელმა წინ მხოლოდ 9 სპორტსმენი გადაუშვა და ახლა, 17 თებერვალს, თავისუფალ პროგრამაში მოუწევს მინიმუმ შედეგის გამეორება.

მედლებისთვის ბრძოლა კი, დიდი ალბათობით, რუსეთისა და იაპონიის მოციგურავეებს შორის წარიმართება. პეკინის ოლიმპიური ოქროს მთავარი პრეტენდენტი კი, დოპინგ-სკანდალში გახვეული კამილა ვალიევაა, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ემოციები მოეთოკა და ღირსეულად ეასპარეზა. თუმცა, თუ არ ჩავთვლით, მოკლე პროგრამის დასაწყიში მცირე ხარვეზს, ვალიევამ ეს, მოახერხა და მოკლე პროგრამა მოიგო. ბუნებრივია, მის ირგვლივ აგორებული გარემოებები და მათი საპირისპირო მხარდაჭერა, რომელიც Capital Indoor Stadium-ზე მისულმა ქომაგებმა გამოხატეს კამილას მიმართ, რთულ ვითარებაში მყოფ 15 წლის სპორტსმენს თავდაჯერებას შემატებს. თუმცა, უკვე ფაქტია, რომ კამილამ პირველი დიდი ცხოვრებისეული გამოცდა, დღეს ჩააბარა და დაამტკიცა, რომ დღეს, ამ პლანეტაზე საუკეთესოა.
სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ












