
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, დღეს, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად პირველი ნაბიჯი გადადგა. საკვალიფიკაციო ჯგუფში, რომელშიც ჩვენი ნაკრები ასპარეზობს, ქართველებმა, ბელარუსის ნაკრების დამარცხება 25-5 მოახერხეს და მხოლოდ, ერთით ნაკლები გაშვებული გოლის წყალობით, გადაასწრეს სლოვაკეთის ნაკრებს, რომლებმაც დღეს, ანგარიშით 25-6, პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს.
შეხვედრა დეიან სტანოიევიჩის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მთელი მატჩის მანძილზე, ერთი სცენარით წარიმართა. უკვე პირველი პერიოდის შემდეგ, ჩვენები 6 ბურთის სხვაობით იგებდნენ. ანგარიში (06:27) მარკო ელაჩამ გახსნა, მის გარდა, გოლები სარიჩმა და ნიკა შუშიაშვილმაც გაიტანეს, აი ბორის ვაპენსკი, და ფაბიო ბარალდიმ კი 2-2 გოლი გაიტანეს. მონაკვეთი 7-1 მოვიგეთ, ამასთან კიდევ რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

სტაბილურად 7 გოლი გავიტანეთ მეორე მეოთხედშიც. ამჯერად თავი ელაჩამ, ანდრია ბითაძემ, დუშან ვასიჩმა, ნიკა შუშიაშვილმა (2), იოვან სარიჩმა და გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანეს. პირველი პერიოდის მსგავსად, ეს მონაკვეთიც 7-1 მოვიგეთ. აი, მეორე ტაიმიდან კი, სტანოიევიჩმა, როგორც ჩანს, ძალების შემონახვა და გადანაწილება გადაწყვიტა. შესაბამისად, ნაკრების პირველი მეკარე, ირაკლი რაზმაძე დაასვენა და მის ნაცვლად, ნიკოლოზ შუბლაძე ჩაუშვა წყალში. ეს მონაკვეთი 5-1 მოვიგეთ. პერიოდის ბოლოს მარკო ელაჩამ მორიგი გოლი გაიტანა. თუმცა, მანამდე, თითო გოლი შემატევს პირად (რა თქმა უნდა გუნდურსაც) აქტივს იოვან სარიჩმა და ნიკა შუშიაშვილმა. ვალიკო დადვანმა კი, გოლების ათვლა დაიწყო.
ვაპენსკი (2), ბუთაძე, მაგრაქველიძე, შუშიაშვილი (2) - ეს კი, ბოლო პერიდოის მონაგარია, რომელიც 6-2 მოვიგეთ.
ალბათ, დღევანდელ შეხვედრაში, აღსანიშნავია ნიკა შუშიაშვილის თამაში, რომელმაც 6 გოლი, მათ შრის ორი პენალტი გაიტანა.

სატურნირო მდგომარეობა
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 20 თებერვლის ჩათვლით, თბილისის „ოლიმპიკი", წყალბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს მასპინძლობს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს, ბელარუსის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებები იბრძვიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან 2 გუნდი გადის. წარმატების შემთხვევაში კი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. თუმცა, ჯგუფის მოგებას, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ჩვენები უკეთეს კალათში მოხვდებიან.

B ჯგუფის მატჩების სრული განრიგი
19.02.2022
17:00 ბელარუსი-სლოვაკეთი
19:00 საქართველო-პოლონეთი
20.02.2022
10:00 პოლონეთი-ბელარუსი
12:00 საქართველო-სლოვაკეთი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევრო2022 საკვალიფიკაციო ეტაპზე:
ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე / ხვიჩა ჯახაია, ვალიკო დადვანი, ბექა ქავთარაძე,მარკო ელაჩა, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ნიკა შუშიაშვილი, ბორის ვაპენსკი, დუშან ვასიჩი, იოვან სარიჩი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, ფაბიო ბარალდი
მთავარი მწვრთნელი - დეიან სტანოევიჩი
მწვრთნელები- ზუკა რურუა, გელა ტუკვაძე





ჩვენ








