მოკლე პროგრამის შემდეგ, მეცხრე და ევროპის მასშტაბით მეოთხე
მოკლე პროგრამის შემდეგ, მეცხრე და ევროპის მასშტაბით მეოთხე
18.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„იბრძოლეს. პირველი ნომრით გამოსვლა ძალიან უხერხული იყო ჩვენთვის და რა თქმა უნდა, ეს ქულებზეც აისახა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნამდვილად კარგი შედეგია", - ამბობს, Capital Indoor Stadium-ზე დასრულებული მორიგი საასპაერეზო დღის შემდეგ, მარიამ გიორგიობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული გუნდის გვერდით დგას.




პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების მეთოთხმეტე საშეჯიბრო დღეს საქმეში  საქართველოს ოლიმპიური გუნდის ბოლო წარმომადგენლები ჩაერთნენ. 17 წლის კარინა საფინა და 19 წლის ლუკა ბერულავა კი, პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების თამაშების ბოლო შეჯიბრში, 19 სპორტსმენს შორის პირველები უნდა გამოსულიყვნენ. მომდევნო ეტაპზე, თავისუფალ პროგრამაში კი, მხოლოდ 16 წყვილი სპორტული წყვილი გადადიოდა.


ერთი, რომ საქართველოს წარმომადგენელი წყვილი ე.წ. სინიორთა შორის მხოლოდ მეორე ტურნირზე ასპარეზობდა (ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც მათ მე-4 ადგილი დაიკავეს), მათ მიმართ ინტერესს ზრდიდა. ამასთან, ასე თუ ისე, მსაჯებისთვის უცხო წყვილს, ისე უნდა ეცეკვა, რომ თავი კარგადაც გაეცნო და თან დაემახსოვრებინა. ჩვენი პირადი მოსაზრებით, სპორტის ამ კონსერვატორულ სახეობაში, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძლიერთა შორის ადგილი დამკვიდრება საკმაოდ გრძელი იქნება, თუმცა, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართევლოს გუნდის წევრების და მათ შორის, საფინა-ბერულავას წყვილის შემართება, ამის კარგ წინაპირობას იძლევა.




მოკლე პროგრამის სავალდებული 7 ელემენტიდან (სამმაგი ტვისტი, სამმაგი ტულუპი, სამმაგი  რიტბერგერი, სპირალი, ნაბიჯების თანმიმდევრობა, აწევა, პარალელური ტრიალი - სწორედ ამ თანმიმდევრობით შესრულდა ილეთები), ტექნიკურმა პანელმა ორი (1 და 4) გაუშვა გადახედვაზე. საფინა-ბერულავას წყვილის შეფასებამ რამდენიმე ასეულით, სატურნირო ცხრილში, მოკლე პროგრამის შემდეგ, მათ წინ გასულ იაპონური წყვილის შედეგასც აჯობა თუმცა, ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა, კომპონენტებში მიღებული უკეთესი შეფასების ხარჯზე, ერთით ზედა პოზიცია დაიკავეს. ჩვენებმა კი, ტექკნიკური ელემენტებისთვის 36.74, კომპონენტებისთვის  29.37, ჯამში კი, 66.11 ქულა მიიღეს.



დამაჯერებლად შესრულებული პროგრამა,  ჰევი მეტალის ბრაზილიური ბენდი Viper-ის  Moonlight -ზე (ორგინალი ლუდვიგ ვან ბეთხოვენი მთვარის სონატა) საკმაოდ ემოციურად იცეკვეს და მიუხედავად იმისა, რომ ყინულზე პირველ ნომრად გამოვიდნენ, მოახერხეს, მოკლე პროგრამის დასრულებამდე, ლიდერი ადგილი შეენარჩუნებინათ. საბოლოოდ კი, საკმაოდ ღირსეულად, მე-9 პოზიციაზე გავიდნენ და წინ, მხოლოდ ჩინელ, რუს, ამერიკელსა  და  იაპონელ  სპორტულ  წყვილები გადაატარეს. ამასთან,  კარინასა და ლუკას წყვილმა, ევროპის მასშტაბით, უკვე მეორე შეჯიბრზე მეოთხე შედეგი დააფიქსირა და კიდევ განვმეორდებით, მათ მხოლოდ, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წყვილებმა გადაასწრეს.




აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გამოსვლა, სპორტულ  წყვილებში   საქართველოს  ფიგურული ციგურაობის  ისტორიაში, საუკეთესო  შედეგია.  ახლა, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი, თავისუფალ პროგარამაში, შეეცდება მორიგი ფურცლის დაწერას. ასპარეზობა, რამდენიმე საათში, 19 თებერვალს გაიმართება.


მოკლე პროგრამის შემდეგ, კი სპორტულ წყვილებში, ჩინელები 26 წლის სიუ ვეინინგი და 29 წლის ჩონგ ჰანი ლიდერობენ. მომდევნო სამ ადგილზე კი, რუსების ჰეგემონიაა.




 






სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი