
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ბაკურიანი თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ორ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
საქართველოს სამთო კურორტი, 19-20 თებერვალს პარალელური გიგანტური სლალომში ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს, 3-6 მარტს კი, სლოუფსთაილში, მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი სლოუფსთაიში, ბაკურიანში პირველად გაიმართება.
"საშეჯიბრო ტრასას რაც შეეხება, ძალიან კარგად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დაგეგმილ განრიგზე წინ ვართ. ყველაფერი ძალიან მარტივად მიდის, ბევრი ადამიანია ჩართული სამუშაო პროცესში და ყველამ იცის თავისი საქმე. შესაბამისად, მათთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. 2020 წელს პირველად ვიყავი ევროპის თასზე გუდაურში, მას შემდეგ საქართველომ დიდი გამოცდილება მიიღო. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და "ემ თი ეიმ" ( მთის ტრასების სააგენტო) კარგად იმუშავეს, როგორც საორგანიზაციო ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ვფიქრობ, რომ 2023 წელს, საქართველო კარგად გაართმევს თავს მსოფლიო ჩემპიონატს",- განმარტავს რონალდ ჰორნი, ევროპის თასების კოორდინატორი, რომელიც ბაკურიანში დადგეგმილ წლევანდელ შეჯიბრებებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება და საორგანიზაციო პროცესებშიც მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიო თასის ეტაპზე კი, შეჯიბრების დირექტორები რობერტო მორესი და რიჩი დატე იქნებიან. სწორედ, ისინი აკონტროლებენ, საშეჯიბრო ტრასის დიზაინისა და მშენებლობის პროცესსაც, რომელსაც კომპანია „შნეშტერნი" აწარმოებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეჯიბრებები ჩვენი ქვეყნისთვის სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება.
შეჯიბრებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეის"-სა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი, კომპანია „სილქნეტია".
ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. საერთო ჯამში, ქართულ კურორტს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის (ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ), 200-მდე სპორტსმენი ეწვევა, მათ შორის პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი PGS-ში ბენჟამინ კარლიც.


საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








